Digest Logo

3 ნამდვილი საშინელებათა ისტორია - ეს ამბები თქვენს ქვეცნობიერს შოკში ჩააგდებს

1605185053
საშიში ამბავი

საშიში ისტორიების მოყოლა მარტო ზაფხულის ცხელ ღამეებს როდი უხდება. ხშირად მეგობრების წრეში მოყოლილი ამბები, ქვეცნობიერში ილექება და ღამის მშვიდ ძილს გვირღვევს.

თუმცა, ამ ამბებს არსეობის უფლება აქვთ და ბევრი მათგანი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.

„დაიჯესტი“ გიამბობთ 3 საშიშ ისტორიას, რომელიც თქვენს ქვეცნობიერზე აუცილებლად იმოქმედებს.

⚪ ლიფტის ისტორია

ერთი ბიჭი პატარა ქალაქში ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც მამამისმა ახალ სამსახურში დაიწყო მუშაობა, მთელ ოჯახს დიდ ქალაქში მოუწია გადასვლა. მათი ბინა 25-სართულიან შენობაში, ბოლო სართულზე იყო.

საღამოს, სკოლიდან დაბრუნებული ბიჭი, რა თქმა უნდა, ფეხით არ ადიოდა. ძველი ლიფტით სარგებლობდა.

რამდენიმე დღე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მერე ბიჭს ლიფტში ყოფნისას უცნაური გრძნობა დაეუფლა. გრძნობდა, რომ ვიღაც უთვალთვალებდა და უცნაური ხმაც ესმოდა, თუმცა, ვერ ხვდებოდა რისი ხმა იყო.

მიუხედავად ამისა, ლიფტით სარგებლობაზე უარი არ უთქვამს.

ხალხი ამბობდა, შიგნით მოჩვენება არისო. ზოგიერთ მათგანს ლიფტიდან ყვირილისა და კაკუნის ხმაც ესმოდა. აქ მცხოვრები ბავშვები ლიფტით არ სარგებლობდნენ. რამდენიმე თვის წინ ერთი ბავშვი ლიფტში შევიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

ამ ისტორიების გაგების შემდეგ ბიჭი, ლიფტით მხოლოდ მშობლებთან ერთად სარგებლობდა.

ერთხელ ფიზკულტურის გაკვეთილი გაუგრძელდა. უკვე ბნელოდა და ბიჭმა ნაბიჯს აუჩქარა. ძალიან დაღლილი იყო და როდესაც ლიფტთან მდგარი დედა დაინახა, გაუხარდა, რადგან ფეხით არ მოუწევდა ასვლა.

ლიფტის კარი გაიღო და შევიდნენ. უეცრად შუქი ჩაქრა, ბიჭი სიბნელეში ვერაფერს ხედავდა, ლიფტი კი ზევით მიდიოდა. გაისმა სიცილის ხმა. სიცილი ძლიერდებოდა და შეშინებულმა ბიჭმა დედას ჰკითხა:

- დედა გესმის?

სიცილი კიდევ უფრო გაძლიერდა.

რამდენიმე წუთში, სიჩუმემ დაისადგურა. უცნობი, გაურკვეველი არსება გაჩუმდა. ბიჭს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, როდესაც ვიღაცამ ჰკითხა:

- შენ რა მართლა დაიჯერე, რომ მე დედაშენი ვარ?

⚪ ჰელოუინის ღამე

ეს ამბავი 2002 წელს, ჰელოუინის ღამეს მოხდა. ოთხი გოგო ქუჩაში სეირნობდა. ერთ-ერთ ეკლესიასთან კლოუნის კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი დაინახეს, რომელიც მათთან მივიდა და უთხრა:

- ძაღლი დამეკარგა. ძაღლი ხომ არ დაგინახავთ?

გოგოებმა უთხრეს, რომ არ იცოდნენ, სად იყო მისი ძაღლი. კლოუნმა დახმარება ითხოვა, რაზეც გოგოები დათანხმდნენ.

ისინი ეკლესიაში შევიდნენ. კლოუნმა კარი დაკეტა და მაშინ მიხვდნენ გოგოები, რომ საქმე ცუდად იყო. გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. მანიაკმა გოგონები დააბა, აწამა და მოკლა.

იმ ღამეს ბევრმა დაინახა კლოუნის სისხლიან კოსტიუმში გამოწყობილი ადამიანი, მაგრამ ჰელოუინი იყო და მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

დილით, როდესაც მღვდელი ეკლესიაში მივიდა ნახა, რომ გოგონების მოჭრილი თავები თოკებზე ეკიდა და სისხლი წვეთებად გადმოდიოდა.

პოლიციამ ეკლესიის უკან მდებარე სასაფლაოზე გოგოების სხეული იპოვა.

⚪ ჯენის ისტორია

7 წლის ჯენის ჰყავდა კატა, სახელად მიკი, რომელიც ძალიან უყვარდა, მასთან ერთად იძინებდა, თამაშობდა, აჭმევდა და ასეირნებდა.

ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა, კატა მანქანამ გაიტანა. ჯენი ძალზე დასევდიანდა. მშობლებიც წუხდნენ ამის გამო და გადაწყვიტეს ახალი კატა ეჩუქებინათ. თუმცა, როცა მშობლები ახალი კატის საყიდლად მიდიოდნენ, ჯენიმ თქვა, რომ მისი მიკი დაბრუნდა.

ძალიან ბედნიერი იყო. ძველებურად თამაშობდა მიკისთან. საჭმელსაც აჭმევდა. რაც ყველაზე უფრო მეტად აწუხებდათ მშობლებს ის იყო, რომ კატის საჭმელი და რძე მართლაც ქრებოდა.

მშობლები შიშობდნენ, რომ მიკის დაკარგვამ ჯენიზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ამის გამო გოგონა თვითონ იღებდა კატის საჭმელს და ცდილობდა მშობლებიც დაერწმუნებინა, რომ ის მართლაც დაბრუნდა.

ჯენი უჩინარ კატას ისევე ეფერებოდა როგორც კატის სიკვდილამდე.

ამ ამბით შეშფოთებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფსიქოლოგისთვის მიემართათ. ბავშვთა ფსიქოლოგს ჯენი უნდა დაერწმუნებინა, რომ მიკი მართლაც აღარ არსებობდა, ამის ერთადერთი საშუალება კი იყო ფოტო გადაეღო ჯენისა და მისი წარმოსახვითი კატისთვის და შემდეგ ჯენისთვის ეჩვენებინა ფოტო, რომელზეც მის გარდა არავინ და არაფერი იქნებოდა გამოსახული.

ფსიქოლოგმა მალევე დაითანხმა ჯენი ამ წინადადებაზე და მანაც სიხარულით გადაიღო ფოტო მიკისთან.
მეორე დღეს სახეშეშლილი ფსიქოლოგი ესტუმრა ჯენის მშობლებს და მისცა ფოტო, სადაც ჯენი კატასთან ერთად იყო გამოსახული.


⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

გარყვნილი ქართველი მეფეები - ისტორიები, რასაც სკოლაში არ გასწავლიან

ჯოჯოხეთური ბავშთა სახლი - დაკარგული, გაუპატიურებული და განარკომანებული პატარები