Digest Logo

„როცა აყვავდა ნუში“ – საინტერესო ამბები ფილმის გადაღების პროცესიდან

1619268045
როცა აყვავდა ნუში

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისში რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმის „როცა აყვავდა ნუში“ ეკრანზე გამოჩენამ არაერთი ადამიანი გაანაწყენა – ისინი, ვისაც პირდაპირ თუ ირიბად შეეხო ფილმში მოთხრობილი ამბები და ვინც კინოგმირებში საკუთარი თავი შეიცნო.

იმ დროს თბილისში სკანდალურად გახმაურებული სათხილამურო შეჯიბრი ბაკურიანში (ფილმში ველოსიპედებით შეჯიბრია) და საშინელი ავარია, რომელმაც ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეიწირა (როგორც ფილმშია, ცდილობდნენ დაღუპულისთვის დაებრალებინათ, თითქოს საჭესთან ის იჯდა) სცენარის ავტორებმა, ზაირა არსენიშვილმა და ლანა ღოღობერიძემ მართლაც ბრწყინვალედ დაუკავშირეს ერთმანეთს და მთელი სისრულით გადმოსცეს პრობლემა, რომელიც იმ პერიოდში საზოგადოების წინაშე იდგა. ამ სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმს აგერ უკვე 49 წელია („როცა აყვავდა ნუში“ეკრანებზე 1972 წელს გამოვიდა), გაუნელებელი ინტერესით უყურებს ქართველი მაყურებელი.

***

ფილმის მთავარი გმირის, ზურაბ ყიფშიძის პირველი როლი კინოში პატარა კოჭოია იყო ფილმში „მაცი ხვიტია“, შემდეგ „წუთისოფელში“ აფრასიონი ითამაშა, მოსახელე პერსიონაჟი კი მესამე ფილმში – „როცა აყვავდა ნუში“ განასახიერა.

კინოსურათის კომპოზიტორია უდიდესი ხელოვანი გია ყანჩელი. „როცა აყვავდა ნუშის“ გარდა ბატონ გიას ეკუთვნის მუსიკა ფილმებისთვის: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ და სხვ.


„უნიკალურია ყანჩელის მუსიკა ამ ფილმში, სხვა ფილმებზე საუბარი არ მაქვს, აქ თითქოს რაღაც განსაკუთრებული შექმნა“, – ამბობს ლანა ღოღობერიძე და „როცა აყვავდა ნუშზე“ საუბრისას ყოველთვის ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ზურა ყიფშიძე მსახიობადაა დაბადებული და მთავარი გმირის შერჩევა არ გასჭირვებიათ. „ამ ბიჭში თავმოყრილი იყო თაობის ყველა თვისება. ლამაზი, მოხდენილი, ელეგანტური, გათამამებული და თავხედი ახალგაზრდა… ფილმში მისი ანტიპოდი გოგა ფიფიაა, აი, ის კი ბევრი სინჯის შემდეგ ვიპოვეთ“.

ფილმში ყველას ყურადღებას იპყრობს მომხიბლავი გოგონა – ხათუნა, რომელიც თინა ვარდანაშვილმა განასახიერა. სამწუხაროდ, თინა ვარდანაშვილი დღეს ცოცხალი აღარ არის, იგი 2016 წელს გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. თინა ვარდანაშვილი პროფესიით არა მსახიობი, არამედ გეოფიზიკოსი იყო. სად ხელოვნება და სად ჩემი პროფესიაო, ამბობდა, მაგრამ ძალიან უნდოდა ფილმში გადაღება და აუსრულდა კიდეც სურვილი. აი, როგორ გაიხსენა ქალბატონმა თინამ ჩვენთან შეხვედრისას „მისი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდი – ნუშის ყვავილობის ხანა“:

