ბიჭი, რომელსაც ყოველ წითელ პარასკევს სხეულიდან სისხლი სდის - საზოგადოებამ თორნიკე ჯგერნაია ასე გაიცნო. პირველი სტიგმებიდან წლები გავიდა. დღეს ის სხვა ამპლუაში გვევლინება. შემოქმედი ახლა უკვე წამყვანის როლს ირგებს და ბოლო რამდენიმე კვირაა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერიდან „X ფაილებს“ გვაცნობს.
საკუთარი რუბრიკის შექნამდე თორნიკემ რთული, წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვა და აქვს ამბიცია, რომ ეს კიდევ უფრო მეტის თქმისა და გაკეთების უფლებას აძლევს.
საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ თორნიკე ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა. ამ და სხვა თემებზე ის „დაიჯესტს“ გულახდილად ესაუბრა:
ფრაზა „დაავადება დავამარცხე“, შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ თუკი ეს ფორმულაა და ამას ჰქვია დამარცხება, მაშინ ასეა. თუმცა მგონია, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა ყოველდღე ღირს. რეალურად კი, დიაგნოზი 6 თვეში ერთხელ მოწმდება. ამ დროს ფაქტობრივად, ისევ იგივეს თავიდან გავდივარ, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევი და ეს შენი ცხოვრების წესი ხდება.
ძალიან გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში მიწევს გამოკვლევა. სანამ პასუხები იქნება, ეს დღეები ისე იწელება, მანგრევს და ხელახლა ვშენდები, მაგრამ მთელი „მუღამიც“ ესაა.
ზოგადად, ყველა დაავადება პატრონის განწყობას ემსგავსება. ცხადია, მარტო განწყობა არ შველის, თუმცა, დიდ როლს თამაშობს დამოკიდებულება.
- დიაგნოზის გაგების შემდეგ, 241 დღე მდუმარებაში იყავით. რას განიცდის ადამიანი ასეთ დროს და რა იყო მიზანი?
მე არ დამიდია კლასიკურად ფიცი, ეს არ ყოფილა რაღაც გარეგნული ფაქტორის გამო. შინაგანად გამიჩნდა შეკითხვა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავრ ფიგურასთან - ღმერთთან.
ბავშვობიდან წინააღმდეგობებსა და ბრძოლებში ვარ და ერთადერთი ვის მიმართაც სამართალზე შეკითხვა არ გამჩენია, ეს იყო ღმერთი. მე არ მიჩნდება შეკითხვები პოლიტიკოსების მიმართ, რადგან თავიდანვე არ ვენდობი მათ, არც სასულიერო პირები არიან ავტორიტეტები, მაგრამ მაშინ თითქოს ჩემი რწმენა იდო სასწორზე და პასუხები მჭირდებოდა.
რატომ ეს ყველაფერი ? - ეს იყო ჩემი შეკითხვა. ეს იყო პროტესტით გაჩუმება და მინიშნება, რომ პასუხი მინდოდა ამ ყველაფერზე, რადგან მე სათქმელი არაფერი არ დამრჩა. პარალელურად, ამას ჩემი ავადმყოფობის ყველაზე რთული ეტაპი ერთვოდა თან. როგორი იყო მდუმარება? მე ამითი არ გავტანჯულვარ.
პასუხებს ეტაპობრივად ვიღებდი და შემოქმედებაში მატერიალური სახით ვაცოცხლებდი. როცა საბოლოო პასუხი მივიღე, ყველა ის სირთულე, რაც ამ პერიოდს ახლდა, ერთბაშად დამავიწყდა და სიმშვიდე მოვიპოვე.
პირველი ნახატი, რომელიც ამ მდუმარებაში შევქმენი, ცალ თვალზე ხელაფარებული ქრისტეა. ეს ნახატი მხოლოდ ჩემს დიაგნოზს არ ეხება.
მე რაც გასული წლის ივნისის აქციების ღამეს ვნახე, მგონია, რომ ქრისტე ცალ თვალზე, მის კეთილ თვალზე ხელს აიფარებდა.
დუმილის დასრულების დღეს გავაკეთე პერფომანსი. ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პერფომანსია, რაც საქართველოში ჩატარებულა. ასე შეაფასეს კრიტიკოსებმაც.
პერფომანსი იყო ასეთი: თეთრ ოთახში დგას მინის შუშა, რომელშიც ვარ მე. ეს ინტერაქციული პროცესი იყო. მოდიოდნენ უცნობი ადამიანები, მიახლოვდებოდნენ და მხოლოდ ემოციით ვესაუბრებოდით ერთმანეთს - ზოგი ტიროდა, ზოგი იცინოდა...
მერე უცებ იდეა მომივიდა. მეგობარს ვთხოვე ზურგზე დაეწერა ფრაზა - როცა სიყვარული საკმარისი არ არის. პერფომანსის ბოლოს მაისური გავიხადე და წარწერა მაყურებელს ვაჩვენე.
მივხვდი, რომ არც ღმერთი არ არის შუაში, არც პოლიტიკოსები, არც სასულიერო პირები. პრობლემა არის ჩვენში, როცა სიყვარული საკმარისი არ არის. ყველაფერი ცუდი მაშინ ხდება, როცა სიყვარული არ გვყოფნის. სიყვარული ჩვენ ირგვლივაა, მას ვერც ლიდერი, ვერც მთავრობა ვერ წაგვართმევს. ამ შუშით მე ამის დემონსტრირებას ვაკეთებდი. ვაჩვენე, რომ ეს შუშა სინამდვილეში არსებობს. ეს იყო ბუტაფორია ჩვენი არასწორი დამოკიდებულებისა. თუ სიყვარული საკმარისი იქნება, ყველაფერი დალაგდება.
ბრძანება თვალში დამიზნების შესახებ ხომ არ არსებობს? ხომ შეეძლო ფეხში ესროლა? არ ვამბობ, რომ ფეხში უნდა ესროლად და ეს გამართლებული იქნებოდა, მაგრამ თვალში დამიზნებით სიყვარულის დანაკლისის გამოხატვას ვგულისხმობ.
X ფაილები
- მთავრ არხზე ყოველ კვირას გადაცემაში „შენი დილა“ მიმყავს რუბრიკა „X ფაილები“. X შეიძლებ იყოს ყველა და ყველაფერი. ვიღებ თემას, რომლის შესახებაც არცერთ სხვა წამყვანს წარმოდგენა არ აქვს.
ვსაუბრობთ ყველაფერზე, მათ შორის მისტიკაზე. უცნაურ ამბებს თუ განვიხილავ, ვეძებ მეცნიერულ ახსნებს, ექსპერიმენტებს და მაყურებელს ყველაზე ჯანსაღ ვერსიას ვაწვდი, მოგვყავს ექსპმერიმენტები, რაც თავის მხრივ, მტკიცებულებაა. ისე გამოდის, რომ ვთავაზობთ არჩევანს - დაიჯეროს ალტერნატიული ხედვის, ექსპერიმენტის თუ რაღაც აუხსნელის.
რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?
ჩემი საყვარელი გამოთქმაა, - არ იცურო დინების მიმართულები და არ იცურო დინების საწინააღმდეგოდ. იცურე იქ, სადაც შენთვისაა საჭირო, მთავარია გრძნობდე თავისუფლებას.