ზუსტად 23 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს მთელი მსოფლიო შეძრა აშშ-ის ქალაქებში მომხდარმა ტერაქტმა: ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ხელში ჩაიგდეს სამგზავრო თვითმფრინავები და ამერიკის სხვადასხვა შტატში ტერორისტული აქტების სერია განახორციელეს, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ტერორისტული აქტი აღიარებული იქნა როგორც ყველაზე მასშტაბურ ტერაქტად მსოფლიოში.
„მსოფლიო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო“ – 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ეს სიტყვები ყველასათვის კარგად ნაცნობი გახდა. ამ თარიღმა ამერიკის ისტორია ორ ნაწილად გაყო: 11 სექტემბრამდე და 11 სექტემბრის შემდეგ და დღეს მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ იხსენებს საზარელი ტერორისტული ოპერაციის ცალკეულ დეტალებს.
ტრაგედიას, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა, თბილისელი ბიჭი, საშა ლიგინიც შეეწირა.
ზუსტად 23 წლის წინ, 11 სექტემბრის ტერაქტს ემსხვერპლა საშა ლიგინი, რომელიც იმ დროს სავაჭრო ცენტრში, საკუთარ ოფისში იმყოფებოდა.
საშა ლიგინის ოჯახის ყველა წევრი მამა-პაპით თბილისელი გახლდათ. ისიც თბილისში დაიბადა – 1973 წლის 16 იანვარს. 2001 წლის დასაწყისში მან Microsoft-სა და Cantor Fitzgerald-ში მუშაობის მიწვევა მიიღო. არჩევანი Cantor Fitzgerald-ზე შეაჩერა და 2001 წლის თებერვალში ამ ფირმის პროგრამისტად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე თვეში კი ტერორისტების მსხვერპლი გახდა. დედამ შვილი დნმ-ის ანალიზით ამოიცნო.
„ტერაქტის შემდეგ ყველა გავიქეცით საავადმყოფოში, საგანგებო პუნქტში, ცენტრში. ჩვენ ვცდილობდით მის პოვნას… 3 თვის შემდეგ მამამისი გარდაიცვალა. მას აღარ სურდა ცხოვრება. ჩვენ გვყავდა მისი ძაღლიც, რომელიც სულ ტიროდა და ისიც მოკვდა… თუ გეტყვით, რომ ახლაც შვილს ველოდები, დამიჯერებთ?“, – ჰყვება საშას დედა, ვალენტინა ლიგინი ერთ-ერთ ინტერვიუში.
საშა ლიგინს ძალიან უყვარდა ლიტერატურა და საოცარ მოთხრობებსა და ლექსებს წერდა. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. 2000 წელს მიიღო პროფესიონალი ფოტოგრაფის ლიცენზია და ამერიკული ჟურნალის Today,s Photograpy-ს ფოტოკორესპონდენტიც გახდა. იმავე წელს თავის მეგობართან ერთად საკუთარი ფირმა გახსნა. საშა ამ ფირმის პრეზიდენტი იყო და შვიდკაციანი კოლექტივის საქმიანობას თავად ხელმძღვანელობდა. მას 2001 წლის 20 ოქტომბერს ქორწილი უნდა ჰქონოდა…
საშა ლიგინი ნიუ იორკშია დაკრძალული. მისი ოჯახი სამხრეთ კაროლინაში ცხოვრობს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა“ - ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი
წყარო: sarkenews.ge