„პირველად ქალბატონ ლანას მის სახლში შევხვდი მაშინ იგი ფალიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. დამირეკეს და მითხრეს, მასთან მივსულიყავი. მახსოვს, კარი ბატონმა ლადო მესხიშვილმა (ლანა ღოღობერიძის მეუღლე – თ. ო.) გამიღო, რომელმაც ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. იგი მართლაც არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. მერე, როდესაც ბიჭვინთაში გვქონდა გადაღებები, იქაც ჩამოვიდა. რესტორანში გვეპატიჟებოდა, სწორად ცურვას გვასწავლიდა, საინტერესო ამბებს გვიყვებოდა – ყველა აღტაცებული იყო მისით… მოკლედ, ქალბატონმა ლანამ სცენარი მომცა და მეორე დღეს სტუდიაში დამიბარა, სადაც რაღაც რეპეტიციასავით გავიარეთ. გადაიღეს სინჯები ფოტოზეც და ფირზეც… ამის შემდეგ თითქმის ორი თვე გავიდა. მეგონა, უარს მეუბნებოდნენ და ძალიან მწყდებოდა გული, რადგან უზომოდ მინდოდა ფილმში გადაღება. ან რომელი ახალგაზრდა არ ოცნებობს ამაზე?

მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი, თვრამეტის გადაღების დროს გავხდი.

გადაღებები თბილისსა და ბიჭვინთაში

„როცა აყვავდა ნუშის“ გადაღებები თბილისსა და ბიჭვინთაში მიმდინარეობდა. გადამღები ჯგუფი ოცდაოთხ დღეს ბიჭვინთის „შემოქმედთა სახლში“ ცხოვრობდა. მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ – ფილმის გადაღებასაც ასწრებდნენ და ზღვაზე დასვენებასაც. რაც კი ფილმში ზღვის პირას და ტყეში გადაღებული კადრებია, ყველაფერი ბიჭვინთაშია გადაღებული.

„ძალიან მეგობრული ჯგუფი გვყავდა. სულ ერთად ვიყავით. დილით გადაღებაზე მივდიოდით და სანამ ამინდი ხელს გვიწყობდა, ვმუშაობდით, თავისუფალ დროს კი მაქსიმალურად ვიყენებდით. თითქმის ყველანი პირველად ვიყავით მშობლების გარეშე წასულები და ძალიან ლაღად და თავისუფლად ვგრძნობდით თავს. რა თქმა უნდა, უფროსები შორიდან გვადევნებდნენ თვალყურს, მაგრამ მაინცდამაინც არ ერეოდნენ ჩვენს ურთიერთობებში. ისეთ ასაკში ვიყავით, რომ შეიძლებოდა სასიყვარულო რომანებიც დაწყებულიყო ჯგუფის წევრებს შორის, მაგრამ მსგავსი გრძნობა არ დაბადებულა, ალბათ იმიტომაც, რომ განცალკევების საშუალება არ გვქონია, სულ ერთად ვიყავით. „შემოქმედთა სახლში“, სადაც ვცხოვრობდით, ბოლო სართულზე ბარი იყო და ყოველ საღამოს იქ ვერთობოდით. ისე ვიყავით დაკავებულები, რომ თითქმის დროც კი აღარ გვრჩებოდა განმარტოებისთვის, რომანტიისთვის…

მახსოვს, ერთხელ მთელი ჯგუფი ღამით ლიძავაში გავიპარეთ, ლექსოს როლის შემსრულებელს, გოგა ფიფიას, მაშინ აგარაკი ჰქონდა ლიძავაში და იქ წავედით. მაგრამ სახლში არც კი შევსულვართ, ჩავედით პლაჟზე, ვიცურავეთ, ვიმხიარულეთ, და ღამის სამ საათზე, სველები, უკან წამოვედით. მაისი იყო, გზაში შეგვცივდა და ვიღაცას მივუბრახუნეთ კარზე – ღამე სადმე ხომ უნდა გაგვეთენებინა? როგორც იყო, გავათენეთ, დილით კი ჩუმად შევიპარეთ ოთახებში და ისე წავედით გადაღებაზე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს…

ასეთი პატარ-პატარა კურიოზები ყოველდღე ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ იმ ოცდაოთხი დღის განმავლობაში საერთოდ არ გვიძინია ნორმალურად. სამ საათზე ადრე არ ვწვებოდით, დილის ათ საათზე კი უკვე გადაღებაზე ვიყავით, მაგრამ იმდენად სასიამოვნო გარემო იყო ირგვლივ, რომ დაღლას ვერ ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ, პირადად მე კამერასთან ურთიერთობა მიჭირდა. მახსოვს, როგორ მეხმარებოდა ხოლმე ზურა პარტნიორობისას…“ – იხსენებდა ქალბატონი თინა.

