Digest Logo

ძილი და სიზმრის ახსნა სიმბოლოების მეშვეობით – რაზე მიგანიშნებთ თქვენი სიზმარი?

1634824317
ძილი და სიზმრის ახსნა

ძილს ადამიანის სხეულის დასვენების გარდა, სხვა დატვირთვაც აქვს და ხშირად არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი რეალური ყოველდღიურობა. სწორედ ძილის დროს შევდივართ იმ იდუმალ სამყაროში.

ადამიანის ცხოვრების ამ იდუმალ თანამგზავრს უძველესი დროიდან ექცეოდა განსაკუთრებული ყურადღება. ძილისა და სიზმრების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში დაწერა არტემიდორმა.

სიზმარს ხშირად ადამიანის ბედისწერაც კი შეუცვლია, ან პიროვნება უეჭველი სიკვდილისგან გადაურჩენია. ამის არაერთი გამაოგნებელი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, რომელიც, სხვათა შორის, საქვეყნოდ ცნობილ ადამიანებს გადახდათ თავს.

ძილის და სიზმრის მეცნიერული შესწავლა კარგა ხანია მიმდინარეობს, თუმცა მის საბოლოო გაშიფვრამდე ალბათ კიდევ დიდი და ხანგრძლივი გზაა. ჯერჯერობით რამდენიმე ვარაუდი არსებობს: მეცნიერები ჯგუფებად არიან დაყოფილნი. ზოგიერთის აზრით, სიზმარი ელექტრობიოქიმიური რეაქციების ნაყოფია. როგორც ირკვევა, ნივთიერება, რომელიც სიზმრის შედეგად გამოიყოფა, ადამიანის მეხსიერებას აკონტროლებს.

მეორე მოსაზრება ამტკიცებს, რომ ძილი ხვეწს და ამუშავებს ჩვენი რეალური ყოფიერების პერიოდში ნაფიქრსა და ნააზრევს, თუმცა საბოლოოდ ვერავინ გაარკვია ძილისა და სიზმრის ზუსტი ფუნქცია. ერთი კი ცხადია, როგორც ინგლისელი ფსიქოლოგი კრისტოფერ ევანსი აღნიშნავდა: „სიზმრები ჯერ კიდევ სიფხიზლის დროს იწყება“.

მეცნიერები საკმაოდ საინტერესო სტატისტიკასაც გვთავაზობენ: თურმე ადამიანის გამოღვიძებასთან ერთად სიზმრების 95 პროცენტი იკარგება, უკვალოდ ქრება. სიზმრების 60 პროცენტს თან ხმოვანი ბგერები ახლავს, 5 პროცენტს – გემოსა და ყნოსვის შეგრძნებები, 35 პროცენტს კი – მხედველობითი და თერმული აღქმა. დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც კარგი მეხსიერება აქვთ, უფრო ხშირად ხედავენ სიზმრებს. და კიდევ, რაც უფრო ზედაპირულია ძილი, ადამიანი მით უფრო მეტ სიზმარს ხედავს.

ქალების ძილი გაცილებით უფრო ფრთხილია, ამიტომ ისინი მამაკაცებზე მეტ სიზმარს ხედავენ. ქალების მიერ ნანახი სიზმრები უფრო მკვეთრი და ნათელია, ვიდრე მამაკაცებისა. ადამიანი რაც უფრო ხშირად ხედავს სიზმარს, მით უფრო კარგად იმახსოვრებს მას.

მალაკის ნახვარკუნძულზე არსებობს ტომი, რომლის წარმომადგენლებიც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებს სიზმრების დახმარებით წყვეტენ. რა თქმა უნდა, სიზმრების მიმართ გამოჩენილი ასეთი ნდობა ძნელი გასაზიარებელია, მაგრამ მათი ზოგიერთი სიუჟეტის გათვალისწინება ალბათ არცერთ ჩვენგანს აწყენდა. მაგალითად, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სიზმარი, რომელიც თავისი სიმკვეთრითა და აზრობრივი დატვირთვით მნიშვნელოვნად მოგვეჩვენება, ჩვენ მიმართ არც ისე კეთილად განწყობილ ადამიანს არ უნდა მოვუთხროთ. ცუდი სიზმრის ხილვის შემთხვევაში სულიერად არ დავეცეთ, რადგან ის შესაძლოა სრულიად საპირისპიროდ ახდეს, თუმცა ამ დროს არც სიფრთხილის დავიწყებაა სწორი.

