59 წლის ვლადიმერ ჩ-ოვი შვილის, 32 წლის ლევან ჩ-ოვის სხეულის დაზიანებისა და რძლის, ნათია ქ-შვილის მკვლელობისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა წარსულში ორჯერ ნასამართლევი მამაკაცი მეგობრის აგარაკზე აიყვანეს, სადაც ის ორი დღის განმავლობაში ემალებოდა გამოძიებას. ვლადიმერ ჩ-ოვმა სამართალდამცველებს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია. გაქცევის მცდელობისას ის ფეხში დაჭრეს.
საქმის მასალების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვლადიმერ ჩ-ოვმა საკუთარ სახლში დანით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა რძალს, ნათია ქ-შვილს, რომელიც მიღებული დაზიანებებისგან ადგილზევე გარდაიცვალა, მან ასევე, დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა შვილს, რომელსაც ცოლი სამი თვის მოყვანილი ჰყავდა. ლევან ჩ-ოვს ორი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
რა გახდა ოჯახური კონფლიქტისა და მძიმე დანაშაულის მოტივი, ამის შესახებ გამოძიებისთვის ბრალდებულის მეუღლის დაკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც რძლის მკვლელობას და შვილისთვის მძიმე დაზიანების მიყენებას შეესწრო.
ამის გამო მას შოკური მდგომარეობიდან გამოსვლა გაუჭირდა. ამონაწერი ლეილა ს-იას ჩვენებიდან:
„ჩემმა შვილმა ნათია სამი თვის წინ შეირთო ცოლად. ლევანი პირველ ცოლს ამ ქალის გამო დაშორდა, რასაც ჩემი ქმარი ძალიან განიცდიდა. ერთი თვე ლევანსა და ნათიას სახლში არ უშვებდა, პირველ რძალსა და ჩვენს ორ შვილიშვილს მისტიროდა.
როცა ლევანმა ნათია სახლში მოიყვანა, მთელი თვე ხმას არ სცემდა, თავს არიდებდა, საერთოდ არ ეკონტაქტებოდა. ჩემს ქმარს ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, მით უმეტეს, სიმთვრალეში და მეშინოდა, მამა-შვილს შორის რამე არ მომხდარიყო.
სულ ვეუბნებოდი, შეეგუე ახალ რძალს, შენს შვილს აღარ უნდა ყოფილი ცოლი და შენ ვინ გეკითხება, რომ ერევი და ამის გამო შვილთან კონფლიტს არ გაურბიხარ-მეთქი. ერთ დღეს ლევანმა ისიც კი მითხრა: მამა აზრს თუ არ შეიცვლის, ამ სახლიდან ცოლთან ერთად წავალ და უკან აღარ დავბრუნდებიო. ყოველდღე ვხედავდი, როგორ იძაბებოდა ურთიერთობა მამა-შვილს შორის.
ჩემი ქმარი ისე იქცეოდა, რომ ნათია შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. ერთ დღეს მისმა მშობლებმა ნათიას პატარა შვილი მოიყვანეს ჩვენთან, რის გამოც ვლადიმერი ძალიან გაბრაზდა. ლევანს უთხრა: სანამ შენი შვილები არ დაბრუნდებიან სახლში, ამ ბავშვსაც ნუ მოიყვანთ, თავი შეიკავეთო.
ამის გამო მამა-შვილს შორის კონფლიქტი მოხდა, რასაც დაემატა კიდევ ერთი მოტივი - ეს გოგო ჩვენს სახლში სულ ორი-სამი თვე ცხოვრობდა, მე გვიან გავიგე და თურმე, ქმარს ეუბნებოდა, მამაშენი ცუდად მიყურებსო. მეც მითხრა, რომ რამდენჯერმე ისეთ დროს შემოვიდა აბაზანაში, შიშველი რომ ვიყავიო. ჩემს ქმარს მძიმე ხასიათი აქვს, მაგრამ ასეთ რამეს როგორ იკადრებდა, შვილის ცოლისთვის ცუდად შეეხედა. ვუთხარი ნათიას, რომ ლევანისთვის არ ეთქვა ამის შესახებ, მაგრამ მან არათუ დამიჯერა, ქმარი წააქეზა, მამაშენი უხერხულად მექცევაო. ეს ბოლო წვეთი იყო.
