„ჩვენს გვერდზე იმდენად გაიზარდა საზოგადოების მომართვიანობა, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ამასთან გამკლავება. ჯანდაცვის პირველადი რგოლი ფაქტობრივად არ არის, ოჯახის ექიმებთან კომუნიკაცია ფაქტობრივად არ არის, რადგან ამდენი რაოდენობის პაციენტებს ვერ გაუმკლავდებიან ისინი“, - აღნიშნულის შესახებ „მედგიდის“ დამფუძნებელმა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტები სახლშივე მძიმდებიან და ხშირად სახლიდან პირდაპირ ინტენსიურ განყოფილებაში ხვდებიან, რაც დაუშვებელია.
„ექიმები ვერ აუდიან პაციენტების ამ ნაკადს. ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ოჯახის ექიმების რაოდენობა გაზარდოს და ინფიცირებულთა რიცხვს შეეჭიდონ. დღევანდლამდე ვერ შედგა მასობრივი იმუნიზაცია, გაზრდილი არის ვაქცინაციის რიცხვი, მაგრამ ამ ტემპით 60%-ის მიღწევა ფიზიკურად შეუძლებელია. ჩვენ ყველანაირი პრობლემით მოგვმართავენ, მათი უმრავლესობა არის ის, რომ ოჯახის ექიმები არ ეხმიანებიან პაციენტებს, ასევე ინფიცირებულები ვერ ახერხებენ ჰოსპიტალიზაციას და ვიცით, რომ თავისუფალი ადგილი არც თბილისში და არც რეგიონებში აღარ არის, საველე ჰოსპიტლების გარდა. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოქალაქეებს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ის აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში დღეისათვის კორონავირუსით გამოწვეული მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი ფიქსირდება. მისი თქმით, ამას სახელმწიფომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუპირისპიროს აქტიური იმუნიზაციის პროცესი, თანმიმდევრული, ადეკვატური და სიტუაციასთან შესაბამისი რეგულაციები და ამისი კონტროლი, რომელიც სამწუხაროდ დღეს არ ხორციელდება და როდესაც არსებობდა ჯარიმები ეს მოიხსნა და ამისი შიშიც აღარ არის.
„ყველა მიმართულებით ვართ დაუცველები, სიტუაცია არის მიშვებული. ვირუსის მუტაცია ჩნდება და ახალ ახალი შტამების წარმოქმნა ხდება, შესაბამისად აუცილებელი გახდება ვაქცინის ბუსტერული დოზებიც, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება ჩვენთან, მხოლოდ დონაციით თუ მოხდება და ვინმე გადმოგვცემს ვაქცინებს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