საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდა ბარბარე მტკიცე სარწმუნოების, ერთგულების, ქრისტიანული რწმენის მაგალითია.
პატრიარქმა ახალგაზრდებს ლოცვებისა და თხოვნების დაწერისკენ მოუწოდა. უწმინდეს სურს, რომ ქარტველი ახალგაზრდების ეს წერილები წიგნად გამოსცეს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. როცა დაწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობლებს, ისე უნდა მიმართოთ, მამასა, ძესა და სულსა წმიდასა და გამომიგზავნეთ მე.
მე მაქვს გადაწყვეტილი, რომ როდესაც შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვა. ეს ლოცვა დარჩება ტაძრებში. სადაც არ უნდა იყოთ, ტაძარში, სახლში, თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას“, – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.