17 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესია წმიდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი ჰყვება თუ რა ხალხური რიტუალებითაა დახუნძლული ეს დღე.
მისი თქმით, ლობიანის გამოცხობა, მეკვლეობის ტრადიცია და ე.წ. ბედის რიტუალი, ამ დღეს მუდმივად თან ახლდა.
„იმ ტრადიციების ნაწილი, რომლებსაც ჩვენი წინაპრები ასრულებდნენ, დღესაც შემორჩენილია, მაგალითად: მეკვლე, სადღესასწაულო პურები, რომელსაც ლობიოს ან ნიგვზის გული აქვს და სხვა.
თუმცა, წლების განმავლობაში, გარდა უძველესი წეს-ჩვეულებებისა, რომლებსაც უკვე მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ, ბარბარობასთან დაკავშირებით სხვა რიტუალებიც ჩამოყალიბდა, მაგალითად, ცოცხის რიტუალი, რომელიც ბედს უკავშირდება.
წესის მიხედვით, მამაკაცი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაქორწინებული, იძენს ცოცხს, ხალხმრავალ ადგილას იბარებს გაუთხოვარ ქალბატონს და, მისთვის მოულოდნელად, ცოცხს საჯდომზე ურტყამს ქალს, მნიშვნელოვანია, რომ ეს სხვებმაც დაინახონ, ქალმა კი შეხვედრამდე მამაკაცის განზრახვის შესახებ არ უნდა იცოდეს. თუ სხვათა გამოცდილებას დავუჯერებთ, ეს მეთოდი ყოველთვის ამართლებს – გაუთხოვარი ქალბატონები იმ წლის განმავლობაში ოჯახს აუცილებლად შექმნიან“, - ამბობს როზეტა გუჯეჯიანი „თბილისელებთან“ საუბრისას.