– ფილმში ზურას მამის (ნიკო) როლს დოდო აბაშიძე ასრულებს. ბატონი დოდო არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, უიშვიათესი პიროვნება. იგი სულ რაღაც ორი დღით იყო ჩამოსული ბიჭვინთაში, მაგრამ ამ ორ დღეში თითქმის ყველაფერი მოასწრო: ერთად ვიყავით პლაჟზე, ვიცურავეთ, თავისებურად იბუხუნა, გვაცინა და ამ ორ დღეში უფრო დაგვაახლოვა, ვიდრე იმ რამდენიმე დუბლმა, რომელიც ერთად გადავიღეთ. ფილმში მე მხოლოდ გასვენების სცენაში მაქვს მასთან შეხების წერტილი, როდესაც იგი მიყვირის. მასთან ერთად სხვა ეპიზოდების გადაღებაში არ ვმონაწილეობდი, ამიტომ ურთიერთობაც არ გვქონია. მახსოვს, ბიჭვინთაში რომ ჩამოვიდა, თავზე რეზინის ქუდი მეხურა, რომელსაც თითქმის ვერცხლისფერი თმა ჰქონდა ზემოდან. მაშინ ასეთი ქუდი იშვიათად თუ ჰქონდა ვინმეს. დამინახა თუ არა, მომხადა, თვითონ დაიხურა და ცხადია, გამიხია. იცით, როგორ მეწყინა? კინაღამ ვიტირე, მაგრამ დოდო აბაშიძეს რამეს როგორ ვეტყოდი?

სხვათა შორის, დოდო აბაშიძე ჩემი დედამთილის – ლიზა უნდრიცის (ქალბატონი თინა ქართველი გრაფიკოსის, ფერმწერის, სერგო ქობულაძის რძალი იყო) ძალიან ახლო მეგობარი იყო. მისი მსგავსი შესანიშნავი, სიცოცხლით სავსე და მეგობრული ადამიანი იშვიათად დაიბადება ამქვეყნად. რა ვიცი, სხვა რა გითხრათ?

ფილმში ხათუნას თქვენვე ახმოვანებთ?

არა, თქვენ წარმოიდგინეთ, გახმოვანებითაც კი ვერ გავახმოვანე (ხათუნას თინა მგალობლიშვილი ახმოვანებს). სხვათა შორის, მე და გოგას გარდა, ყველა თვითონ ახმოვანებს თავის როლს…

საინტერესოა, რამდენად ჰგავხართ თქვენს გმირს?

ისეთი ტრაგიკული არ ვყოფილვარ, როგორც ჩემი გმირია. მის ხასიათში ბევრი პრინციპული შტრიხია, თუნდაც ის, რომ მან ზურას საქციელი არ მოიწონა.

თქვენ მოგეწონებოდათ?

იმ ამბავმა, რომელიც ნამდვილად მოხდა ბაკურიანში შეჯიბრების დროს, ჩემში საკმაოდ ცუდი რეაქცია გამოიწვია, მაგრამ რატომღაც არ მგონია, რომ ასე მძიმედ ჩავრეულიყავი იმ საქმეში და ისეთი კრიტიკა დამეწყო, როგორც ამას ხათუნა აკეთებს. სანამ ფილმის გადაღებები დაიწყებოდა, მანამდე ყველამ ვიცოდით ამ ფაქტის თაობაზე და ცხადია, არავის მოგვწონდა. იგივე შეიძლება ითქვას ავარიის შემთხვევაზე, როცა უნდოდათ, გარდაცვლილისთვის დაებრალებინათ, თითქოს ის იჯდა საჭესთან.

გოგო თუ იყო ამ ფაქტებთან რაიმე კავშირში?

ბუნდოვნად მახსოვს, რომ რომელიღაც ამბავში გოგონა ფიგურირებდა, მაგრამ იგი არაფერ შუაში არ ყოფილა…

როგორც ვიცი, ზურაბ ყიფშიძეს დუბლიორი ჰყავდა ავარიის ეპიზოდში, ვინ იყო?

ერთი დუბლიორი ჰყავდა – ჩომბეს ეძახდნენ… სამწუხაროდ, მისი გვარი და სახელი არ მახსოვს.

