ერთადერთი პროფესია რომელიც, მსოფლიოში არსებულ ყველა პროფესიას შეიძლება აერთიანებდეს მსახიობობაა. ასე, რომ თუ ჯერ კიდევ არ იცი რა გინდა გამოხვიდე და ერთდროულად კოსმონავტობაზეც ოცნებობ, ექიმობაც გინდა და მწერლობაც, კარგი იქნება თუ ბედს მსახიობობაში ცდი, თუმცა სქესის შესაცვლელადაც მზად უნდა იყო. ერთ დღესაც შეიძლება კაცად ან ქალად გარდასახვა მოგიწიოს.
ამ ბლოგში ასეთი გარდასახვის თანამედროვე, ქართულ მაგალითებს შეგახსენებთ:
მიშა ანდღულაძე
თუ ხალათიან, შრამიან ნანულის არ იცნობ, ე.ი. 2000-იანების დასაწყისში არ გიცხოვრია. სხვა შემთხვევაში მიშა ანდღულაძისა და ვანო ჯავახიშვილის ოჯახის გულშემატკივარი იქნებოდი. მიშა ერთ-ერთი პირველი ქართველი კაცია, რომელმაც თამამად ამოიცვა კოლგოტი , წითელი პომადა გადაისვა და მაყურებლის განწყობის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. ეს გუნდი ყოველ შაბათ საღამოს ჩვენს ოჯახებში შემოდიოდა და დღის პოზიტიურად დასრულებაც გარანტირებული გვქონდა.
მოგვიანებით, მიშამ ძიძის როლი ამავე სახელწოდების ქართულ ფილმში მოირგო. ჩვენი ძიძა ცნობილ მისის დოლოვეის არაფრით ჩამოუვარდება.
გიორგი ვარდოსანიძე
ფილმში „5 ნახვით შეყვარება“ ყველსათვის უკვე საყვარელმა გიორგიმ ქალის როლი არაჩვეულებრივად შეასრულა. მართალია, კაცურ მზერას ვერაფერი მოუხერხა, თუმცა ქერა თმებისა და მაღალქუსლიანების ხათრით, მაყურებელმა ეს აპატია.
გიორგი მარშანია
სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში" ტრანსგენდერის გამოჩენამ საზოგადოების ნაწილში განრისხება გამოიწვია. კრიტიკოსები მსახიობის მხრიდან ამ როლზე დათანხმებას გაბედულ ნაბიჯად მიიჩნევდნენ. სტერეოტიპების ქვეყანაში ხომ „ქართველ ვაჟკაცს ასეთი როლები არ შეჰჰერის“. მოგვიანებით გიორგი კი წუწუნებდა, ხალხს გეი ვგონივარო, მაგრამ მაყურებლის ეს შეფასებაც ალბათ, იმას უნდა მიანიშნებდეს, რომ მსახიობმა როლი წარმატებით შეასრულა.