„ჩემი დიდი ხნის საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ. მას შემდეგ არაერთი წელი გავიდა, მაგრამ, იმდენად ვეღარ ვიტევ გულში ამ ტკივილს, რომ, გადავწყვიტე, გიამბოთ – იქნებ ამით ცოტათი მაინც შემიმსუბუქდეს ის საშინელი განცდა, რომელიც რამდენიმე წელია, თან მდევს“,- ამბავს სექსუალური ძალადობის შესახებ ჟურნალი „თბილისელები“ ავრცელებს.
„სტუდენტობის პერიოდში, ზაფხულის არდადეგებზე, მე და ჩემი დაქალი მეგობრის დაბადების დღეზე წავედით ბათუმში. რომ ჩავედით, თავსხმა წვიმა დაგვხვდა და გავცივდი. დაბადების დღემ მშვიდობიანად ჩაიარა და მეორე საღამოს წამოვედით „მარშრუტკით“ – აღარ დავრჩით, რადგან თბილისში აუცილებელი საქმე გვქონდა.
ხაშურს რომ მივუახლოვდით, „მარშრუტკა“ გაფუჭდა, სხვა ტრანსპორტმაც აღარ ჩამოიარა, თბილისამდე ჩამოსასვლელი ტაქსის ფული კი აღარ გვქონდა, არადა, უკვე ბნელოდა. რა გვექნა, არ ვიცოდით, მაგრამ, უცებ გაგვახსენდა, რომ ხაშურთან ახლოს, ერთ სოფელში ჩვენი ჯგუფელი ცხოვრობდა.
ვიცოდით, რომ იქ უნდა ყოფილიყო და გადავწყვიტეთ, მასთან მივსულიყავით ღამის გასათევად. სახლშიც რომ არ დაგვხვედროდა, მისი მშობლები ქუჩაში ხომ არ დაგვტოვებდნენ?
საბედნიეროდ, ია შინ დაგვხვდა. სიხარულით მიგვიღეს, გვავახშმეს და ლოგინებიც გაგვიშალეს. ისე მოხდა, რომ ჩემი დაქალი იას ოთახში დაწვა, მე კი – ცალკე, პატარა ოთახში დამაწვინეს, რადგან იასთან მეტი საწოლი არ იდგა. დაღლილი ვიყავი და მალე დამეძინა. შუაღამისას კი რაღაც ფაჩუნმა და ჭრიალმა გამაღვიძა.
შეშინებულმა გავახილე თვალი და, ის იყო, შიშისგან უნდა მეყვირა, რომ ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა და გამაკავა. მერე აღარაფერი მახსოვს, რადგან, ეტყობა, გული წამივიდა. გონს რომ მოვედი, დავინახე, რომ იას მამა შარვალს იცვამდა. თვალგახელილი რომ დამინახა, მომიახლოვდა, ჩემ სახესთან დაიხარა და მუქარით მითხრა: ხმა არ ამოიღო, თორემ, ყველაფერს შენ დაგაბრალებ და ისე მოგჭრი თავს, სახლიდან გამოსვლის სურვილიც აღარ გექნებაო.
მაინც ბავშვი და გამოუცდელი ვიყავი, ვიფიქრე, მართლა შეასრულებს თავის მუქარას-მეთქი და შიშისგან მართლაც არ ამომიღია ხმა. გათენდა თუ არა, ჩემი დაქალი გავაღვიძე და სასწრაფოდ წამოვედით იქიდან. მასპინძლები ძალიან გვეხვეწებოდნენ, რამდენიმე დღით კიდევ დარჩითო (განსაკუთრებით იას მამა იკლავდა თავს), მაგრამ, როგორც იტყვიან, უკანმოუხედავად გამოვიქეცი იქიდან. ჩემს დაქალს უკვირდა, რა დაგემართაო, მაგრამ იმისთვისაც არაფერი მითქვამს.
თბილისში რომ ჩამოვედი, სიცხემ ამიწია და მთელი ორი კვირა ისე ცუდად ვიყავი, კინაღამ მოვკვდი. რადგან გაციებული ვიყავი, ყველას ეგონა, გრიპი გამირთულდა, მაგრამ, მე ხომ ვიცოდი, რაც იყო ნამდვილი მიზეზი.
იმის შემდეგ 7-8 წელია გასული და დღემდე საშინლად მძულს მამაკაცები. ახალგაზრდა გოგო ვარ და ჯერ შეყვარებული არ მყოლია, ყველა ბიჭი მეზიზღება, გათხოვების ხსენებაზეც კი მაჟრიალებს.
ზუსტად ვიცი, რომ ფსიქიატრთან თუ არა, ფსიქოლოგთან მაინც ვარ მისასვლელი, მაგრამ, მაშინ ყველაფრის მოყოლა მომიწევს, რისი გაკეთებაც საშინლად არ მინდა. არადა, როდემდე გავძლებ ასე, არ ვიცი. მეშინია, მართლა არ გავგიჟდე“- ჰყვება ანონიმური წყარო.