Digest Logo

„ე, მანდ არ ვერევი“ - წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლზე

1624266260
თეა წულუკიანი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გასტროლებს გამოეხმაურა.

თეა წულუკიანის თქმით, ის თეატრების საქმიანობაში არ ერევა და გადაწყვეტილებას თავად იღებენ სამხატვრო ხელმძღვანელები.

 

მინისტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს.

„როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი თითს მიქნევდნენ, რომ ე მანდ არ ჩაერიოო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო, შესაბამისად გეტყვით, რომ ე მანდ არ ვერევი თეატრების საქმიანობაში. ყველა თეატრი თავად წყვეტს და ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, რომელ საერთაშორისო ფესტივალში წავიდეს გასტროლით.

ამ შემთხვევაში საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფალია. ეს არის ჩემი პოზიცია რაც გითხარით. არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში მიემგზავრება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ.