ტყიბულის საქნახშირმა, საწარმოო პროცესი შეაჩერა. მიზეზი თანამშრომლებს შორის კორონავირუსის გავრცელება გახდა. კომპანიაში 1170 ადამიანია დასაქმებული. აქედ covid 19-ი 144 პირს დაუდასტურდა.
„საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. 13 ნოემბერს, PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდ სასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო უზრუნველყოფს. შეიქმნება სპეციალური ქოლ ცენტრი, რომელიც ინფიცირებულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს განახორციელებს.
„საქნახშირის“ შახტებში და მიწისზედა კომპლექსში Covid 19-ის სადეზინფექციო სამუშაოები არ შეჩერებულა. აღნიშნულ ღონისძიებებს ვირუსის საპრევენციო შტაბი აკონტროლებს. „საქნახშირის“ თანამშრომლებს ტესტირება ორკვირიანი კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებით ჩაუტარდებათ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.