გარდაცვლილი „ტვ პირველის“ ოპერატორის ოჯახის ახლობელი აღნიშნავს, რომ ლექსო ლაშქარავას მკურნალობის პროცესში ისედაც უკეთდებოდა ტკივილგამაყუჩებლები.
„წერია, რომ იქ უკეთებდნენ სამი დღე... ნარკოლოგი ვარ მე თვითონ. ვინ რას მასწავლის? რაც უნდათ დაწერონ“, - ამბობს ლექსო ლაშქარავას დედა იმ ვერსიაზე საუბრისას, რომელზეც დღეს შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა.
„ისედაც უკეთდებოდა ტკივილგამაყუჩებლები და კონკრეტულად რა პრეპარატები უკეთდებოდა ეს ისტორიაში წერია. თუ ექსპერტიზას აინტერესებს რა ნივთიერებები უკეთდებოდა, ამოიღონ ისტორია და წაიკითხონ“, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.
ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.