მამაზე გაბრაზებულმა ლევანმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, რაზედაც ჩემი ქმარი წყობიდან გამოვიდა. ისე იყო აღშფოთებული, ვერ დავაწყნარე. ოთახში შეუვარდა ნათიას. იმ დროს მე და ლევანი ეზოში ვიყავით, ოთახში მალე შევცვივდით, მაგრამ ყველაფერი წამებში მოხდა. ვალოდია ნათიას დანას ურტყამდა. ხელებში ვეცით, მაგრამ ვერ ვაჩერებდით. ეს როგორ დამაბრალე, შე ბოზოო, - ყვიროდა. 10 ჭრილობა მიაყენა ნათიას და უცებ, ლევანს მოუტრიალდა, მას დაუწყო დანის დარტყმა. ვხედავდი, როგორ მიკლავდა შვილს. სასოწარკვეთილი ვიყავი. ჩემი კივილის ხმა ძალიან გვიან გაიგეს მეზობლებმა და დასახმარებლად შემოცვივდნენ. დასისხლიანებული ნათია უკვე გარდაცვლილი იყო. ვალოდია ძლივს გაათრიეს ოთახიდან. ლევანს სახიდან და მთელი სხეულიდან სისხლი სდიოდა, გონებაც დაკარგა. მალე სასწრაფო სამედიცინო სამსახური მოვიდა, რომელიც ერთ-ერთმა მეზობელმა გამოიძახა. ნათიას ვეღარაფერს უშველიდნენ, მაგრამ ჩემი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს”.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ვლადიმერ ჩ-ოვი სახლიდან გაიქცა და ორი დღის განმავლობაში მეგობრის აგარაკზე იმალებოდა. ვლადიმერ ჩ-ოვის მეზობლების განცხადებით, აგრესიული ხასიათის გამო, მასთან ურთიერთობას ყველა ერიდებოდა. ციხეში რვა წელი ჰქონდა გატარებული - ერთელ ყაჩაღობის, მეორედ კი, მეზობლის დაჭრისთვის. მას შემდეგ კი, რაც ვლადიმერ ჩ-ოვი მეორე პატიმრობიდან გათავისუფლდა, მუშაობა დაიწყო და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა. მთელ დროს სახლში, ოჯახის წევრებთან ატარებდა და მისი რეპუტაციაც უკეთესობისკენ შეიცვალა.
თუმცა, ჩადენილი სასტიკი დანაშაულის მიმართ, მეზობლებს მაინც ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ მისგან მსგავს საქციელს მოელოდნენ. თავად, ჩადენილი ქმედების მოტივად აფექტური მდგომარეობა დაასახელა. ეს კი, მისი ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ მოხდა, რაც შვილმა ცოლთან დაკავშირებით ეჭვიანობა დაიწყო. ამას მოჰყვა მისი აგრესიაც. ვლადიმერ ჩ-ოვმა ჩადენილი დანაშაული სასამართლო პროცესზევ აღიარა, სადაც მას საკუთარი შვილი დაუპირიპირდა. სასამართლომ ვლადიმერ ჩ-ოვს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
თბილისში საყვარლებმა 10 ათასი დოლარის გამო 51 წლის ქალი მოკლა და გვამი პიანინოში გადამალეს
თბილისში 34 წლის მეძავ ქალს თავი მოაჭრეს
ერთნაირი ხელწერით დახოცილი ქალები - სერიული მკვლელობები თბილისსა და წყალტუბოში