„მთავარმა არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ასევე, მსჯავრდებულისა და რამდენიმე საქმეში ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ თავის საავტორო გადაცემაში განაცხადა, რომ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში წერია „ადამიანის კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველსაყოფად და ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მივედით დასკვნამდე, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცნობილ იქნეს დაზარალებულად აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში“.
როგორც „აიპრესს“ უკრაინელმა ადვოკატმა ნატალია ბასარაბმა განუცხადა: „ნებისმიერი პირი, რომელიც მიმართავს უკრაინის პროკურატურას, ავტომატურად ხდება დაზარალებული პირი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიმართავს – ფიზიკური თუ იურიდიული პირი. ასეთია ჩვენი უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. თუ პირი თვლის, რომ მის მიმართ ჩადენილია სამართლებერივი უფლებების დარღვევა და ამის შესახებ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, განმცხადებელი ითვლება დაზარალებულ პირად. ეს ნებისმიერი უკრაინის მოქალაქის უფლებაა. ანუ, „დაზარალებულია პირი მის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადების შეტანიდან ან განცხადების წარმოებაში დაზარალებულად ჩართვის შესახებ (უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლი). შესაბამისად, ეს ვადა ავტომატურია ასეთი განცხადების წარდგენის მომენტიდან და არ საჭიროებს პირის დაზარალებულად ცნობის სპეციალურ საპროცესო დოკუმენტს. განცხადების შეტანის მომენტიდან ასეთ პირს აქვს დაზარალებულის უფლებები და მოვალეობები. ამ ეტაპზე, ეს არის „ფაქტობრივი“ წარმოება“.