„მახსოვს, მთელი ერთი წლის განმავლობაში, სანამ ომი მიმდინარეობდა, დედა ჩემთან ერთადერთხელ მოვიდა, მხოლოდ ერთი დღით. ვეხვეწებოდი, რომ არ წასულიყო და ჩემთან დარჩენილიყო. იცით, რა მითხრა? დე, მაპატიე, მე უნდა დავბრუნდეო,” – ასე იხსენებს ზაირა ქებურიას შვილი, ირინა ქარდავა, დიდი ხნის მონატრებულ დედასთან ერთ-ერთ ბოლო შეხვედრას. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.
ირინა პირველად ჰყვება დედის ისტორიას.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომელი, ზაირა ქებურია, აფხაზეთის ომის დროს 35 წლის იყო. სანამ მისი შვილები, ირინა და ირაკლი, დედასთან შეხვედრის მოლოდინში, მათზე დაუღალავად მზრუნველ ბებიასთან რჩებოდნენ, ზაირა ბრძოლის ველზე იმყოფებოდა და დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს ეხმარებოდა. ორი შვილის დედას თანამებრძოლების მიტოვება და ოჯახთან ერთად კონფლიქტის ზონიდან თავის გარიდება არც უფიქრია.
ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.
ირინა ომის დროს 14 წლის იყო. კარგად ახსოვს, როგორ დაიწყო ომი, თუმცა, შეიარაღებული შეტაკებებიდან ყველაზე მძაფრად მის მეხსიერებას 1993 წლის 16 სექტემბერს მის მშობლიურ სოფელზე, პატარა კამანზე განხორციელებული საბოლოო შეტევა შემორჩა.
„ყველასთვის მოულოდნელად, სოფელზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე შეტევა დაიწყო. თითქოს მოჩვენებითი სიჩუმიდან კივილი, აურზაური და სროლა ატყდა. მახსოვს, ყველა გარბოდა, მე კი ვიდექი და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, საით წავსულიყავი. ბოლოს, იმ 25 ადამიანს შორის აღმოვჩნდი, რომლებმაც თავი ტყეს შეაფარეს. როგორც აღმოჩნდა, ჩემი ძმა და ბებია სხვა ნაკადს შეუერთდნენ, თუმცა, მაშინ მათ შესახებ არაფერი ვიცოდი. დედა და მამაც ტყეში იყვნენ,” - ამბობს ირინა ქარდავა.
ტყეს შეფარებულმა თანასოფლელებმა გადაწყვიტეს, გადანაწილებულიყვნენ და მამაკაცებმა სხვა სამალავში გადაინაცვლეს.
24 სექტემბერს მტერმა ქალების სამალავს მიაგნო. თვითმხილველების თქმით, მათ იცოდნენ, რომ ზაირა ქებურია ომში ქართველ ჯარისკაცებს ეხმარებოდა, ამიტომ ის ცალკე გაიყვანეს. უყვიროდნენ. შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.
მერე ერთ–ერთი ავტომატიანი ჩუმად მდგარ ქალს მიუახლოვდა და კონდახი თავში ჩაარტყა, მეორეც აჰყვა, ცოტა ხანში მას „ბოევიკების“ მთელი ჯგუფი კონდახებით უმოწყალოდ სცემდა.
„დედა ეცემოდა და მაინც ფეხზე დგებოდა, რომ მათთვის არ დაეჩოქა. მამაკაცების სამალავის გათქმას აიძულებდნენ, ის კი არაფერს ამბობდა. დაშინების მიზნით, ჯერ ირგვლივ დაუწყეს ავტომატის სროლა, მაგრამ ის ადგილიდან არ დაძრულა, თვალებში უშიშრად უყურებდა, ალბათ უკვე კარგად იცოდა, რაც ელოდა. ჯერ ფეხებში ესროლეს, შემდეგ კი მთელ ნაწამებ, სიფრიფანა სხეულზე გადაატარეს ავტომატის ჯერი. ბიცოლა, რომელიც იქ იყო და ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახა, მიყვებოდა, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დედა ჩემს სახელს იმეორებდა” - ამბობს მსხვერპლის შვილი.
მამაკაცები ქალების კივილის ხმის გაგონებაზე, საკუთარი სამალავიდან ქალების სამალავისკენ გამოიქცნენ, პირველი ზაირა ქებურიას ქმარი, გურიელ ქარდავა მორბოდა, უკან კი სხვა მამაკაცები მოჰყვებოდნენ.
