მარიანა ჩოლოიანის ვადამდე ადრე გათავისუფლებას ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი უკანონოსა და არაეთიკურს უწოდებს. მისი თქმით, ჩოლოიანის ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვება აუბრალოებს სიცოცხლის უფლებას და მოქალაქეებისთვის არავითარ მაგალითს არ იძლევა.
მისივე თქმით, მარიანა ჩოლოიანის მონაწილეობით საქმის მასალები, მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა უკანონო მსჯავრდადებულები პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად, მაგრამ ჩოლოიანს პასუხი არ მოსთხოვეს.
„ძალიან მოკლედ ვფიქრობ - მარიანა ჩოლოიანის ვადამდე ადრე გათავისუფლება, არც სამართლიანი და არც კანონიერი მგონია, რადგანაც ლუკა სირაძის შემთხვევა არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია და დღევანდელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის სამართლიანობის განცდას, აუბრალოებს სიცოცხლის უფლებას და არავითარ მაგალითს არ იძლევა არავისთვის.
ასეთი პროფესიული და პიროვნული მოსაზრების გამოთქმის ბევრი არგუმენტი და ბევრი საფუძველი მაქვს. რა თქმა უნდა, არც იმას ვფიქრობ, რომ მძიმე დანაშაულში მსჯავრდადებულს არ უნდა ჰქონდეს შეწყალების უფლება, საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვების შესაძლებლობა ან ციხის დატოვების შემდეგ საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნების საშუალება, მაგრამ არა - ახლა და ამ შემთხვევაში. ადამიანი, რომელიც ბრუნდება საზოგადოებაში, ელემენტარული სინანულის გრძნობაც უნდა აწუხებდეს ჩადენილი ქმედების მიმართ და ბოდიშს უხდიდეს საზოგადოებას, თუმცა მონანიება გულწრფელი მაშინაა, როდესაც დანაშაულის მნიშვნელობა გააზრებულია. ყოფილი პროკურორი 2012 წლამდე სისტემური დანაშაულობებში აქტიურად მონაწილეობდა და მის სახელთან დაკავშირებულია წამების საქმეების ფიგურანტების ბედი. ჩემს სამუშაო მაგიდაზე დევს მარიანა ჩოლოიანის მონაწილეობით ასეთი საქმის მასალები, სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა უკანონო მსჯავრდადებულები პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად, მაგრამ მარიანა ჩოლოიანს პასუხი არ მოეთხოვება. დღეს „კარგი ყოფაქცევისა“ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი თავისუფალია, მისი ქმედებებით განადგურებული მოქალაქეები კი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დღემდე სამედიცინო კლინიკებში თერაპიებსა და მკურნალობას გადიან. დღეს ლუკა სირაძე კიდევ ერთხელ მოკვდა. ემოციის გარეშე, სრულიად პრაგმატული მოსაზრებებით, ამას ახსნა არ აქვს და არც კანონის რომელიმე ნორმის მოტანა გადაწონის ფაქტის სისასტიკეს. ეს ყველაფერი უტიფრობა უფროა.“ - წერს არჩილ კაიკაციშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ჩვენთვის მიუღებელი და დამცივანია...“ - ბექა სირაძე ჩოლოიანის გათავისუფლებაზე
მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო შეწყალების საფუძველზე დატოვა
„ვფიქრობ თავიდანვე იყო მოლაპარაკება - გააჩუმეს, ჩასვეს, შენ მალე გამოგიშვებთო...“
15 წლის ლუკა სირაძის საქმეში მსჯავრდებულმა გამომძიებელმა, მარიანა ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა. როგორც მისმა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა „ფორმულას“ უთხრა, ჩოლოიანი ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. მან საპატიმრო გუშინ დატოვა.
გასული წლის სექტემბერში მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით ჩოლოიანს სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.