„ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას,“ – გაეროს სააგენტოების ჯგუფი საქართველოში, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება, განცხადებას ავრცელებს და რეკომენდაციებზე საუბრობს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს:
„მზრუნველობის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, უფლებების განხორციელება და განვითარება მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს ქვეყნის შესაბამისი უწყებების, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის მიერ.
საკუთარი მანდატის შესრულებაში ისეთი კონსტიტუციური ერთეულის შეზღუდვა, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამგვარად, ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციაში იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე და ასევე დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდება:
„აღსანიშნავია სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის სკოლა-პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე, ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად. დიდი ზომის ინსტიტუციებიდან ბავშვების ოჯახურ და თემზე დაფუძნებულ მზრუნველობაში გადაყვანისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაო ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამასთანავე, ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ყველა მონაწილე მხარეს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივი სცენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად.
ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც მიღებულ იქნა 2019 წლის 18 დეკემბერს გაეროს ყველა 193 წევრი ქვეყნის, და მათ შორის საქართველოს მიერ, კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დეინსტიტუციონალიზაციაზე და ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის ალტერნატიული ზრუნვის უზრუნველყოფაზე, რომელიც ოჯახსა და თემზე იქნება დაფუძნებული“, – წერია გავრცელებულ მიმართვაში.
გაეროს სააგენტოების ჯგუფი სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი ზომების გატარებაზე ამახვილებს ყურადღებას და აქვე რეკომენდაციებსაც გასცემს:
„სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა მოვლის სერვისების გაუმჯობესებას და ოჯახისა და თემის მხარდამჭერი ალტერნატიული მომსახურებების გაძლიერებას.
ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები. გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასურველია, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგებისა და თერაპევტების ჩათვლით), იმისათვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვანი დახმარება მიიღონ“, – აღნიშნულია მიმართვაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია სპეციალური ძალისხმევა ოჯახის მხარდამჭერი მექანიზმებისა და მათ შორის, ბავშვთა დაცვის სისტემის და სოციალური უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესებისთვის:
„მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების კონსტიტუციური მანდატის განხორციელებაში შესაძლო ჩარევის აღმოსაფხვრელად და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ბოლოდროინდელი მოთხოვნის შესასრულებლად“, – წერია მიმართვაში.
გაეროს სააგენტოების ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბავშვზე ზრუნვის ყველა დაწესებულებაში სისტემური გამოწვევების დაძლევის მიზნით, გაერო სამთავრობო ინსტიტუტებთან, სახალხო დამცველთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველა დაინტერესებულ რელიგიურ კონფესიასთან მუშაობას განაგრძობს.