სქემმონაზონი სიდონია წერილს აქვეყნებს, რომელშიც ის ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფრის გარშემო განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
,,ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო. არ ვჩანდი, თუმცა, არც არსად გავქცეულვარ, არც არავის შემშინებია!
სიტუაციის უკეთ გასააზრებლად, ჩემს სიჩუმეში განვერიდე იმ ეიფორიულ ფონს, რომელიც ბოლო დროს გამოიკვეთა ჩემ ირგვლივ. არ მსურდა, რომელიმე მხარესთან მოეხდინათ ჩემი უსაფუძვლოდ ასოცირება. ეკლესია არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის კუთვნილება და მე ყოველთვის ვსაუბრობდი იმ პრობლემებზე, რომლებიც ყველასთვის საერთოა. ასევე, თავშივე შეგახსენებთ, რომ არცერთი თეოლოგიური ჯგუფის ექსკლუზივი არ არის “ჭეშმარიტებაზე ღაღადი” და მათგან განსხვავებული აზრის კორექტირება.
30 წლის წინ, როდესაც მომავალ ცხოვრებაზე ფიქრები შემომეჩვია, სიცოცხლის საზრისის ძიებამ მომიყვანა ეკლესიამდე. პირველი, ვინც ქრისტიანობაში გავიცანი, თავად იესოა, მან შემაყვარა ნაზარეველის მოძღვრება, მან გადამაწყვეტინა უარი მეთქვა ყველაფერ მიწიერზე და შევდგომოდი მარადისობის იმ გზას, ცხოვრების იმ წესს, რასაც მონაზვნობა ჰქვია!
უფლისმსახურთაგან პირველი მიტროპოლიტი გრიგოლი (ცერცვაძე) გავიცანი და ეს შეხვედრა მიწიერი ანგელოზის ხილვას ჰგავდა. თუმცა, რომ მცოდნოდა ასე გავამატერიალიზებდით, ასეთი დესაკრალიზებული გახდებოდა სივრცე, რომელიც ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ავირჩიე, სავარაუდოდ – არ ავირჩევდი! რადგან, დღითი დღე შეუძლებელი ხდება ამ სივრცეში იმ მცნებებით ცხოვრება, რომელიც შევიმეცნე. უსიყვარულობა და მოყვასის მიმართ გულგრილობა მაბრკოლებს მე, პირადად, ყველაზე მეტად. ასევე, ნაწილი სასულიერო დასის არნახულ ფუფუნებაში მშვიდად ყოფნა, მაშინ, როცა ირგვლივ მშიერი და დაუცველი ბავშვების ასეთი სიმრავლეა.
იცით, რა მაწუხებს? – სიყვარული, შემწყნარებლობა, სიმშვიდე, უბრალოება, ღმერთზე მინდობა აღარ ჩანს. სად გადავმალეთ ის სათნოებები, რომელთაც სულის და სხეულის გამრთელებასა და სრულყოფამდე მივყავართ?!
სად გადავმალეთ გულისხმიერება! თანალმობა! ზრუნვა! სიყვარული?!
სად არის ჩვენში მწყემსი კეთილი?!
როგორ მივედით იქამდე, რომ ასე გულგრილად შეგვიძლია მოვიკვეთოთ, გავიუცხოოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენეულ წარმოდგენებს არ ექვემდებარებიან. ნუთუ დაგვავიწყდა სახარების იგავი: “რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა. ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შეცსთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა და ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ: უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი” (მათე 18,12-14)
ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო ადამიანებთან, სწორედ ესაა მწყემსის სიბრძნე!!! ის “ლჭბტიებიც“ და “ლიბერალებიც“ განა ჩვენივე შვილები არ არიან? ” ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურც ერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი” (მათე 18,10-11) ეკლესიის ამოცანა არ არის ტრადიციის დაცვა, მისი ამოცანაა ადამიანებთან მიიტანოს ღვთის სიტყვა, რადგან “შაბათი კაცისათვის შეიქმნა და არა კაცი შაბათისათვის.” (მარკ. 2,27) ადამიანია მთავარი, ადამიანი, რომელსაც დღეს ასეთ გაურკვევლობასა და ნიჰილიზმში ვამყოფებთ!
