Digest Logo

„დედამთილმა ოპერაციაზე ძალით წამიყვანა, ძლიერი სისხლდენა მქონდა...“ - 22 წლის ასაკში დაქორწინება და აბორტი მეორე ორსულობისას - გაუხმაურებელი ამბავი

1630397591
ძალადობა

მაია კულიევა ბაქოში ცხოვრობს. 22 წლისამ იქორწინა და ერთი წლის შემდეგ გოგო გააჩინა. მეორე ორსულობის შეწყვეტა კი დააძალეს, რადგან მეორეც გოგონა იყო.

ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.

„როცა პირველი გოგო გავაჩინე, ნათესავები მეუბნებოდნენ: „ახლა ამას არა უშავს, მაგრამ მერე უკვე ბიჭსაც გააჩენ“. ცხრა თვეში მივხვდი, რომ კიდევ ორსულად ვიყავი, ქმარმა მითხრა, რომ ფინანსურად ვერ გასწვდებოდა მეორე ბავშვის რჩენასაც ბიჭიც რომ ყოფილიყო. მე კი წინააღმდეგი ვიყავი აბორტისა და ვეუბნებოდი, რომ აბორტს არ გავიკეთებდი. თუმცა, შემდეგ გადავწყვიტეთ, მაინც ასე გვექნა. ორსულობის მეოთხე კვირაში ვიყავი“, - ამბობს მაია.

მისი მეუღლე, კაზიმ კულიევი, 34 წლის მუსიკოსია. აკორდეონზე უკრავს და საქორწილო ცერემონიალებში მუსიკოსობით თვეში 1000 მანათს (დაახლოებით 590 აშშ დოლარს) გამოიმუშავებს.

ცოლისა და შვილის გარდა, ის ფინანსურად ასევე ეხმარება დედას, მამას, განქორწინებულ დას და მის ვაჟს, რომლებიც იმავე, ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ.

როცა მაიას დედამთილმა გაიგო, რომ მაია ორსულად იყო, ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევაზე წაიყვანა, მაგრამ ნაყოფის სქესი არ გაურკვევიათ. იმავე კვლევაზე მეორედ რომ მივიდნენ, მაია უკვე 12 კვირის ორსული იყო.

ექიმმა თქვა, რომ ნაყოფი მდედრობითი იყო.

დედამთილმა განმეორებითი კვლევა მოითხოვა.

მაია ჰყვება: „მარტო მინდოდა წასვლა, ვფიქრობდი, თუ კვლავ მდედრობით სქესს მიჩვენებდა, მოვიტყუებოდი და ვიტყოდი, რომ ბიჭია. მაგრამ დედამთილმა ამის საშუალება არ მომცა. ქმარიც წამომყვა და მაშინ უკვე ორივემ გაიგო, რომ გოგონა მეყოლებოდა“.

ამას რომ მიყვებოდა, მაია ისეთი ჩუმი, ისეთი აკანკალებული ხმით ლაპარაკობდა, რომ სიტყვების გარჩევა მიჭირდა. მოულოდნელად გაჩუმდა და მერე თქვა: „მაპატიეთ. კარი უნდა შევამოწმო. მგონი ვიღაც შემოდის ოთახში“.

გავიგე ქალის ხმა, რომელმაც თქვა: „შემოდი და კარი დახურე“.

რამდენიმე წამში მაია დაბრუნდა და ფრთხილად განაგრძო ჩემთან ლაპარაკი: „ჩემს დედამთილთან კამათი მომივიდა. ბრალი დამდო, რატომ ბიჭზე არ ხარ ორსულადო. მაგრამ კამათი მარტო მასთან კი არა, ქმართანაც მომივიდა. დედამისმა ძალა დაატანა, რომ აბორტზე წავეყვანე. გავჯიუტდი და ცოტა ხნით მაინც დავარწმუნე ქმარი, რომ ბავშვი დაგვეტოვებინა. მორწმუნე კაცია და როგორღაც მართლა დამთანხმდა. ამ დროს უკვე ჩამთავრებული მქონდა სამი თვე და პლუს კიდევ თვე-ნახევრის ვიყავი“.