ჰაერში დენთის სუნი ტრიალებდა. აფხაზი „ბოევიკები“ ხმამაღლა იცინოდნენ. ქალები მოთქვამდნენ. ახალგაზრდა ქალის დაცხრილული სხეული სისხლის გუბეში იწვა. ნანახით გაოგნებულს, მეუღლის დამარხვის უფლების მოპოვება მტრისთვის სათხოვარი შეექმნა.
მასაც მოკვლით დაემუქრნენ, მაგრამ მთელი სოფელი მკერდზე გადაეფარა, ევედრებოდნენ, რომ დედით დაობლებული ბავშვებისთვის მამაც არ წაერთმიათ. ქვრივს ზუსტად 15 წუთი მისცეს, რომ წამებით მოკლული მეუღლე მიწისთვის მიებარებინა.
სასოწარკვეთილი მამაკაცი შიშველი ხელებით თხრიდა მიწას, სანამ ქალები ზაირას სხეულს დასტრიალებდნენ. ერთ-ერთმა მისი ძლიერად შეკრული მუჭი შენიშნა და გახსნა სცადა. რომ გაუჭირდა, სხვებიც მიეხმარნენ. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, ქალს ხელში რკინის ჯვარი ეკავა.
„ალბათ ლოცულობდა ბოლო წუთებში. ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე. მე არ მახსოვს ეს ჯვარი და არ ვიცი, საიდან მოხვდა მის ხელში, მაგრამ როდესაც ბიცოლამ გადმომცა, თითქოს დედის სითბო და დედის ტკივილი ერთად შემოვიდა ჩემში,“ - ამბობს ირინა ქარდავა.
ირინას მამამ, სხვა თანასოფლელ მამაკაცებთან ერთად, მომდევნო 45 დღე გუდაუთაში, ტყვეობაში გაატარა, რის შემდეგაც, შეძლო, დაეტოვებინა ოკუპირებული აფხაზეთის მიწა. ირინას ბებია და ძმაც ბევრი სისასტიკისა და ძალადობის გამოვლის შემდეგ, ენგურს გაღმა მოხვდნენ, თუმცა ბავშვობის მძიმე ტრავმებმა ირაკლი ქარდავას ჯანმრთელობა საფუძვლიანად შეურყია. ირინამ კონფლიქტის ზონა ბერძენი მეზობელი ქალის დახმარებით დატოვა.
იგივე ბერძენი ქალი დაეხმარა ზაირა ქებურიას მშობლებს, მოეძებნათ შვილის საფლავი. ხანდაზმულმა მშობლებმა შვილის ნეშტი მშობლიურ სოფელში, გულრიფშის რაიონის სოფ. ზემო ფშაფში გადაასვენეს.
1993 წლის 24 სექტემბერს, სოფელ პატარა კამანის მიმდებარე ტყეში დატრიალებულ ტრაგედიას მხოლოდ ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალისა, რომლის გმირობამ, საკუთარი სიცოცხლის დათმობის ფასად, თანასოფლელებს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
„დედა ქერა იყო, ღია მწვანე თვალებით, ლამაზი ღიმილი ჰქონდა. საშუალო სიმაღლის იყო. ახლაც მახსოვს მისი საოცარი კერძების გემო. არასდროს მინახავს შეწუხებული. ყოველთვის ამაყად იდგა და მეც სულ ამას მასწავლიდა, არ ვიცი, წინათგრძნობა ჰქონდა, თუ რატომ მარიგებდა გამუდმებით, როგორ უნდა მეცხოვრა სწორად... ძალიან მორწმუნე იყო და ჩვენც ასე გავიზარდეთ. არ მახსოვს, ვინმეზე ცუდი ეთქვა. ძალიან კეთილი ადამიანი იყო“,- ასეთად დარჩა ზაირა ქებურია მისი შვილის, ირინა ქარდავას მეხსიერებაში.
ჯვრის გარდა კი, რომელიც ქალის წამებისა და მისი აღსასრულის უშუალო თანაზიარი გახდა, შვილს ხელშესახებად დედისგან დანატოვარი „საგანძური“ - შავი აბრეშუმის კაბა და ერთი წყვილი ფეხსაცმელი დარჩა, რომელსაც, მისი თქმით, დედა ბოლო დროს ხშირად ატარებდა.
აგრეთვე წაიკითხეთ: