Digest Logo

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს

1637354345
სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს. 

ექსპრეზიდენტის მდგომარეობა 18 ნოემბერს დამძიმდა. მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მწვავედ შეაფასეს. მას შემდეგ რაც, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს მე-18 დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.

რაც შეეხება სხვა მოშიმშილეებს, ამ ეტაპზე უცნობია პარლამენტის 9 ოპოზიციონერი დეპუტატის პოზიცია შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამასთან, საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ შიმშილობას მას შემდეგ შეწყვეტს, რაც საკუთარი თვალით ნახავს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის პროცესს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.