რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ lenta.ru იუწყება.
ოპერაციის დაწყების შესახებ პუტინმა ტელემიმართვაში განაცხადა. „ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“ - განაცხადა მან.
პუტინმა ასევე „გარე ძალებს“ მიმართა, რომლებსაც რუსეთისთვის საფრთხის შექმნა შეუძლიათ და აღნიშნა, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს.
სააგენტო „უნიანის“ ცნობით უკრაინის ქალაქებში, მათ შორის კრამატორსკში, ოდესაში, ხარკოვსა და კიევში აფეთქებების ხმა ისმის. რაც შეეხება დონბასს, იქ ფრონტის მთელ ხაზზე ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.
ამავე სააგენტოს ცნობით, პუტინმა უკრაინელ სამხედროებსაც მიმართა, მათ იარაღის დაყრისკენ მოუწოდა და სახლში დაბრუნება ურჩია.