საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება, როგორც აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლების კუთხით, მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
2020 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს მიაღწია, კერძოდ, 998 ათასი აბონენტი შეადგინა. 2019 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 6.1%-ით, 57 ათასი აბონენტით გაიზარდა.
2020 წელს, გასული წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარი თითქმის სრულად გაჯერებულია. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და სოფლებს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ვითარდება, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.
2020 წელს, წინა წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობის 8.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა რეგიონებში, მაშინ, როცა თბილისში აბონენტების რაოდენობა 3.2%-ით გაიზარდა.
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ხელმისაწვდომია, ხოლო საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან ინტერნეტი 2193 სოფელშია ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება დანარჩენს, სოფლებს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას კომისიასთან თანამშრომლობით კომპანია „ოუფენ ნეტი“, სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და ეტაპობრივად 1000-მდე სოფელს მოიცავს, ჯამში კი დამატებით ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა.