Digest Logo

„პირველად სექსუალურად რომ იძალადა, ჩვენი ქორწილის ღამე იყო. მე-4 თვის ორსული ვიყავი“ - გაუხმაურებელი ამბავი

1621590275
პოლიცია

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „საფარი“ ანონიმურად ერთ-ერთი ქალის ისტორიას ასაჯაროებს, რომელზეც მეუღლე გათხოვების დღიდან ძალადობდა. 

როგორც ანონიმური პირის ისტორიიდან ვიგებთ, მოძალადე ქმარი აზარტულ თამაშებსაც თამაშობდა და მასზე ფიზიკურადაც ძალადობდა.

„სულ პირველად რომ იარაღი დამადო შუბლზე, თვალებში ჩავხედე და მივხვდი, ვერ მხედავდა. გუგები ისე ჰქონდა შეცვლილი, მთლიანად თეთრი იყო… ყელზე ხელს მიჭერდა, თან იარაღის ლულას შუბლზე მაჭერდა და ყურთან კბილებიდან მესისინებოდა: “რატომ მიყვარხარ ასე, შენი…”. მახსოვს, მზერა 3 თვის ანაზე გადავიტანე და გავიფიქრე, ალბათ დედაჩემი გაზრდის-მეთქი…

მაშინ მისმა ძმაკაცმა შემოგვისწრო და გადამარჩინა. ქეჩოში ჩაავლო ხელი, ეზოში გაათრია და დანარჩენებს უთხრა, რაც ხდებოდა, ყველა ერთად ურტყამდა…

მუხლებში ჩავუვარდი, არ მოკლათ-მეთქი. მეც არ ვიცი, რატომ, არადა მძულდა მთელი არსებით.

სულ პირველად, ორსულს დამადო ხელი, ოღონდ ისე, რომ არ დამმჩნეოდა.

სახეში ორი გაშლილი ხელისგული მომხვდა, ყურებთან ახლოს. რამდენიმე დღე წუილის ხმა ისმოდა. დავმალე. ჩემებთან ვცხოვრობდით და მეშინოდა, მამაჩემს არ შემოკვდომოდა.

დილაობით დედაჩემი დგებოდა და… დედა, რას შეჭამო, ეკითხებოდა, – წუნია ბიჭი გვყავდა, არაფერი იცოდნენ…
უნივერსიტეტიდან საბუთები გამომატანინა, არადა იდეაში სასეირნოდ დამპატიჟა, სკვერში მემუქრებოდა და მეც მეშინოდა, რომ იქ მოვარდებოდა და სკანდალს მოაწყობდა. დავნებდი, უბედნიერესი იყო.

პირველად სექსუალურად რომ იძალადა, ჩვენი ქორწილის ღამე იყო. მე-4 თვის ორსული ვიყავი. ქორწილი არ მინდოდა და არც განწყობა მქონდა, მერჩივნა, იმ ფულით ბინა ეგირავათ და ქირით არ გვევლო აქეთ-იქით.

იმ ღამეს დამსაჯა, პირზე ხელი ამაფარა და რომ მორჩა, ახლა მოხვალ ხასიათზეო, გადაბრუნდა და დაიძინა. უბრალოდ ვიწექი, ჭერს ვუყურებდი და ყველაფერი სულ ერთი იყო…

რამდენიმე დღეში მამამთილმაც მაგინა, რატომ გავაპროტესტე ქორწილში ნაჩუქარი ფულის ტოტალიზატორში წაგება… მახსოვს, სულ ერთი იყო მისი გინებაც, შეურაცხყოფილი ვიყავი, მაგრამ მაინც სულ ერთი იყო…

ყოველი ჩხუბის მერე ნაცემი ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში ვხვდებოდი. ეს იყო ჩემი შვება. იქ მშვიდად ვიყავი. უბრალოდ ის მაწუხებდა, რომ ძვირად ღირებულ, დეფიციტურ წამლებზე ჩემი მშობლები დარბოდნენ… ის ამ დროს ჯგუფელებთან კონცერტზე ერთობოდა. მახსოვს, ეგეც სულ ერთი იყო.

ანა 8-თვიანი დაიბადა ერთ-ერთი ცემის შემდეგ, – ნეკნებში მირტყა მაშინ. ტკივილები რომ დამეწყო და სამშობიაროში მივდიოდით, გამაფრთხილა თუ დაგილურჯდა, დამალეო. დავმალე…

3 კვირის შემდეგ, კლასელები მოვიდნენ ბავშვის სანახავად. იეჭვიანა და მთელი ღამე არ დამაძინა, შეურაცხყოფას მაყენებდა, დაძინებას რომ ვცდილობდი, თმით მწევდა და მისმინეო, მაიძულებდა.

იმ ღამეს რძე გამიშრა. დილის 7 საათზე ქუჩაში ხალათით დავრბოდი, რომ ღია აფთიაქი მენახა, შიმშილის გამო ატირებული ანასთვის საჭმელი რომ მომეტანა… არც ეგ იყო თითქოს ტრაგედია.
მერე სოფელში გამიშვა მოხუც ბებიასთან, თვითონ აქ თან მუშაობდა, თან ერთობოდა.

