პროკურატურა კაცს 15 წლის შვილის გაუპატიურებას, მასთან გარყვნილ ქმედებას, მუქარას და ოჯახში ძალადობას ედავება.
საქმეს დახურულ რეჟიმში მოსამართლე, ლევან ყოლბაია განიხილავს.
„მან დღეს მოსამართლეს უთხრა, რომ დუმილის უფლებით ისარგებლებს. ის არ აღიარებს დანაშაულს,“ – ამბობს ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია, რომელიც ბრალდებულ თემურ ტ.-ს ინტერესებს იცავს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საკუთარ სახლში გააუპატიურა არასრულწლოვანი შვილი. საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, რომლის მიხედვითაც თემურ ტ. მოზარდთან გაუპატიურებამდე გარყვნილი ქმედებითაც დაკავდა, შემდეგ კი ემუქრებოდა და ძალადობდა.
დაზარალებულად ცნობილი მოზარდი ამ დროისთვის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშია.
ბრალდებული კაცი ჩაქვში 4 შვილთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა, მისი ცოლი კი, ბოლო 8 წელია თურქეთშია.
ადვოკატის თქმით, დაზარალებულად მიჩნეული გოგო სკოლაში მე-9 კლასის დასრულების შემდეგ აღარ დადიოდა, პოლიციას კი, მოზარდის მეგობრის დედამ მიმართა. მან პოლიციელებს უთხრა, რომ ბავშვი მამისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და უშუალოდ მოისმინა მოზარდისგან ამის შესახებ.
„ვერ ვისაუბრებ მოწმეებზე საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენც გვყავს მოწმეები… რეალურად მამა უზღუდავდა შვილს თავისუფლებას, გოგოს თავისუფლება უნდოდა, წავიდოდა სახლიდან უკითხავად და რამდენიმე დღე აღარ მოდიოდა, ამის გამო ჰქონდა ჩხუბი მამას შვილთან, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად, ძალადობას და მუქარასაც არ ჰქონდა ადგილი… ბებიაც უზღუდავდა გოგოს უკითხავად წასვლას და არც უჯერებდა უფროსებს,“ – ამბობს ადვოკატი თეიმურაზ ნასარაია.
გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია დაზარალებულის დედას.
„მასთან კონტაქტზე არავინ გასულა, როგორც ვიცი, დედას არც აქამდე ჰქონდა შვილებთან კონტაქტი, მას შემდეგ, რაც ის თურქეთში წავიდა,“ – გვითხრა ბრალდებულის ადვოკატმა თეიმურაზ ნასარაიამ.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნიეს და ასევე სადავოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ყველა მოწმეს, მათ შორის, დაზარალებულს მოუსმენს სასამართლო სხდომაზე.
„დაახლოებით 60-მდე მოწმეა დასაკითხი, თუმცა გამოძიება ძირითადად ეყრდნობა დაზარალებული გოგოს ჩვენებას,“ – დასძინა ადვოკატმა.
საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, თუმცა ადვოკატმა აქაც „საქმის ინტერესების გათვალისწინების“ მოტივით უარი თქვა, გაესაჯაროებია რა წერია დასკვნაში.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თემურ ტ.-ს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge