Digest Logo

რატომ დალია ედუარდ შევარდნაძემ ლობიოს სადღეგრძელო?

1601988822
პოლიტიკოსი ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე რუსეთიდან საქართველოში იმ პერიოდში დაბრუნდა, როდესაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ხალხი განადგურების პირას იყო და შევარდნაძეს მესიის როლი დააკისრეს.

სამშობლოს გადასარჩენად დაბრუნებული ედუარდ ამბროსოვიჩი საქართველოს რეგიონებში ინტენსიურად მოგზაურობდა და მოსახლეობას ხვდებოდა, სადაც მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. შეხვედრების ბოლოს პატარა სუფრები იშლებოდა, სადაც შევარდნაძე ცოტა ხნით რჩებოდა, მისი დღეგრძელობის შემდეგ სამადლობელს იხდიდა და მიდიოდა.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ლანჩხუთის რაიონში (შევარდნაძის მშობლიური რაიონი) გაიმართა. სუფრას რომ მიუსხდნენ, თამადამ თქვა:

– ჩვენს გადამრჩენელს გაუმარჯოსო!

შევარდნაძე ფეხზე წამოდგა, ჭიქით ხელში, რომ სამადლობელი ეთქვა. თამადამ შეაჩერა:

– თქვენი არა, ბატონო ედუარდ, ჩვენი გადამრჩენი ლობიოს სადღეგრძელოა, რადგან მან გადაგვარჩინა ამ მძიმე პერიოდში შიმშილით სიკვდილისგანო.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტი იძულებული გახდა, სამადლობელის ნაცვლად, ლობიოს სადღეგრძელო შეესვა.