ვარსკვლავის დაბადება

ზურაბ ყიფშიძე თბილისში არ იყო, როდესაც ფილმი ეკრანებზე გამოვიდა, მოსკოვში გაემგზავრა სასწავლებლად და ის აჟიოტაჟი, რომელიც საქართველოში ატყდა, არ უნახავს. არადა, ამ როლით ზურა საქართველოში ყველაზე პოპულარული ბიჭი გახდა, თაობის სიმბოლო. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ კადრი, სადაც მომხიბვლელი ბიჭი აყვავებული ნუშის რტოებით ხელში რუსთაველის პროსპექტზე მიაბიჯებს, ვარსკვლავის დაბადებად იქცა.

ზურა ყიფშიძე: „იმ 50-60 ფილმიდან, რომელშიც გადამიღეს, ყურადსაღები და საინტერესო შეიძლება იყოს სადღაც ათი ფილმი, მაგრამ აქ, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც „როცა აყვავდა ნუში“ აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ პირველი ფილმი იყო, რომელიც ახალგაზრდობის მტკივნეულ პრობლემას ეხებოდა. ამ დროს ნერვებს მიშლის ის გაპრანჭული, გატყლარჭული ბიჭი, ბაკენბარდებით. ახლახან ვუყურე და გამაღიზიანა, სულ ვფიქრობდი, მეთქი ერთ მართალ სიტყვას იტყვი, შენი დედა ვატირე? თავის დროზე მე თვითონ ვერ ვიტანდი ეგეთ ტიპებს. ვინც არ მიცნობდა, შეიძლება ეფიქრა, ზუსტად ზურაზეა ეს ფილმიო, ამ დროს არ იყო ასე, სხვათა შორის, გოგა ფიფია გაცილებით თავქარიანი იყო, ვიდრე მე, მანქანის ტარებაც არ ვიცოდი მაშინ, იყო დუბლიორები და ერთი ამბავი (ჟურნალი „სახელები“. ყოველწლიური გამოცემა).

ფილმში ზურას მეგობრებს ეკა მაღალაშვილი და კახა ჩიტაია განასახიერებენ. პუტკუნა ეკას და სათვალებიან დადებით პერსონაჟს – კახას, ისევე როგორც ზურაბ ყიფშიძის გმირს, თავიანთი სახელები ჰქვიათ. მათ დასამახსოვრებელი სახეები შექმნეს, მაგრამ სამსახიობო კარიერა არ გაუგრძელებიათ. მხოლოდ ერთხელ ითამაშეს ფილმში. ეკა მაღალაშვილი პროფესიით მხატვარია, კახა ჩიტაია კი – ფიზიკოსი.

სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი აღარ არის მსახიობი ლიკა ქავჟარაძე, რომელიც ფილმში ერთ-ერთ ულამაზეს კადრში ჩანს – ნუშის ტოტი უჭირავს ხელში. ამ ეპიზოდში რომ გადაიღეს, ლიკა 13 წლის იყო.

ცოცხალი არ არის ასევე ლექსოს როლის შემსრულებელი მსახიობი და ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კეთილშობილი და კოლორიტული პიროვნება გოგა ფიფია. იგი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე თბილისის პირველ საავადმყოფოში მუშაობდა.

მაყურებელს იგი „მზიურის“ შესახებ გადაღებული ფილმიდანაც ახსოვს, მონაწილეოდა ასევე ფილმში „მშვიდობიანი დღეები“. მისი პოპულარობა და ხალხის სიყვარული განსაკუთრებით „როცა აყვავდა ნუშში“ შესრულებულმა როლმა განაპირობა.

ეს ფილმი გამორჩეულია იმითაც, რომ მასში ხათუნას მამის, გიორგის როლი დიდი სიამოვნებით ითამაშა ჭაბუა ამირეჯიბმა. აღარაფერს ვამბობთ სესილია თაყაიშვილზე, რომელიც უკვე სახელმოხვეჭილი მსხიობი იყო. დოდო აბაშიძისა და მისი დუეტი მაყურებელს ნამდვილად არასოდეს დაავიწყდება.

ფილმმა 1973 წელს საკავშირო კინოფესტივალის პრემია დაიმსახურა საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის.

წყარო: nostal.ge