პოლიციამ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის საქმეში ორი პირი მონაწილეობდა.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფლის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში პოლიცია 20 წლის აკო ჭელიძეს ეძებს.
აგრეთვე იძებნება საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ნათლულიც, გიორგი კეველაძე, რომელიც სავარაუდოდ, მკვლელობის დროს ფიქრის გორაზე იყო.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.