საპარლამენტო არჩევნების დღეს, 21 ნოემბერს და არჩევნების მეორე დღეს, 22 ნოემბერს გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს. ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა, რომელიც საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.
დადგენილების თანახმად, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
ეს შეზღუდვა არ ვრცელდება:
◻️ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე, შიდა გადაზიდვებზე.
◻️ კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობებზე, რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან.
◻️ მედიის წარმომადგენლებზე, რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან.
◻️ გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
ამ ჩამონათვალს ემატება:
◻️ არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღესა და მომდევნო დღეზე. მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. შესაბამისად, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება არავის შეეზღუდება 21 და 22 ნოემბერს.
23 ნოემბრის 22:00 საათიდან შეზღუდვა ისევ შევა ძალაში.
ინფორმაციისთვის, გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობით გამოვლენის გამო დაწესდა.