სამართალდამცველებმა თბილისში 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული ბ.ჯ. და 1985 წელს დაბადებული ა.კ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.
„ბ.ჯ. კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო ა.კ. – 20 დეკემბრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი. სამართალდამცველებმა კოვიდინფიცირებული ა.კ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ვარკეთილის დასახლებაში ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ბ.ჯ.-ს, ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ქვეითად გადაადგილებისას დაჯარიმდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის 2000-2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 218 724 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 196 220. გარდაიცვალა 2 313. კარანტინის რეჟიმშია - 396, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5969. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1542 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.