75 წლის ასაკში ქართული ესტრადის მომღერალი, ანსამბლ „ივერიას” წევრი, თემურ წიკლაური დღეს 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „დაიჯესტს“ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაუდასტურეს.
თემურ წიკალური გორის ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში რამდენჯერმე დამძიმდა.
თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).
თეიმურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).
2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.
2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები
მომღერალი თემურ წიკლაური თითქმის ნახევარი საუკუნეა სცენაზე დგას. ამ ხნის განმავლობაში მას 200-ზე მეტი სიმღერა აქვს შესრულებილი და რამდენიმე მიუზიკლშიც უთამაშია.
თემურ წიკლაურის მტკიცე ხმის უკან დიდი ტრაგედია იმალება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ იცის, რომ მას 5 წლის შვილი გიორგი წიკლაური გარდაეცვალა.
აი, როგორ იხსენებს მაშინდელ ტრაგედიას „ივერიის“ სოლისტი:
„1983 წელს ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა, გიორგის დასაფლავების შემდეგ... საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენიდან სანთლებანთებულ მაყურებელს ხედავ. 2500 კაცი სანთლით ხელში რომ იდგა, შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც: ისინი შენ გამო შეწუხდნენ და სულით შენთან არიან, გამხნევებენ - აბა, მიდი ბიჭო, შენ იციო!
შვილის სიკვდილის შემდეგ მისი სულის ძებნა დავიწყე. ყველგან ვეძებდი – დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში. წავიკითხე ყველაფერი: ბუდიზმი, დაოიზმი, მუსლიმანური რელიგიის საფუძვლები. ისევ მართლმადიდებლობასთან მოვედი. მხოლოდ აქ დავმშვიდდი… მივხვდი, უფალმა ჩემი შვილის წასვლით უფრო დიდი რაღაცისთვის მომამზადა… ღმერთს აქვს ნათქვამი - „გსჯი რამეთუ მიყვარხარო“... აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის...
იყო ჩემს ცხოვრებაში სიჩუმის პერიოდი. სამყარო ჩუმია ჩემს წარმოდგენაში. ის რომ ლაპარაკობს, მღერის, ხმაურობს, სიცოცხლის გამოა ყველაფერი… მაშინ მივხვდი, ბრძოლაა საჭირო მაშინაც კი, სიკვდილი რომ მოვა, ჩაბარება არ არის საჭირო, ხმლით უნდა გაეგებო…“, - ამბობს წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.
მომღერალს კიდევ ერთი შვილი, ქეთი ჰყავს, რომელთანაც განსაკუთრბული, თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვს.
„მამას როცა ქუჩაში ცნობენ და მის მიმართ სიყვარულს გამოხატავენ, სიხარულით გიჟდება. სხვათაშორის, თემური მომღერლობასთან ერთად სერიოზული კულინარიცაა. საჭმელებს იგონებს კიდეც. ქეიფის მოყვარულიცაა, ორმოცი წელია, სულ ქეიფობს... ახლა უფრო ცდილობს შეისვენოს ხოლმე . „პახმელიაზე“ ცუდი ხასიათი არ აქვს, პირიქით, „პონჩიკივით“, „ბულოჩკასავით“ ხდება (იცინის)“, - ამბობს ქეთი წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.
თემურ წიკლაური თავის ერთადერთ შვილსა და შვილიშვილზე ამბობს: ერთი შვილი დამრჩა - ქეთევან წიკლური. მღერის ძალიან კარგად. მყავს ერთი შვილიშვილი – ანდრეა გოგიბედაშვილი, რომელიც ძალიან გონიერი და ზრდილი ბავშვია. ვფიქრობდი რომ სოფლის ცოდნა აუცილებელია ბავშვისთვის, მაგრამ ქალაქშიც ძალიან ბევრი, ნიჭიერი, მშრომელი და საუკეთესო ბავშვი იზრდება. საუკეთესო თაობა მოდის! ჩემი შვილიშვილი მუსიკებს წერს და ერთმანეთთან ვმეგობრობთ...
შემოქმედებითი პროცესიდან თემურ წიკლაური „ივერიასთან“ თანამშრომლობას განსაკუთრებულს უწოდებს.
„ანსამბლმა შექმნა 4 მიუზიკლი და ყველა მათგანისთვის მუსიკა ალექსანდრე ბასილაიამ დაწერა. ყველა იდეა და სცენარი კი ჯემალ ბაღაშვილს ეკუთვნის. „ივერია“ არის ჩემი ოჯახი და ყოველთვის ასე იქნება“,- აცხადებდა წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.
მას არაერთი როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა სპექტაკლსა და მიუზიკლში, თუმცა ის მაინც „არწივად“ რჩება. თუმცა, მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო „ფიროსმანის“ როლი აღმოჩნდა. წიკლაურის „ფიროსმანი“ დღემდე მაყურებლისათვის ერთ–ერთ შთამბეჭდავ შესრულებად რჩება.