მაიას მშობლები ცხოვრობენ ისმაიილიში, რომელიც დედაქალაქიდან 180 კილომეტრზე მდებარეობს.

მაიას და-ძმა არ ჰყავს, დედამისი დიასახლისია, მამამისი - პენსიონერი.

მაია ამბობს, რომ მშობლებმა თავიდან აბორტზე არაფერი იცოდნენ: „ეს ჩემი პირადი, ოჯახური პრობლემა იყო. არ მინდოდა მშობლები ამით შემეწუხებინა. აბორტის შემდეგ სათქმელიც აღარაფერი იყო. უბრალოდ თქვეს: „მოითმინე, ყველაფერი იქნება კარგად“.

აზერბაიჯანში ძველი შეხედულებების მქონე ადამიანები ხშირად დასცინიან და ამცირებენ კაცს, თუ მას ვაჟი არ ჰყავს.

მაიას შემთხვევაში, დედამთილი და სხვა ნათესავებიც გამუდმებით უმეორებდნენ მის ქმარს: „კაცი ხომ ხარ, ჰოდა, ნამდვილ კაცს ბიჭი უნდა ჰყავდეს, ორი გოგო კი არა“. „ჩემი ქმარიც გამწარდა, - იხსენებს მაია, - დედამისთან ერთად სულ მე მეჩხუბებოდა. ყოველდღე ვჩხუბობდით სახლში. ძალიან აგრესიულად მექცეოდნენ. არ მინდოდა აბორტის გაკეთება. ვტიროდი, მაგრამ ვერაფერს... მოკლედ, ოპერაციაზე ძალით წამიყვანეს“.

მაია ამბობს, რომ ოთხ-ნახევარი თვის ორსული იყო, როცა სამშობიარო სახლ #7-ში წაიყვანეს გარაგარაიევში - ბაქოს ცენტრიდან რვა კმ-ში მდებარე კლინიკაში.

მაიას ეგონა, ექიმები უარს განაცხადებდნენ, ორსულობის ამ ასაკზე გაეკეთებინათ აბორტი, მაგრამ საავადმყოფოში მიიღეს და აბორტიც გაუკეთეს.

„პალატაში მარტო ვიყავი. არ ვიცოდი, მათ რა უთხრეს ექიმს. მეორე ანესთეზიის შემდეგ, ბავშვი მომაშორეს. შემდეგ მქონდა ძლიერი სისხლდენა, რასაც ჰორმონალური დისბალანსი მოჰყვა. ყოველდღე დავყურებდი ჩემი შვილის ულტრაბგერით კვლევაზე გადაღებულ სურათს და ვტიროდი. ჩემი გოგონა იყო, მაგრამ ვერ დავიცავი, ვერ გადავარჩინე. შევცოდე.

ცალკე რომ ვცხოვრობდეთ, ჩემი ქმარი ამ აბორტის გაკეთებას არაფრით არ დამაძალებდა. უკვე დარწმუნებული, გადაბირებული მყავდა. მაგრამ ჩემი დედამთილისა და სხვების უაზრო სიტყვებმა და ქცევებმა მერე მაინც მოახდინა გავლენა მასზე. ხომ იცით, ასეთი შეხედულება არსებობს ჩვენთან: თაობების გასამრავლებლად, ყოველ კაცს ერთი ვაჟი მაინც უნდა ჰყავდეს. ამიტომაც დათანხმდა ჩემი ქმარი აბორტს“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„მამაჩემმა გვითხრა, თუ სახლიდან წახვალთ, ყველაფერს ცეცხლს მივცემო... ორი პრეზერვატივი უპოვა, მღალატობდაო და დანა 10-ჯერ ჩაარტყა“ - გაუხმაურებელი ამბავი

🔵9 წლის ბიძაშვილი დაბადების დღეზე გააუპატიურა, გამსახურდია და შევარდნაძე მის დასჯას ეწინააღმდეგებოდნენ - ტიტულოვანი სპორტსმენის შემზარავი დანაშაულები

🔵„დედას კონდახებით უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ ჩახრილეს... მამა შიშველი ხელებით თხრიდა მიწას, სადაც დედა უნდა დაესაფლავებინა“ - აფხაზეთის ომის შემზარავი ამბავი