ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“ ანონიმურად ერთ-ერთი ქალის ისტორიას ასაჯაროებს.
21 წლის გოგო ქმრის ოჯახისაგან ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„ყოფილი ქმარი ქორწილში გავიცანი. საერთო ნათესავები გვყავს და ერთ-ერთმა მითხრა, ბიჭს მოსწონხარ, შენთან ოჯახის შექმნა უნდაო. მამაჩემთანაც შეაქო იმ ქალმა ბიჭი (დედა გარდაცვლილი მყავს და ჩემთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას მამა იღებდა).
მამაჩემს ბიჭი მოეწონა. ცოტა ხანში დავქორწინდით. ქორწინების შემდეგ, ქმრის ოჯახთან ერთად, თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. ცოტა ხანში დავორსულდი. ქორწინებიდან ერთი თვის გასვლისთანავე, დედამთილმა უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო. ის ამბობდა, რომ რძლად თავიდანვე არ ვუნდოდი.
მალე სხვა სახლში გადავედით. როცა ქმარი მამის სახლში მიდიოდა, დაბრუნებისას სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზებით მეჩხუბებოდა. ქმარს შევთავაზე, დავშორდეთ-მეთქი.
ცოტა ხნის შემდეგ, ქმარმა მითხრა, რამდენიმე დღით სოფელში ჩავიდეთ, შენს ბიძასთანო. ჩავედით, ის თბილისში დაბრუნდა, სამი დღის შემდეგ კი მესიჯი მომწერა, მაპატიე, უნდა დავშორდეთო. ბიძაჩემი ამაზე არ დათანხმდა, ოჯახებმა მოილაპარაკეს და შერიგდნენ. ისევ დავბრუნდი ქმრის სახლში.
მაგრამ, ამის შემდეგ, დედამთილი და მამამთილი თითქმის ყოველდღე მლანძღავდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მოვითხოვე, ოფიციალურად ხელი არ გვაქვს მოწერილი. ქორწილის შემდეგ, ძვირფასეულობა წამართვეს. ორსულობის მე-4-მე-5 თვეში ვიყავი, როდესაც მამამთილმა ხელჯოხი მუცელში ჩამარტყა… ხელით დავიცავი მუცელი, მადლობა ღმერთს, ბავშვს არაფერი დაემართა…“, – იხსენებს გოგო.
მან არ იცის, რატომ სძულდა დედამთილს და მამამთილს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გააკეთა მათთან კარგი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.
„არადა, ყველა საქმეს ვაკეთებდი, ადრე ვდგებოდი, სახლს ვალაგებდი, სუფრას ვშლიდი. ორსულობის დროსაც კი, სახლის თითქმის ყველა საქმეს მე ვაკეთებდი. დედა არ მყავს, მთელი გულით ვცდილობდი, დედამთილთან დედა-შვილური ურთიერთობა მქონოდა.
მთელი ორსულობა სტრესის ქვეშ გავატარე. სახლში საჭმლის ჭამის უფლებაც კი არ მქონდა. ხშირად, მეზობლების სახლში ვჭამდი. ჩემთვის ორსულობის დროს დანიშნული წამლებიც არ უყიდიათ.
როცა მამაჩემთან დაშორების თემაზე საუბარს ვიწყებდი, მეუბნებოდა, ოჯახს ნუ ანგრევო. ერთხელ, ქმრის ოჯახის წევრების საუბრიდან გავიგე, რომ როცა ბავშვს გავაჩენდი, ჩემთვის მის წართმევას და ჩემ საგიჟეთში გაშვებას აპირებდნენ…
მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სახლიდან მშობიარობამდე უნდა წავსულიყავი. მაგრამ, არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი, როგორ უნდა მეცხოვრა…
მამა მეუბნებოდა, თუ მაინცდამაინც დაშორება გინდა, ბავშვი დატოვე და მიგიღებო, მაგრამ ამას როგორ ვიზამდი?
ქართული ენა არ ვიცოდი, სკოლა არ მქონდა დამთავრებული. შესაბამისად, ვერსად ვერ დავსაქმდებოდი. ერთი ნაცნობის დახმარებით, ადვოკატს მივმართე კონსულტაცისაათვის. ადვოკატმა კი „საფარში“ გადმომამისამართა“.
„საფარის“ დახმარებით, გოგონას მეუღლეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, ხოლო თავად სახელმწიფო თავშესაფარში საცხოვრებლად გადავიდა“,- ვკითხულობთ „საფარის“ მასალაში.