ჩვენი წინაპრები ცუდ სიზმარს გამდინარე წყალს მოუთხრობდნენ და სთხოვდნენ, რომ თან წაეღო უარყოფითი მუხტი. იმავეს გაკეთება ჩვენც შეგვიძლია – ეს ხომ არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს? გადმოცემის მიხედვით, მომავალი კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენების მომასწავებელ სიზმარს ადამიანი შაბათ ღამეს ხედავს. თუ ადამიანმა ერთი და იგივე სიზმარი რამდენჯერმე ნახა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის. როგორც ამბობენ, ჩვეულებრივ, სიზმარი, ცხრა თვის განმავლობაში უნდა ახდეს. საკმაოდ ხანგრძლივი დროის შემდეგ სრულდება საღამოს რვა საათიდან შუაღამის 12 საათამდე ნანახი სიზმრები. სიზმრები, რომლებსაც ადამიანები ღამის თორმეტიდან სამ საათამდე ხედავენ, სამი თვის განმავლობაში ხდება, დილის სიზმრები კი – უფრო სწრაფად.

ცნობილმა მწერალმა ქალმა, „სასიყვარულო რომანების დედოფალმა“ შარლოტა ბრონტემ ერთგვარი სისტემაც კი შეიმუშავა, რომლის დახმარებითაც იგი თავისი რომანების სიუჟეტებს სიზმარში ხედავდა. სანამ დაიძინებდა, მწერალი დიდხანს და საკმაოდ ხატოვნად ფიქრობდა იმის შესახებ, თუ რა უნდა დაეწერა დილით. სიზმარში კი მის მიერ მოფიქრებული გეგმა ხორცს ისხამდა, ყალიბდებოდა ნაწარმოების გმირთა სახეები, ჩნდებოდა ესა თუ ის მოვლენა, ნათლად იკვეთებოდა ფინალი. შარლოტას დილით ისღა დარჩენოდა, ძილში ნანახი ფერადოვანი სიზმარი ქაღალდზე გადაეტანა.

სიზმრების სიმბოლიკა

ფსიქოლოგთა და სპეციალისტთა უმრავლესობა სიზმრების ახსნას სიმბოლოების საშუალებით ცდილობს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიზმარში კბილის ამოღება ვიღაცის სიკვდილს მოასწავებს, გრძელი თმა – მომავალ ბედნიერებას, გატეხილი სარკე კი – ღალატს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძილში ნანახ ფერებსაც. ჩვეულებრივ, ადამიანების უმრავლესობა ე. წ. შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს, მაგრამ ბედნიერი გამონაკლისებიც არსებობენ. როგორც ფსიქოლოგები ირწმუნებიან, ისინი განსაკუთრებულად ნიჭიერი და მძაფრი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული ადამიანები არიან. ფერადი სიზმრები ხშირად ძლიერი წინათგრძნობის და მახვილი ინტუიციის ნიშანია, ზოგჯერ კი – პიროვნების სულიერი სიწმინდისა და ამაღლებულობის.

ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს ნებისმიერ ფერს. მაგალითად, თუ სიზმარში თეთრი ფერი დომინირებს, ის სისპეტაკის და სიწმინდეზე მეტყველებს. თქვენ აუცილებლად გაიცნობთ ადამიანს, რომელსაც ასეთი თვისებები ექნება. თეთრი შესაძლოა მოულოდნელი გამართლების მაუწყებელიც იყოს, იშვიათად კი მარტოობაზეც მიუთითებდეს.

