Digest Logo

თემურ წიკლაურის აკრძალული სიმღერა

1612615688
თემურ წიკლაური

75 წლის ასაკში ქართული ესტრადის მომღერალი, ანსამბლ „ივერიას” წევრი, თემურ წიკლაური დღეს 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა.

თემურ წიკლაური კორონავირუსის მორიგი მსხვერპლი გახდა, ის ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ ლეგენდარულ თემურ წიკლაურსაც ჰქონდა აკრძალული სიმღერა.

კომპოზიტორმა ბორის შხიანმა რეზო ბერაძე-რაჭველის ლექსზე დაწერა „კაცის სიმღერა“, რომლის საჯაროდ შესრულებაც თემურ წიკლაურს მეგობრებმა აუკრძალეს.

„სიმღერას, რომლის საჯაროდ შესრულება აკრძალული ჰქონდა თემურ წიკლაურს ჩვენგან, ანუ მეგობრებისგან, ჰქვია „კაცის სიმღერა“.

ამ სიმღერის მოკლე ისტორია ასეთია: ბორის შხიანს ჩემს ლექსებზე რამდენიმე სიმღერა აქვს შექმნილი… ერთ დღეს თურმე, როცა თემური ბორიას ესტუმრა სახლში, იქვე მაგიდაზე ფურცელზე დაწერილი ჩემი ახალი ლექსი შენიშნა, წაიკითხა და მოეწონა… მაშინვე სთხოვა მეგობარს: ბორია, კაცურად რეზო ბერაძე რაჭველის ამ ლექსზე დამიწერე სიმღერაო… ბორია უარს როგორ ჰკადრებდა მეგობარს და…

რამდენიმე დღის შემდეგ სიმღერაც დამთავრდა. თემურმა, როგორც მას სჩვეოდა, ძალიან მალე ისწავლა ახალი სიმღერა და ჩაწერა კიდეც. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩანაწერს ვისმენდით, თემურმა გამოგვიცხადა: ბიჭებო, თუ ჩემი ძმობა გინდათ, ჩემს დაკრძალვაზე ამ სიმღერით გამაცილეთო. იმ დღეს ამ წინადადებაზე პასუხი არ გაგვიცია, მაგრამ შემდგომ დღეებშიც რომ იგივე გაგვიმეორა, მაშინ შხიანმა უთხრა: – თემო, ამ სიმღერის საჯაროდ შესრულებას გიკრძალავთ მეგობრები, ვიდრე შენ არ გახდები ასი წლის… ჰო, კარგი ეგრე იყოსო, მოკლედ დაგვეთანხმა თემური და, მართლაც, სცენაზე ეს სიმღერა არ შეუსრულებია.

ისე, როგორ მოხდა, არ ვიცი და რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში კი გაჟღერდა რამდენჯერმე…“- ამბობს რეზო ბერაძე-რაჭველი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გთავაზობთ თემურ წიკალური მიერ შესრულებულ, ბევრისთვის უცნობ სიმღერას.