Digest Logo

სასტიკი მკვლელობა თბილისში - მეეზოვემ 2 ადამიანი სადისტურად მოკლა, 1 დაჭრა, ცოლს კი სასტიკად სცემა

1635239024
მეეზოვე

90-იანი წლების ჭრილობებს ქვეყანა დღემდე იშუშებს. ეს იყო პერიოდი, როცა ქართველებმა ერთმანეთი არ დავზოგეთ და ქუჩაში ადამიანების ჩაცხრილვა, გამოსასყიდის მიზნით გატაცება, ყაჩაღობა, სამოქალაქო ომი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ამიტომ, აღარავის უკვირდა ვინმეს მკვლელობა, დაყაჩაღება, დაუთოება, უგზო-უკვლოდ დაკარგვა... ათეულობით ადამიანის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია - ისინი, უბრალოდ, გაქრნენ და სავარაუდოდ, მიწის ქვეშ ან წყლის ფსკერზე განისვენებენ. 

„მაშინ მილიცია გვამების შეგროვებით იყო დაკავებული. ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვიტყვი - იყო პერიოდი, როცა გვესმოდა სროლა და არ მივდიოდით, რადგან საკუთარ სიცოცხლეს ვუფრთხილდებოდით. არ გვქონდა ისეთი იარაღი, რომელსაც ავტომატის და არცთუ იშვიათად, ყუმბარმტყორცნის წინააღმდეგ გამოვიყენებდით, ამიტომ როცა ყველაფერი დასრულდებოდა, გვამები პროზექტურაში მიგვქონდა. შემდეგ იყო ძიება და როცა დამნაშავის კვალზე გავიდოდით, ვარკვევდით, რომ მის უკან კარგად შეიარაღებული, ორგანიზებული ბანდები იდგნენ, რომლებიც მზად იყვნენ, მილიციის განყოფილება კი არა, სამინისტროს შენობაც კი შტურმით აეღოთ“, - ჰყვება პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ასეთ პირობებში არავის გაჰკვირვებია, რომ ერთ-ერთი საცხოვრებლის სარდაფში გვამი აღმოაჩინეს. ადგილზე გასულ სამართალდამცველებს ფეხებით ჭერზე დაკიდებული მამაკაცი დახვდათ, რომელსაც პირი აკრული ჰქონდა. გვამს სხეულზე ძალადობის კვალი და ჭრილობა არ ეტყობოდა. ექსპერტიზამ დასკვნა დადო - მამაკაცი წამებით მოკვდა, საკმარისზე მეტი დროით იყო ჩამოკიდებული, ამ დროს, ტვინში სისხლის ჩაქცევა ხდება და სიკვდილი გარდაუვალია. გარდაცვლილის ვინაობაც მალე დადგინდა - ერთ-ერთი დაჯგუფების აქტიური წევრი და ამიტომ, სამართალდამცველებმა ჩათვალეს, რომ ეს რიგითი შურისძიება იყო. მით უმეტეს, მეორე დღეს, გარდაცვლილის უახლოესი მეგობარი, უკვე საკუთარი კორპუსის სარდაფში, ზუსტად იგივე მდგომარეობაში იპოვეს.

„ამ ორს კიდევ ერთი ძმაკაცი ჰყავდა, ეს სამეული მუდმივად ერთად მოძრაობდნენ და ამიტომ, მისი ძებნა დავიწყეთ, თუმცა კვალს ვერ მივაგენით. არც ოჯახმა იცოდა სად იყო, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ისიც სადღაც მოკლეს და ადრე თუ გვიან, ან ვიპოვიდით, ან - არა. ამის მიუხედავად, უბანში მოვიკითხეთ, ვინმესთან კონფლიქტი ხომ არ მოსვლია ამ სამეულს და ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამეული მეეზოვეს ეკამათა, შემდეგ კი ყველაფერი მუშტი-კრივით დასრულდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

მეეზოვის ნახვის შემდეგ, სამართალდამცველები დარწმუნდნენ, რომ ის მომხდართან კავშირში ვერ იქნებოდა. კაცს მეტყველება უჭირდა, ერთი ფეხით კოჭლობდა და როგორც კი გამომძიებლებმა კითხვა სამეულზე დაუსვეს, მათი დასჯა მოითხოვა ანუ ისიც კი არ იცოდა, რომ სამიდან ორი გარდაცვლილი იყო. ყოველი შემთხვევისთვის, ბანდის მესამე წევრის ოჯახის ნომერი მოსმენაზე „დასვეს“ და შედეგიც მიიღეს. გაუჩინარებულმა კაცმა რამდენიმე დღეში დარეკა, დას ფულის მიტანა სთხოვა და ისიც უთხრა, ვიღაც ჩვენზე ნადირობს, სანამ არ გავარკვევ, ვინ არის, ვერ გამოვჩნდებიო.

