Digest Logo

ციხეში გიორგი რურუაზე იძალადეს - ვრცელდება ვიდეო

1604347796
ციხეში გიორგი რურუაზე იძალადეს

სპეციალური პენიტენციური სამსახური სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმრის მიერ გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ვიდეოკადრებს ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

„ვინაიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მომხდარის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაციების სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო გახადოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა. შეგახსენებთ, ფლიგელში, სადაც ინციდენტი მოხდა, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა პატიმრობის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების ფარგლებში ადვოკატის თანდასწრების გარეშე გამოკითხვაზე გიორგი რურუამ უარი განაცხადა, ხოლო მისმა ადვოკატმა საძაგლიშვილმა, რომელიც მედიის წინაშე განცხადებებს აკეთებს, გამოძიების ორგანოს შეთავაზებაზე, მისულიყო საპატიმროში და დასწრებოდა გამოკითხვის პროცესს, ასევე უარი განაცხადა მოუცლელობის გამო“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

👉ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ სალომე სამადაშვილმა და გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა, დღეს, 2 ნოემბერს, ბრიფინგზე განაცხადეს, რომ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუაზე განხორციელებული თავდასხმა დაგეგმილი იყო.

👉გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.