Digest Logo

პანდემიის გამო დაწესებული ჯარიმების გაუქმების შესახებ ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება

1624857647
ჯარიმა

პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევაზე ამნისტიასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. საუბარია ორ კანონპროექტზე.

ინიციატივის შედეგად, ამნისტია შეეხება 245 ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქესა და 350-მდე იურიდიულ პირს - მათ, ვინც დაარღვიეს იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესები. საერთო ჯამში, უქმდება, დაახლოებით, 76 მილიონი ლარის ჯარიმები.

ოპოზიციაში ამ ინიციატივას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.

„წინასაარჩევნოდ, ყოველთვის მორიგ ტრიუკს გადმოაგდებენ ხოლმე და ცდილობენ, არაპირდაპირი გზით მოისყიდონ და მოიპოვონ ამომრჩევლის კეთილგანწყობა. ვინც დააჯარიმეს, მათთვის იქნება შეღავათი, მაგრამ რა ვუყოთ მათ, ვინც უკვე გადაიხადა ჯარიმები? მოხდება მათი კომპენსირება თუ რით დარეგულირდება ეს თემა?"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი ნონა მამულაშვილი.

ამასთან, ოპოზიციის ნაწილი ინიციატივის მხარდაჭერას აპირებს. პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ შედეგად ადამიანების ყოფა შემსუბუქდება.

„ჩვენ ჰუმანური ხალხი ვართ, ყველა იმ საკითხზე, რაც დაკავშირებული იქნება ადამიანური ყოფის შემსუბუქებასთან, თუ გულისხმობთ ჯარიმების გაუქმებას, რა თქმა უნდა, ამას დავუჭერთ მხარს და ბოდიშს მოვუხდი ყველა იმ მოქალაქეს, ვინც კანონმორჩილი აღმოჩნდა და გადაიხადა ის ჯარიმა,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

„ქართულ ოცნებაში" უარყოფენ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამნისტიის ერთ-ერთი მიზეზი არჩევნების მოახლოებაა.

„მას შემდეგ, რაც გვაქვს ვითარება, რომ ამ მიმართულებით გარკვეული შვება მიეცეს მოსახლეობას, რასაკვირველია, რომ არ დააყოვნებს რეაგირება. სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შეიძლება არჩევნებს უკავშირდებოდეს, არამც და არამც სწორი არ არის.

სწორი და რელევანტური გადაწყვეტილებაა, რადგან მაინც ვსაუბრობდით დროებით ღონისძიებაზე, რომლის საჭიროებაც, ამ წუთს, საბედნიეროდ, აღარ არსებობს," - აცხადებს მმართველი გუნდის წევრი მიხეილ სარჯველაძე.