ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე OK-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკაში მოსვლას არასოდეს მოინდომებს და მუდამ სპორტში დარჩება. გარდა ამისა, სპორტსმენმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ რეაგირებს კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების გამო საზოგადოების ნაწილი მასზე გაბრაზდა.
„სიმართლე გითხრათ, სპორტსმენებს დაფასება არ აქვთ. ვერ ვხედავ. მე მართლა მაქვს ყველაფერი, არაფერი მაქვს საწუწუნო, მაგრამ როცა ვხედავ სხვა სპორტსმენებს, არ უნდა დავივიწყოთ. დღეს მეორე აიღეს? მესამე? აუცილებლად აიღებენ პირველსაც, თუკი გვერდით დაუდგებით. ოლიმპიური ჩემპიონებით უნდა ყველას PR-ი გაიკეთოს.
მათ, ვინც ოლიმპიადამდე მიაღწიეს, უდიდესი შრომა გაიღეს ამ ყველაფერში. მათ მიმართაც თუ გამოიჩენენ ყურადღებას, ძალიან კარგი იქნება. მე მიდგას რამდენიმე კომპანია გვერდით და მადლობა მათ ამისთვის. ალბათ, ერთად გაიზრდება ბიზნესიც და სპორტისადმი ინტერესიც. ჯერ ადრეა ვისაუბროთ იმაზე, რომ აი, ბიზნესი მხარში უდგას ქართულ სპორტს. ჩვენ მართლა, სპორტის გარდა ვერაფერს ვახერხებთ, სამომავლოდ უნდა ვარჩინოთ ოჯახები. მე ახლა ვცდილობ დავიწყო რაიმე ბიზნესი, მეხმარებიან ჩემი ძმა და მეგობრები. და ყველას არ აქვს ეს ფუფუნება. იცით, რა ცუდად ვგრძნობდი თავს, როცა მე მილიონი მოვიგე და მეორე და მესამე ადგილებზე იყო მიზერული თანხები? ისე გამიხარდა საპრიზო თანხების გაზრდა, ვერ წარმოიდგენთ!
- ლაშა, რამდენჯერმე გაეხვიეთ სკანდალში, მათ შორის - პოლიტიკურში… ძალიან გაგაკრიტიკეს, ბევრმა გაგლანძღათ კიდეც....
- როცა ადამიანი წარმატებას აღწევს და საჯარო პირია, ალბათ უნდა შეეგუოს, რომ ასე მოხდება. დღესაც გავილანძღე ვაქცინის გაკეთების გამო - წყალი გაიკეთაო, წერენ. გულწრფელად, ძალიან განვიცდი და გულთან მიმაქვს. მინდა ყველას ვუყვარდე, ალბათ ასე არ გამოსდის არავის. შეურაცხყოფილად ვგრძნობ ხოლმე თავს. იყო მომენტები, როცა მინდოდა მეპასუხა, მაგრამ მახსენდება, რომ ძალიან, ძალიან ბევრს ვუყვარვარ და მართლაც მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის.
- ხომ არ ნანობთ ამ პოლიტიკურ ინსინუაციებში რომ გაეხვიეთ?
- სიმართლე გითხრათ, ვნანობ. არაფერ შუაში ვარ მე პოლიტიკასთან და ვფიქრობ, რომ არც არასოდეს ვიქნები. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ადგილი არის სპორტში და მუდამ ასე იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ახალი გამოწვევაა ჩემთვის, მგონი ერთმანეთსაც გავუგეთ ...“- სტეფანეს ცხოვრებაში სიახლეა
🔵„ვიყავი ორჯერ ვაქცინირებული, სინოფარმით და მაინც მომაფრინდა კოვიდი“- ეკა ხოფერიას კოვიდისტორია
წყარო: okmagazine.ge