ფულის გადაცემა სახლთან ახლოს, მცირე სკვერში უნდა მომხდარიყო. სამართალდაცავებმა ყველა გასასვლელი გადაკეტეს და მის გამოჩენას დაელოდნენ. ისიც გამოჩნდა, დისკენ ღიმილიანი სახით გაემართა, როცა გზად ვიღაც გადაუდგა და გულის მხარეს დანა დაარტყა, შეატოვა და გაიქცა. ეს მილიციისთვის იმდენად მოულოდნელი გახლდათ, რომ ყველა დაჭრილს მისცვივდა, თავდამსხმელი კი მშვიდად მიიმალა.

„აღნიშნულ ოპერაციაზე მეც ვიყავი და ბოლო ხმაზე ვღრიალებდი, ყველა საეჭვო პირი გააჩერეთ და გაჩხრიკეთ-მეთქი, თუმცა სამიოდე მოხუცისა და იმავე მეეზოვის გარდა, ვერავინ ვნახეთ. მეეზოვე სიხარულით ტაშს უკრავდა, კარგია, რომ მოკლეს, ცუდი კაცი იყოო. როგორც იქნა, თავიდან მოვიშორე და ექიმებს ვემუდარებოდი, დაჭრილი გადაერჩინათ“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ექიმებმა სასწაული მოახდინეს და ურთულესი ოპერაციის შემდეგ, დაჭრილი გადარჩა, თუმცა მისი დაკითხვა მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოხერხდა. მისმა ჩვენებამ გამოძიება საერთოდ დააბნია - დაჭრილმა თავდამსხმელი მეეზოვეს მიამსგავსა. ყველაფერი ეს ზღაპარს ჰგავდა, რადგან მეეზოვე, ნახევრად ხეიბარი კაცი, ჯან-ღონით სავსე სამ თავზეხელაღებულ კრიმინალს ვერ გაუსწორდებოდა, მაგრამ გამომძიებლებს მეტი გზა არ ჰქონდათ, ამ ვერსიაზე უნდა ემუშავათ და ამიტომ, მეეზოვის შესწავლა დაიწყეს. ასეთ დროს, ყველაზე კარგი მთხრობელები კორპუსში მცხოვრები პენსიონერები არიან და ოპერმუშაკებმაც სწორედ მათი გამოკითხვა გადაწყვიტეს, თან უკვე იცოდნენ, რომ მეეზოვე უბრალო კაცი არ იყო, თავის დროზე სადესანტო ნაწილში მსახურობდა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, ომის ვეტერანი და ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი გახლდათ. ნაღმზე აფეთქების შედეგად კი დაკოჭლდა და კანტუზიამ მეტყველების პრობლემა დაუტოვა.

პენსიონერების გამოკითხვამ სამართალდამცველები საერთოდ გადარია.

„ამ მეეზოვეს ჰგონია, რომ ყველაზე ჭკვიანია და ვერ ვხვდებით, ცოლი რომ გააქრო და მის ნაცვლად, სახლში, ცოლის და ჰყავს. მაგის ცოლს ყველა თითი აქვს, ცოლის დას კი მარჯვენა ხელის ნეკა თითზე, ფრჩხილის ფალანგა აკლია. ჰოდა, ახლა ცოლის და დადის ყოველ დღე სამსახურში, ვითომ ცოლია და ეს მეეზოვეც ისევე აცილებს, როგორც ცოლს, სინამდვილეში კი, ცოლის დაა“, - თქვა ერთ-ერთმა პენსიონერმა.

ეს რაღაც ახალი იყო, ამიტომ გამომძიებლები მეეზოვის პერსონას უფრო ჩაუღრმავდნენ და გაარკვიეს, რომ მის მეუღლეს, ტყუპისცალი მართლაც ჰყავდა. ის სოფელში ცხოვრობდა და ორიოდე კვირის წინ, სოფლიდან დასთან სტუმრად წავიდა. დრო აღარ ითმენდა, მილიციას ზომები უნდა მიეღო - მეეზოვის დაკავების გარდა, უნდა დაეპატიმრებინათ მისი ცოლის დაც. რაც მთავარია, ბინა უნდა გაეჩხრიკათ და გაეგოთ, სად იმყოფებოდა ნამდვილი ცოლი. შინაგანად, ყველას ეგონა, რომ მეეზოვემ ის, უბრალოდ, კრიმინალებს მოაცილებინა, შემდეგ კი მათი მოკვლა განიზრახა.