რატომ ვართ სულ თავის მართლებაში, რატომ არის გულწრფელობის ასეთი დეფიციტი დღეს ეკლესიაში?! ქრისტემ ხომ გვასწავლა – სამოცდაათ შვიდგზის მიუტევეთო. მაშ, რატომ გვეშინია შეცდომების აღიარების, სინანული ხომ ქვაკუთხედია ჩვენი სარწმუნოების სიწმინდისა? “შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.” (მათე 3, 2) ჩვენ ხომ იმ სწავლების მიმდევრები ვართ, რომელიც გვეუბნება “მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა”(მათ.11,29). ჩვენ ხომ ადამიანები იმისთვის გვენდობიან და მოგვყვებიან, რომ ყველაფერზე ამაღლებულნი და ყველაზე ადეკვატურნი უნდა ვიყოთ მიწიერ მოვლენებში.
როცა თქვენ გეხებიან, ბრძოლაა და როცა ჩვენ, ვინც დისკომფორტს გიქმნით, გვსჯით და გვეხებით – უფლის ნებაა? იქნებ თქვენც უფალი მიგანიშნებთ და მაინც გონს ვერ მოდიხართ. რატომ გეხებიან, ვერ ხვდებით? ეს არაა თეოკრატიული სახელმწიფო. ვიცი, მეტყვით – ეკლესიას ჰყავს უმაღლესი იერარქიაო… რომის ეკლესიისთვის უმაღლესი ავტორიტეტი არის პაპის ინსტიტუტი, პროტესტანტიზმში – სახარება, მართლმადიდებლობაში კი – კრებსითობის პრინციპი და თავად ქრისტიანთა კრებული!
იერარქიას ირჩევდა მრევლი, ეს ნათლად ჩანს დღევანდელ კურთხევის ფორმულაშიც – აქსიოს, აქსიოს, აქსიოს, რომლის წარმოთქმის დროსაც მრევლი ნდობას უცხადებს ამა თუ იმ პიროვნებას და ირჩევას მას, როგორც, მსახურს, გიმეორებთ – მსახურს!!!
რაც შეეხება ნინოწმინდის პანსიონს, სანამ პრობლემატიკაში გავერკვეოდი, თვალში მომხვდა ორი რამ: ბავშვების მიმართ ცივი დამოკიდებულება და მეორე, მოუვლელი ეზო… რომელიც ძალიან ბევრს მეტყველებს გარემოს მიმართ დამოკიდებულებაზე… მე ვინც მიყვარს, ასეთ ეზოში არ ვაცხოვრებ.
გაორებული ვწერ, ამდენი ბრძოლის მერეც კი, მაინც კომპლექსი მაქვს, რომ ქალი ჩუმად უნდა იყოს, მაშინ, როცა “არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ“(გალ. 3,28). ნუ აჯერებთ მრევლს, რომ მონაზვნობა “ხმის ჩაკმენდას ნიშნავს”! ეს ცხოვრების წესია, რომელიც ჩემიარჩევანი და ნებაყოფლობითი აქტია და არა გარიგება – პიროვნული თავისუფლების დათრგუნვის ხარჯზე სტატუსის მიღებისა! მონაზვნობა არ არის განაჩენი! და ეს სად, იმ ეკლესიაში, სადაც ქალმა, წმინდა ნინომ იქადაგა, აჩრდილივით მომყვება ეს კომპლექსი, მიუხედავად იმისა, რომ გავიაზრე – ეს ასე არ არის (თუ რა და როგორ გავიაზრე, ძალიან მალე გაგიზიარებთ ქალის როლზე, შემდეგში).
P.S. ის, რაც ხდება ეკლესის ირგვლივ, არ უნდა გახდეს პანიკისა და აღშფოთების საფუძველი, მით უმეტეს, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნისა. უნდა გადავხედოთ, რამდენად მართალნი ვართ ჩვენს მოწოდებაში და საქმით ჩავასწოროთ შეცდომები.
ოდესღაც ხომ უნდა გავიზარდოთ, გავიაზროთ, სად და რატომ ვდგავართ, რას და როგორ ვემსახურებით!
მუდამ ყველასთვის მლოცველი
დედა სიდონია" - ვკითხულობთ წერილში.