სიზმარში შავი ფერის დომინირება უცნაური სულსწრაფობას ან მოულოდნელი ამბის მაუწყებელია. აუცილებელი არ არის, ეს მოულოდნელი ამბავი ცუდი იყოს, რადგან შავი ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ ფერად ითვლება და ის შესაძლოა იმაზე მიგანიშნებენ, რომ თქვენგან გადამჭრელი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

წითელი ფერი ადამიანის გარკვეულ აფორიაქებულობასა და მოუსვენრობაზე მეტყველებს. მის ცხოვრებაში უდიდესი ძვრებია მოსალოდნელი, რომლებმაც შესაძლოა არც ისე მშვიდობიანად ჩაიაროს, მაგრამ საბოლოო მიზანი ნამდვილად ეღირება იმ ბრძოლად, რომელიც ამ ადამიანს წინ ელის. სხვათა შორის, ახალგაზრდა ქალისა თუ მამაკაცისთვის წითელი ფერი სიზმარში შესაძლოა ვნებიანი სიყვარულის მანიშნებელიც იყოს.

თუ თქვენს სიზმარში ვარდისფერი დომინირებს, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შინაგანი სამყარო ნაზ გრძნობებსა და რომანტიკულ განწყობას ესწრაფვის, ჰარმონიისა და სიყვარულისკენ ილტვით, მაგრამ რატომღაც რეალურ ცხოვრებაში მთელი ძალით თრგუნავთ თუ ნიღბავთ ამ ლტოლვას. გაათავისუფლეთ გრძნობები, გაითვალისწინეთ, რომ სიყვარულსა და ოცნებებში სამარცხვინო არაფერია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ენერგიის მნიშვნელოვანი წერტილები დაიბლოკოს.

ყვითელი ფერი გაწონასწორებულობას და თავშეკავებულობაზეა მეტყველებს. თქვენ რაღაცაზე ეჭვიანობთ ან მომავალში შეგექმნებათ მსგავსი მდგომარეობა, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, წონასწორობასა და საღ აზროვნებას არ დაკარგავთ. და კიდევ, რატომ ხართ ასეთი ცივი? რატომ გიჭირთ, ენდოთ ადამიანებს? ნუთუ თქვენი ცხოვრება მხოლოდ თავშეკავებულობასა და სიფრთხილეს ეყრდნობა? ნუ ღელავთ, თქვენი მომავალი საკმაოდ ნათელი და უღრუბლო იქნება, მცირე დაბრკოლებები კი ყველა ადამიანის ცხოვრებაში გვხვდება.

სიზმრად ნანახი მწვანე ფერი პიროვნების სრულიად რეალურ იმედზე მიანიშნებს. დიახ, თუ თქვენ ისეთი სიზმარი ნახეთ, რომელშიც მწვანე ფერი დომინირებს, ჩათვალეთ, რომ საკითხი, რომლის გადაწყვეტაზე ფიქრობთ, აუცილებლად დადებითად გადაიჭრება – თქვენი იმედები სრულიად საფუძვლიანია. გარდა ამისა, საკმაოდ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით და უნარი გაქვთ, ნებისმიერი საქმიანობა ნაყოფიერი გახადოთ. იხელმძღვანელეთ თქვენთვის დამახასიათებელი ობიექტურობითა და რაციონალიზმით, ყოველივე ეს კი აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას.

ლურჯი ფერი ოცნებასა და სინამდვილეს შორის მერყეობის ნიშანია. თქვენ ცდილობთ, ერთმანეთს დაუკავშიროთ ეს ორი განსხვავებული ფენომენი. სხვათა შორის, ეს ცდა ზოგჯერ წარმატებით სრულდება. პრობლემა, რომელიც ლურჯ ტონებში ნანახი სიზმრის პერიოდში გექნებათ გადასაწყვეტი, სწორედ იმ ოქროს შუალედს მოითხოვს, რომელიც ოცნებასა და სინამდვილეს შორის არსებობს. დაიცავით ის და იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით. აღსანიშნავია, რომ ლურჯი ხშირად ფიქრის ფერიც არის – მთელი ძალით ფიქრობთ რაღაცზე. არა, ეს ფიქრი სულაც არ არის მძიმე და არასასურველი. მან შესაძლოა წარმატება და ოცნების ასრულებაც კი მოგიტანოთ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც შემოდგომა ახალ სიცოცხლეს მოუტანს

🔵 ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტს იტყუება

🔵„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ, აუცილებლად!“ - ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

წყარო: nostal.ge