8 თვეზე მეტია, რაც ჩინეთის პროვინცია ვუჰანში ახალი ვირუსი Covid-19 დაფიქსირდა. კორონავირუსმა მთელი კონტინენტი მოიცვა. ინფექციით მსოფლიოში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული. პანდემიის პარალელურად მოქალაქეებისა და საჯარო სტრუქტურების ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. ზუსტად არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია, ამ ეტაპზე არც ვაქცინაა შექმნილი.
„დაიჯესტი“ დაინტერესდა, როგორ შეიძლება შეიცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა პანდემიის შემდეგ და შეკითხვებით სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს მიმართა,
რევაზ აფხაზავა, ექსპერტი განათლების საკითხებში:
შესაძლოა, ერთი მხრივ, წინ წამოიწიოს სასკოლო განათლების მიმართულება. რაც სკოლებს, მათი შესაძლებლობებისა და მოტივაციის მიხედვით, ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს. აგრეთვე, მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, პედაგოგების გადამზადების საკითხია მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ადრე თუ გვიან ეს პანდემია გადაივლის, მასწავლებლების განვითარება და მომზადება ძალიან საყურადღებოა.
თანამედროვე ტექნოლოგიების განათლებაში ინტეგრირება უალტერნატივოა, უბრალოდ პანდემიამ დაგვანახა ამის საჭიროება და პროცესები დააჩქარა. აგრეთვე, პრიორიტეტი გახდება უმაღლესი სასწავლებლებისთვის დისტანციური სწავლების დანერგვა.
ვახტანგ ძაბირაძე პოლიტოლოგი:
პანდემიამ შესაძლოა ,პირდაპირ პოლიტიკაზე არ იმოქმედოს, თუმცა ეკონომიკაზე ახდენს გავლენას, რაც თავისთავად პოლიტიკაზე ზეგავლენას გულისხმობს. ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ყველა სახელმწიფომ შეზღუდა ექსპორტზე პროდუქტების გატანა.
არ ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში რადიკალური ცვლილებები მოხდება, მაგრამ გარკვეულწილად შეიცვლება პროცესები. გვინდა თუ არ გვინდა, ზოგი ქვეყანა ისევ კეტავს საზღვარს. მეორე გლობალური პრობლემაა მძიმე ეკონომიკური შედეგები და პრობლემები.
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
ამ საკითხს ორი მხარე აქვს - დადებითი და უარყობითი.
დადებითი ის არის, რომ ადამიანებმა უკვე დაიწყეს დისტანციურ რეჟიმში ურთიერთობის სწავლა. საქართველოში გადაწყვეტილებების მისაღებად სჭირდებოდათ ფიზიკური ურთიერთობა, პირისპირ მოლაპარაკებები, პანდემიამ კი დისტანციური ურთიერთობის კულტურა გვასწავლა. შესაბამისად, დაიზოგა ბევრი დრო და გაჩნდა მეტი ნდობა დისტანციური კონტაქტის მიმართ.
რაც შეხება უარყოფითს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ონლაინ სწავლების დროს ადამიანმა სრულყოფილი განათლება ან კონსულტაცია მიიღოს, თუნდაც მოლაპარაკება ჩვეულ რეჟიმში წარმართოს, ჩნდება პირდაპირი შეხვედრის დროს არსებული ურთიერთობის დადებითი მხარეების დეფიციტი. რადგან სტუდენტისა და ლექტორის ან მასწავლებელისა და მოსწავლის ურთიერთობები სწავლაზე მეტს ნიშნავს. აგრეთვე, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია თავისთავად ურთიერთგაგებას ნიშნავს, ეს ყველაფერი კი შესუსტდება, რაც სოციალიზაციისთვის პრობლემაა.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
მსოფლიოში Covid-19-ით 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა - განახლებული სტატისტიკა
რომელი წამლები უნდა მიიღოთ კოვიდ 19-ის სახლში მკურნალობისას? - დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი
სახიფათო სიმპტომები, რომლის დროსაც სახლში უნდა დარჩეთ - გაფრთხილება მამუჩიშვილისგან