Digest Logo

ცდების ჩატარება რუსებზე და დავით კიკალიშვილის სიმამრის გადარჩენა - ვინაა ქართველი მკურნალი, რომელიც უკურნებელ დაავადებებს მალამოებით არჩენს

1614500330
ექიმბაში

2009 წელს თბილისში გამოჩნდა მკურნალი, რომელზეც მთელი ქალაქი ალაპარაკდა. მისი სასწაულმოქმედი მალამოები კურნავდა ისეთ დაავადებებს, რომლის წინაშეც კონსერვატიული მედიცინა უძლური იყო.

ეს მკურნალი ინგა ნიჟარაძეა, რომლის ისტორიასაც გიამბობთ.

ის თავისი ცხოვრებისა და პროფესიის შესახებ ჟურნალისტებს თავად უყვებოდა.

„გუდაუთაში დავიბადე, მაგრამ ოჯახთან ერთად რუსეთში ვცხოვრობდი. პროფესიით ექიმი ვარ. სრული სამედიცინო განათლება რუსეთში მივიღე. იქ დავინტერესდი ფიტოთერაპიით. თუმცა, ზოგადი პროფილის ექიმი-მკურნალის სერტიფიკატი საქართველოში ავიღე.

ის სტატუსი, რაც მჭირდებოდა სახელმწიფომ ოფიციალურად მომანიჭა, თუმცა სიმართლე გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი არც ყოფილა ჩემთვის.

სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დროს კარგად შევისწავლე ფარმაკოლოგიაც, რამაც განაპირობა დაინტერესება მედიკამენტების ალტერნატიული საშუალებებით. იმ პერიოდში სამარის საოლქო კლინიკაში, კანისა და ვენერიულ სნეულებათა განყოფილებაში ვმუშაობდი.

ეს იყო ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული კლინიკა მთელ რუსეთში, სადაც პაციენტები მთელი ქვეყნიდან ჩამოჰყავდათ.

120-პალატიანი განყოფილების ექთანი ვიყავი. იმ პერიოდმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა.

ჩვენთან მოჰყავდათ პაციენტები ისეთი დაავადებებითაც, რომლებიც სამედიცინო ენციკლოპედიებშიც კი შეიძლება მოხვდეს, მათი იშვიათობისა და განსაკუთრებულობის გამო.

სამარის კლინიკაში დავიწყე ცდების ჩატარება, რუსებზე ვატარებდი ექსპერიმენტებს, რომლის შედეგადაც 100%-ით ვარჩენდი დამწვრობას, „შრამებს“, წყლულებს.

შემიძლია ვაღიარო, რომ ეს არ იყო ბოროტი ექსპერიმენტები, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულს ნამდვილად ჩავდიოდი. მინდოდა გამომეცადა ჩემი დამზადებული მალამოები. პროცედურის ჩატარების დროს ავადმყოფს ჩემს მალამოს ვუსვამდი. მერე ის პაციენტი ეუბნებოდა ექიმს:

ის პატარა გოგო, მსუბუქი და ოქროს ხელებით, ისე კარგად გვისვავს მალამოს, რომ სწრაფად ვიკურნებითო.

ექიმებმა არ იცოდნენ, რომ „ვილკინსონის“ ნაცვლად, რომელიც ადამიანის ძვლის კრემაციით მზადდება, ჩემს მალამოს ვიყენებდი, რომლებსაც სპეციალურად ვაძლევდი ყავისფერ შეფერილობას. ეს აფიორა იქ რომ გაეგოთ, აუცილებლად დამიჭერდნენ.

– საქართველოში რომ ჩამოხვედით, საკმაოდ დიდხანს არჩიეთ, ინკოგნიტოდ დარჩენა. ხან რატიანი იყავით, ხან ნიჟარაძე. რატომ ასაიდუმლოებდით საკუთარ ვინაობას?

– ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. თბილისში რომ ჩამოვედი, აქ საქმიანობა დედასთან ერთად „ლეჩკომბინატში“ დავიწყე. დედას ბალახებით მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.

მისგან ვისწავლე დამწვრობის მალამოს დამზადება, თუმცა საკუთარი რეცეპტიც მაქვს. დედაჩემი იმ პერიოდში დამბლადაცემულ ბავშვებს მკურნალობდა.

ასეთი შემთხვევების დროს მცირე პროგრესი წლების შემდეგ ჩანს, რაც არ მაკმაყოფილებდა.

დავიწყე მკურნალობა მოტეხილობებზე, ძვლის სტრუქტურის აღდგენაზე, მყესების შეხორცებაზე, გაწყვეტილი კუნთების აღდგენაზე, ვარიკოზულ ვენებსა და კოქსართროზზე.

ჩემთვის პრიორიტეტულად იქცა ნაოჭების გაქრობა არა კანის გასწორების, არამედ კუნთის აღდგენის ხარჯზე. ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, ყველას პატარა გოგოდ მივაჩნდი და ექიმად არ აღმიქვამდნენ, ამიტომაც ჩემი ყველა წარმატება დედაჩემის სახელს უკავშირდებოდა.

დედაჩემი გვარად რატიანია, შესაბამისად, მეც რატიანად აღმიქვამდნენ, გაჩნდა ასეთი „წოდება“ – დედა-შვილი რატიანები, თუმცა ხალხი მაინც ითხოვდა შვილის გამოჩენას.

თავიდან ამას არ ვაპროტესტებდი, თუმცა დადგა დრო, როდესაც დედის ჩრდილში ყოფნა აღარ მომინდა. ამან გამოიწვია ჩვენი „გაყრა“, რასაც საკმაოდ დიდი ოჯახური დაპირისპირება მოჰყვა.

– ცოტა არ იყოს უცნაური ისტორიაა, როგორ მზადდება თქვენი სასწაულმოქმედი მალამოები?

– ეს ჩემი საიდუმლოა, მაგრამ იმას გეტყვით, რომ ბალახები ჩამომაქვს წალკიდან, გომის მთიდან, ბახმაროდან. ეს არის ადგილები, რომლებიც ეკოლოგიურად არის დაცული. თუ მცენარეს ხვდება გამონაბოლქვი, ის აუცილებლად ისრუტავს მას და სამედიცინო თვალსაზრისით, გამოსადეგი აღარაა.

ფაქტი ისაა, რომ ჩემი მალამოებით რეანიმაციიდან თითქმის მიცვალებული ადამიანიც კი გავაცოცხლე. ეს მოხდა თბილისში, თანაც არაერთხელ.

ფაქტებს მოგიყვებით: ჟურნალისტ დათო კიკალიშვილის სიმამრი ელდარ ციციშვილი გახლავთ რესტავრატორი, რომელიც სასტუმრო „საქართველოს“ შიდა ინტერიერის რესტავრაციის დროს ჩამოვარდა ექვსი მეტრი სიმაღლიდან. მას ჰქონდა თავის ფუძის მოტეხილობა, ჩემ გარდა ვერავის ვერ ცნობდა.

ბატონი ელდარი იწვა რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში და ჩემი მკურნალობის შედეგად გამოკეთდა.

ძალიან მძიმე შემთხვევა იყო, როდესაც ჩემთან მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დიდუბეში საკუთარ ავტოფარეხში აფეთქდა. ძალიან გახმაურებული ამბავი იყო თბილისში. ის აფეთქდა ტროტილზე და აფეთქების ტალღამ მეორე სართულამდე ააგდო. ავადმყოფს მოწყვეტილი ჰქონდა ფეხი, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აწუხებდა.

მკურნალობის შემდეგ ამ ადამიანმა ფეხზე გაიარა.

– ამბობენ, თქვენ ძალიან ბევრ დაავადებას კურნავთ, „დაშლილ ადამიანებს თავიდან აწყობთ,“ როგორ შეიძლება მალამო იყოს ისეთი უნიკალური, რომ შედეგი ჰქონდეს ისეთ შემთხვევებშიც კი, როცა მედიცინა უძლურია?

– არავისთან არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, ჩემი „სავიზიტო ბარათი“ ჩემი პაციენტია, რომელთა რიცხვი საკმაოდ დიდია. კონსერვატიული მედიცინის ბევრი მეთოდის მიმდევარი ვარ, თუმცა ძალიან ხშირად ამ მეთოდების წინააღმდეგაც მივდივარ.

მოტეხილობის დროს ვიყენებ საშუალებებს, რომელიც ამერიკულ მედიცინაშიც კი უახლეს მიღწევად მიიჩნევა, თუმცა ამას თან ერთვის ჩემი მეთოდები და მალამოები, რომლებიც ყველა დაავადებისთვის სპეციალურად მზადდება.

ჩემთან მკურნალობდა ავსტრიის პრინცესა, რომელმაც გერმანიაში ვერ მოირჩინა ძვლის კისტა. ის სამი თვე იმყოფებოდა თბილისში და აქედან განკურნებული წავიდა.

ჩემი პაციენტი იყო აკადემიკოსი ლეო გაბუნია, რომელმაც მზია და ზეზვა აღმოაჩინა. მახსოვს, ბატონმა ლეომ ბარძაყის მოტეხილობით მომაკითხა და მთხოვა, რომ როგორმე ფეხზე წამოდგომა მაინც მოეხერხებინა საფრანგეთის ელჩთან შეხვედრაზე, სადაც მას საფრანგეთის საპატიო მოქალაქის ტიტულს აძლევდნენ.

აგრეთვე, ვუმკურნალე მსახიობ გივი სიხარულიძეს, როდესაც ნეკნები ტკიოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ავარიას შეწირული 5 ახალგაზრდის სიცოცხლე და ჭირისუფლის გარეშე დარჩენილი მიცვალებულები - უცნობი ამბავი

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

ოცნება განდეგილობაზე, სიყვარულის უუნარობა და სხვა ამბები გიორგი გაბუნიაზე