ამასობაში ისევ ორსულად დავრჩი. აბორტის ფული არ გვაქვს, გააჩინეო, გადაწყდა.

ჩამოსული იყო, ქორწილში გააპათოლოგა, სცემეს და საკმაოდ დიდ მანძილზე ზურგით ვათრიე. ორსულობა შეწყდა, ნუ გეშინია, ჩამოვაო, დედამთილმა დამაიმედა და ექიმთან ვერ წავედი. გამოფხეკვა დამჭირდა, სისხლი მეწამლებოდა და გუბე რომ დადგა საწოლში სისხლის, კეთილი ინებეს და წამიყვანეს.

იქ ფაქტობრივად ვშიმშილობდი, სანამ ჩემებმა არ გაიგეს და ისევ მიშველეს.
გადაწყდა, რომ ჩამოვსულიყავი. ამ პერიოდისთვის აბსოლუტურად უცხო იყო უკვე ჩემთვის, არანაირი სულიერი კავშირი. მოუნდებოდა ღამე – იზამდა და იძინებდა. ჩუმად ვდგებოდი და გვერდზე დივანზე ვწვებოდი, სუნთქვაც კი მძულდა მისი.

ბოლო წერტილი იყო, ანას საჭმლის ფული რომ მომპარა და ტოტალიზატორში წააგო. საღამოს აღმოვაჩინე რომ ფული აღარ იყო და მთელი ღამე შაქრიანი წყლით და თითით ვატყუებდი ბავშვს, თან ენტერო დაემართა და მთელი ღამე იტირა. ამაზეც გამარტყა, გააჩუმე, ვერ ვიძინებო. არადა, ერთი ოთახი იყო ვერსად გამყავდა.

მეორე დღეს წამოვედი… ჩემები მივიდნენ და მამას ვუთხარი, თუ არ წამიყვანთ, თავს მოვიკლავ-მეთქი. არადა, მართლა მქონდა შარფი მოქსოვილი ამისთვის… უბრალოდ, შესაფერის ადგილს ვეძებდი, რომ ვერავის ვეპოვე და გადავერჩინე.

მამამ წამომიყვანა. სანამ ნივთებს ჩავალაგებდი, ოთახში შემომყვა და გამაფრთხილა, კოჭებს დაგიხვრეტ სადმე და სახეს დაგისერავ, რომ არავინ შემოგხედოსო. სულ ერთი იყო… ბოლო ძალებს ვიკრებდი. ან გადავრჩებოდი ან…
2 თვე სახლიდან ვერ გავდიოდი, მეშინოდა. საწოლშიც ვერ ვწვებოდი, ვიჯექი და ისე მეძინა.
ძალით წამიყვანეს სალონში და თმა შემჭრეს. პირველად რომ მოღებული მაისური ჩავიცვი, მეგონა, შიშველი ვიყავი და ყველა მე მიყურებდა…

გავიგე, განაშებულხარო – მესიჯი მომწერა, – ქუჩაში უკან იყურე, რა იცი, რა ხდებაო…

აი ეს მესიჯი მომდევნო 5 წელი ყოველ წამს მახსოვდა, როცა ქუჩაში გავდიოდი, ვიყურებოდი, ველოდი.
2 ადგილზე დავიწყე მუშაობა, ანა რომ 8 თვის გახდა. გამოვტოვე პირველი კბილი, პირველი ნაბიჯები ტელეფონზე მაჩვენეს, პირველ ზეიმს ვერ დავესწარი, მაგრამ გავზარდე, ერთად გავიზარდეთ, იმიტომ, რომ როცა ჯოჯოხეთში დავბინავდი, 18 წლის ვიყავი, 19 წლის 6 თვის ბავშვით ხელში დავრჩი. სამაგიეროდ ვგრძნობდი, რომ ვსუნთქავდი.

მიჭირდა? კი, მიჭირდა. იყო პერიოდი, რომ ფეხსაცმელს ძირი ისე გაუცვდა, რომ ასფალტზე ფეხის გულს ვაბჯენდი. კოჟრები მქონდა, ერთი ჯინსი მქონდა, რომელსაც საღამოს ვრეცხავდი და დილას ისევ ვიცვამდი. იყო დღეები, რომ სამსახურში მთელი დღე ვერაფერს ვჭამდი, ვერ ვხარჯავდი, იმიტომ, რომ ანას ბევრი სჭირდებოდა.

სამაგიეროდ გადავრჩი და ანაც გადავარჩინე. ჯანსაღ გარემოში გაიზარდა, მე ვაკლდი ის პერიოდი, მაგრამ ჯანმრთელი ფსიქიკით გავზარდე.

ჰოდა თუ ამას კითხულობ, თუ გგონია, რომ არაფერი გამოვა, თუ გგონია, რომ მის გარეშე დაიღუპები ან ვერაფერს შეძლებ, ცდები…

ყველაფერი გამოგივა, გადარჩები და უკეთესი ცხოვრება გექნება, გესმის?

მთავარია, ძალა იპოვო და გადარჩე“,- წერს ანონიმური წყარო.