Digest Logo

არის თუ არა საშიში ვაქცინა? - პროფესორი ივანე ჩხაიძე (ვიდეო)

1601288190
პროფესორი - 2020 წ

გადაცემა „პოსტ ალიონში“ ​პროფესორი ივანე ჩხაიძე ბავშვებისთვის გრიპის ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრიპი პატარების ჯანმრთელობისთვის გაცილებით სახიფათოა, ვიდრე კორონავირუსი.

„კორონავირუსი გრიპისგან იმით განსხვავდება, რომ მისი ლეტალობის მაჩვენებელი გაცილებით მეტია. პედიატრებისთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ გრიპი და კორონავირუსი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგოა ბავშვებთან მიმართებაში. თუ ბავშვებისთვის კორონავირუსი მართლა ნაკლებად საშიშია, როგორც გავრცელების სიხშირით, ისე ლეტალობის მიხედვით, გრიპი სრულიად საწინააღმდეგოა. ის უფრო ხშირია ბავშვებში. ასევე ბევრია გართულებით მიმდინარე შემთხვევები: ფილტვების ანთება, საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა. შესაბამისად, როდესაც ვიწყებთ მზადებას სეზონური მატებისთვის, საქართველოში ეს სეზონი იწყება ნოემბრიდან, ოთხი თვე არის მაღალი მაჩვენებელი. ბავშვები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ჩვენ უკვე წლებია ვითვალისწინებთ, რაც გულისხმობს რისკ-ჯგუფების გამოყოფას და ვაქცინაციას. პირველი რისკ ჯგუფი არის ექვსი თვიდან თვრამეტ წლამდე ასაკის ბავშვები. ეს რეკომენდაცია ყოველ წელს ახლდება. კორონავირუსის გამო ვამბობთ, რომ ეს ვაქცინა ოქტომბერშივე უნდა გაიკეთოთ, რომ მოემზადოთ სეზონისთვის. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა გრიპის თავიდან აცილების. კორონავირუსის ვაქცინასაც, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე მსოფლიო მიიღებს. გრიპის ვაქცინა აპრობირებულია და დიდი ხნის განმავლობაში არის მოხმარებაში. 1944 წლიდან იყენებენ გრიპის ვაქცინას. ჩემი რჩევაა ყველა მშობლისთვის, რომ თუ შვილი გყავთ ექვსი თვიდან თვრამეტ წლამდე ასაკის აუცილებალად ჩაუტარეთ ვაქცინაცია.“

პროფესორ ივანე ჩხაიძის თქმით, ექვსი თვის ასაკიდან ბავშვებს გარესამყაროსთან მეტი კონტაქტი აქვთ, რის გამოც მათი ვაქცინაცია აუცილებელია.

„ექვს თვემდე კონტაქტები მინიმალურია. ექვსი თვის შემდეგ ბავშვი უფრო მეტად გაჰყავთ გარეთ, უფრო მეტად არის საზოგადოებაში. ეს ასაკობრივი ჯგუფი, განსაკუთრებით ბაღის ფაქტორიდან გამომდინარე, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს ვაქცინა არ არის ერთჯერადი. ამ ვაქცინას ყოველ წელს ვცვლით, მისი შემადგენლობა იცვლება. მხოლოდ ექვსი-შვიდი თვე მუშაობს ეს ვაქცინა. წელს თუ გაიკეთებთ, გაისადაც დაგჭირდებათ.“

ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინა ჯანრმთელობისთვის საფრთხეს არ შეიცავს:

„საშიში არის თუ არა ვაქცინა? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენ დედებს სულ ვაფრთხილებთ, რომ ყველა ვაქცინას თავისი გვერდითი ეფექტი და უკუჩვენება აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ვაქცინა არის მკვდარი ვირუსის ბაზაზე შექმნილი, მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა. არცერთი კლინიკური ნიშანი ამ ვაქცინის გაკეთების შემდეგ არ შეიძლება გამოვლინდეს. ეს ვაქცინა უბრალოდ ხელს უწყობს ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავებას. მისი ერთადერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს ვაქცინაციის ადგილზე შეწითლება, მტკივნეულობა. არანაირი სისტემური გვერდითი მოვლენა ამ ვაქცინას არ აქვს. წელს ვაქცინის გაკეთების რეკომენდაცია არის მკაფიო და მკაცრი.“