სპეცოპერაციის ჩატარება მაშინ გადაწყდა, როცა მეეზოვე ეზოში იყო, მისი ცოლის და კი - სახლში. სამმა სამართალდამცავმა, ერთი შეხედვით, ხეიბარი მეეზოვე წვალებით გააკავა. შინ შესულებს კი საოცარი სურათი დახვდათ - საძინებელში, ლოგინში რაღაც არსება იწვა, რომელსაც ისე ჰქონდა სახე დასიებულ-დალურჯებული, ვერ გაარჩევდი, კაცი იყო თუ ქალი, ცოლის და კი სასთუმალთან იჯდა და რუდუნებით უვლიდა.

„იმის მიუხედავად, რომ ნახევარი კაცი დავრჩი, ჩემს ცოლს ერთხელაც არ უგრძნობინებია, მიტოვებას ვაპირებო. მას ისევე ვუყვარდი და ისევე მცემდა პატივს, როგორც მაშინ, როცა სრულიად ჯანმრთელი ვიყავი. მეზოვედ მუშაობა იმიტომ დავიწყე, რომ ოჯახში მეც რაღაც შემეტანა, ცოლიც მუშაობდა და წავეშველებოდი. ნახევარ კაცს ვინ მიმიღებდა ნორმალურ სამსახურში, მეეზოვეობა კი არავის უნდოდა. ერთ დღეს დავინახე, ჩემი ცოლი შინ ბრუნდებოდა, ეს სამეული ნასვამი იყო და ერთ-ერთმა უკანალზე ხელი ამოარტყა. ცოლმა ვერაფერი გაუბედა, თავი დახარა და წამოვიდა. მაშინვე მივვარდი, მაგრამ სამი კაცი მომერია, თუმცა ესეც არ იკმარეს - მეორე დღეს, ისევ ნასვამებმა ჩემი ცოლი დაიჭირეს და სასტიკად სცემეს. ამბავი არ გავახმაურე, სოფლიდან ცოლის და ჩამოვიყვანე, ცოლის როლი რომ ეთამაშა, დისთვის მოევლო და მეზობლებს არაფერი გაეგოთ. შურისძიება გადავწყვიტე და ვიცოდი, რომ ცალ-ცალკე ვერ მაჯობებდნენ. ჯერ ერთი დავიჭირე და საქმის გასარჩევად სარდაფში ჩავიყვანე. მედესანტის გამოცდილება გამომადგა, მარტივად გავუმკლავდი და დავკიდე - სასიკვდილოდ გავიმეტე, შემდეგ მეორე და ის მესამე გამექცა. როცა სკვერში ამდენი სამართალდამცველი დავინახე, მივხვდი, მესამეს ელოდებოდნენ, გამოვიცვალე და ვწუხვარ, მიწა კიდევ ერთი ნაძირალისგან რომ არ გავათავისუფლე. მე არსად გავქცეულვარ, უბრალოდ, იქვე, ბუჩქებში, ტანსაცმელი გამოვიცვალე და გამოგეცხადეთ. ჩადენილს არ ვნანობ“, - განაცხადა დაკითხვისას მეეზოვემ.

ორი ადამიანის მკვლელობისა და ერთის მკვლელობის მცდელობის გამო, სასამართლომ დაკავებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მან 12 წელი გაატარა, თავისუფლებაზე გამოსულს, ციხის კართან, ცოლი ელოდა!

მასალა მომზადებულია ჟურნალს „ვერსიაზე“ დაყრდნობით.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵თბილისში 34 წლის მეძავ ქალს თავი მოაჭრეს

🔵თბილისში 17 წლის ბიჭმა საკუთარი მასწავლებელი მოკლა და შემდეგ თითი მოაჭრა

🔵რატომ ხოცავდა ახალგაზრდა მეძავებს ცნობილი თბილისელი ექიმი და-ძმა

🔵ნაჯახით დაჩეხილი სხეულის ნაწილები სისხლში ცურავდა - თბილისში აფაქიების ოჯახი სადისტურად ამოხოცეს