Digest Logo

„ქმარიც მიყვარს და საყვარელიც, მაგრამ ეს სხვადასხვა გრძნობაა... ჩემი ქმარიც ხვდება, მაგრამ არ იმჩნევს"

1624995623
ზოგადი ფოტო

ჟურნალი „თბილისელები" 39 წლის თაკოს წერილს აქვეყნებს, რომელიც ავტორმა რედაქციას ანონიმურად გაუგზავნა. საუბარია სასიყვარულო სამკუთხედზე, რომლის შესახებაც ყველა მათგანმა იცის, თუმცა მაინც თვალს ხუჭავს.

„ადრეულ ასაკში გავთხოვდი, თანაც, უსიყვარულოდ, თუმცა ჩემი ქმარი მალევე შემიყვარდა და ოჯახურ ცხოვრებასაც მივეჩვიე. მშობლები ჩაკეტილად მზრდიდნენ, თუ ჩემი ძმა ან ბიძაშვილი არ მომყვებოდა, არსად მიშვებდნენ. დაქალთან დარჩენაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. საქმროც თავად ამირჩიეს და არც მე ვყოფილვარ წინააღმდეგი.

სწორედ, ქმრის ხელში ვიგრძენი თავისუფლება. ყველგან მიშვებდა, არაფერში მზღუდავდა, ყველა სურვილს მისრულებდა. უმაღლესიც დავამთავრე და სამსახურიც თავად მიშოვა.

მართალია, ასაკით ჩემზე დიდია და არც ფიზიკურად შევეფერებით ერთმანეთს, მაგრამ ამის პრობლემა არასოდეს მქონია. უბრალოდ, ასაკში რაც შევიდა, შეიცვალა: ჩემ მიმართ ყველანაირი გრძნობა დაკარგა და მხოლოდ სახელად ჰქვია ქმარი. შვილებზე გადაყოლილი მამაა, ოჯახსაც უვლის, მაგრამ მე გვერდით მამაკაცი მჭირდება და არა მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი. დიდი ხანია, ერთად აღარ ვწევართ.

ერთი სიტყვით, წლები ვითმინე და ბოლოს, მივხვდი, დრო გადის და იმდენად ჩაკვდა ჩემში ქალი, იმდენად ამოვვარდი ფორმიდან და დავკარგე ყველაფრის ინტერესი, რომ სასწრაფოდ უნდა მემოქმედა. სამსახურში უფროსი ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა. თუმცა, არასოდეს ვაძლევდი ზედმეტის გაბედვის საშუალებას. დავფიქრდი და მივხვდი, მისგან საკმაოდ დიდი პოზიტივი, პატივისცემა, სიყვარული მოდიოდა და მეც დავუწყე პრანჭვა.

ასაკით ჩემზე პატარაა, მასაც ოჯახი აქვს და მეც, მასაც ჰყავს მეორე ნახევარი და მეც, მასაც ჰყავს შვილები და მეც. თუმცა, ამას არ შეუშლია ხელი, ერთად ვყოფილიყავით. ორივე მარტოსულად ვგრძნობდით თავს და ერთმანეთი ვიპოვეთ. მართალია, ხშირად ვერ ვახერხებთ შეხვედრას და განმარტოებას, მაგრამ ისიც საკმარისია, რომ კვირაში ერთ დღეს ვუთმობთ ერთმანეთს, დანარჩენი დღეები კი სამსახურში ვხვდებით. საკმაოდ რომანტიკული ადამიანია და ხშირად მიკეთებს სიურპრიზებს, საჩუქრებითაც მანებივრებს.

ჩემი ქმრისგან ეს ყველაფერი მაკლდა და მან შემივსო. ვიცი, ჩემი ქმარი ხვდება, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა მამაკაცია. ერთხელ მითხრა კიდეც: ისე დაიწყე თავის მოვლა და იმდენად შეგეცვალა ხასიათი, მგონი, სხვა კაცი გამოჩნდა შენს ცხოვრებაშიო. არ მიპასუხია, უბრალოდ გავუღიმე. დარწმუნებული ვარ, ხვდება, მაგრამ არ იმჩნევს. არ უნდა, გონებაში დაუშვას, რომ მისი ცოლი სხვა მამაკაცთან წევს. არადა, მართლა არ ვარ სულით მოღალატე ადამიანი. ქმარი მხოლოდ სახელად მყავდა და მისგან ის სითბო და ალერსი მაკლდა, რაც ჩემმა საყვარელმა შემივსო.

ხშირად მიფიქრია ჩემს საქციელზე. ვიცი, არ არის სწორი, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მართლა ბედნიერი ვარ. ცხოვრება თითქოს ახლიდან დავიწყე და ის ახალგაზრდული წლები დავიბრუნე, ოჯახშიც უფრო აქტიური და თბილი გავხდი. კი ამბობენ: მხოლოდ სექსი ხომ არ არის ცოლქმრობა, მთავარი გაგებააო... მაგრამ, დამიჯერეთ, ასე არ არის. სწორედ, ის სრულფასოვანი სექსია ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების მთავარი თუ არა, ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი.

ასაკში შევდივარ და ახლა ჩემთვის საყვარლის გაჩენა, როცა ქმართან წლებია, არ მქონია სექსი, ბევრს ნიშნავს. იმდენად ბედნიერი ვარ, სახეზეც მაწერია. რასაკვირველია, ქმარიც მიყვარს და ჩემი საყვარელიც, მაგრამ ეს სხვადასხვა გრძნობაა. არ ვამბობ, კარგად ვიქცევი-მეთქი, მაგრამ კიდევ ვამბობ, ახალმა ურთიერთობამ იმდენად გამახალისა და შემცვალა უკეთესობისკენ, იმდენად გამომაცოცხლა და დამიბრუნა ოპტიმიზმი, მიღირდა ქმრის ღალატად."