დღეს, 21 დეკემბერს მზებუდობა, ანუ ნაბუინობა დადგება. ამ დროს დედამიწის ღერძი მაქსიმალურადაა გადახრილი მზისგან. ეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე მოკლე დღის და ყველაზე გრძელი ღამის დადგომას განაპირობებს.
ნაბუნიობის დადგომა ასტრონომებისთვის ეგრეთ წოდებული "ასტრონომიული ზამთრის" დასაწყისს აღნიშნავს.
ზამთრის მზებუდობა, რომელიც თბილისის დროით 14:02-ზე დადგება წელს განსაკუთრებულ ასტრონომიულ მოვლენას თანხვდება: მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტა, სატურნი და იუპიტერი უაღრესად იშვიათ პლანეტარულ განლაგებას მიიღებენ, უფრო ახლოს აღმოჩნდებიან ერთმანეთთან ვიდრე ბოლო 400 წლის განმავლობაში. ამ მოვლენას ასტრონომები "დიდ შეერთებას" უწოდებენ.
1610 წელს, იტალიელმა ასტრონომმა გალილეო გალილეიმ თავისი ახალი გამოგონება, ტელესკოპი, ღამის ცისკენ მიმართა და იუპიტერის ოთხი მთვარე, იო, ევროპა, განიმედი და კალისტო აღმოაჩინა. იმავე წელს, გალილეომ აღმოაჩინა უცნაური ოვალური ობიექტი სატურნის ირგვლივ, რომელიც, მომდევნო დაკვირვებებით, აღმოჩნდა, რომ სატურნის რგოლები იყო. ამ აღმოჩენებიდან 13 წლის შემდეგ, 1623 წელს, მზის სისტემის ორი გიგანტი ერთმანეთთან ისე ახლოს აღმოჩნდა, როგორც ამას დღეს ვიხილავთ, თუმცა ამ ფენომენის დაკვირვება მაშინ ვერავინ შეძლო, რადგან პლანეტების შეერთება მზესთან ზედმეტად ახლოს მოხდა.
ამრიგად, 400 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ პლანეტებმა ასე ახლოს ჩაუარეს ერთმანეთს და დაახლოებით 800 წელი მას შემდეგ, რაც ადამიანმა ამ ფენომენზე დაკვირვება შეძლო. დღევანდელ დიდ შეერთებაზე დაკვირვებას თითქმის ყველა შეძლებს, თუ ამაში ღრუბლიანობა არ შეუშლის ხელს. დედამიწიდან გიგანტური პლანეტები ერთმანეთთან ძალიან ახლოს გამოჩნდება, როგორც ერთი კაშკაშა ორმაგი პლანეტა (თუმცა ისინი სინამდვილეში ერთმანეთისგან მილიონობით კილომეტრით იქნებიან დაშორებულნი).
ამ სანახაობით დატკბობას შეუიარაღებელი თვალითაც შეძლებთ თუ ამ კვირის განმავლობაში ნებისმიერ დღეს მზის ჩასვლის შემდეგ ღამის ცას დააკვირდებით. საუკეთესო თარიღი იქნება ორშაბათს, 21 დეკემბერს, იდეალური დროა მზის ჩასვლიდან 45 წუთის შემდეგ.
ბევრი მკვლევარი, მათ შორის ლეგენდარული გერმანელი ასტრონომი იოჰანეს კეპლერი თვლიდა, რომ ძვ.წ. 7 წელს მომხდარი სატურნის და იუპიტერის მსგავსი შეერთყება იყო "ბეთლების ვარსკვლავის" ან "საშობაო ვარსკვლავის" ცნობილი ბიბლიური ამბავის შთაგონების წყარო მათეს სახარებიდან, რომელშიც სამ ბრძენ კაცს ქრისტეს შობის შესახებ ვარსკვლავმა აუწყა.