Digest Logo

„ვგეგმავ, რომ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საქართველოს მოვახმარო“ - არმაზ ცუცქირიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი

1640367822
არმაზ ცუცქირიძე

არმაზ ცუცქირიძე განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატი პროგრამის შესახებ საუბრობს.

„უპირველეს ყოვლისა, მსურს, კიდევ ერთხელ ჩემი ღრმა პატივისცემა დავუდასტურო განათლების საერთაშორისო ცენტრს და მის თითოეულ თანამშრომელს. მახსოვს პირველად შემთხვევითი ზარის მეშვეობით, რომელიც მიზნად ისახავდა ინფორმაციის დაზუსტებას სხვა ჩემთვის ნაკლებად რელევანტური სასტიპენდიო პროგრამის შესახებ, ცენტრის ერთ-ერთმა ოპერატორმა მცირეხნიანი საუბრის შემდეგ დაწვრილებითი ინფორმაცია მომაწოდა სამაგისტრო სტიპენდიების კონკურსის პირობების შესახებ. მოპოვებამდე საჭირო იყო სამი ძირითადი საფეხურის გავლა, კერძოდ, რიგი დოკუმენტების წარდგენა გარკვეულ ვადებში და ბოლოს გასაუბრება. პარალელურად რეგენსბურგის უნივერსიტეტთან (გერმანია) აქტიური კონტაქტის მეშვეობით დავაჩქარე გამოცდის და გასაუბრების თარიღები. ამ საფახურების წარმატებით გავლის შემდეგ, დიდი პატივია, რომ გავხდი სტუდენტი სამაგისტრო პროგრამაზე "Advanced Synthesis & Catalysis" და მივიღე ცენტრის სტიპენდია.

ამ სემესტრში პროგრამაზე „Advanced Synthesis & Catalysis“ ვირიცხებით შვიდი სტუდენტი (4 სხვადასხვა ქვეყვიდან). იგი მხარდაჭერილია “Elite Network of Bavaria”-ის მიერ, რაც დამატების სიკეთეებს მოიცავს, კერძოდ, ცხოვრების ხარჯების დაფინანსებას ორ-თვიანი პრაქტიკული კვლევისათვის სხვა უნივერსიტეტში (შესაძლებელია გერმანიის ფარგლებს მიღმაც) და გერმანული და ინგლისური ენების უფასო კურსებს.

ზოგადად აქ შრომისმოყვარეობისა და მოტივაციის უმაღლესი ხარისხი აუცილებელია, ყოველივე გარეშე ფაქტორი, რაც შესაძლოა ზემოთხსენებულზე უარყოფითად მოქმედებდეს, მაქსიმალურად უნდა იყოს უგულებელყოფილი. მნიშვნელოვანია, ვაცნობიერებდეთ თითოეული კურსის პრაქტიკულ დანიშნულებას ჩვენი განვითარებისთვის, ამაღელვებელი და სასიამოვნოა, როცა რაიმე საკითხის შესწავლა გიმძაფრებს შესაძლებლობების გაფართოების განცდას, ამგვარად საკითხთა სირთულე და მოცულობითობაც კი ნაკლებად პრობლემატური ხდება.

მართალია, მწირ თუმცა მაინც, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია სწრაფად ადაპტირება ადგილობრივ კულტურასთან, მნიშვნელოვანია ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით (მაქსიმალური ენერგიის ქონისათვის) და არ დავარღვიოთ დღეღამური ციკლი.

საზღვრის გადაკვეთის შემდეგ პირველი დასამახსოვრებელი დადებითი ემოცია იყო აღქმა გერმანელთა სტუმართმოყვარეობისა, ასევე დასამახსოვრებელი იყო ტური ქალაქის გარშემო, ჩემდა გასაკვირად, ერთადერთი საერთაშორისო სტუდენტი აღმოვჩნდი ვინც ამ ტურით დაინტერესდა და ექვსი ადგილობრივი სტუდენტი ექსკლუზიურად მიწევდა გიდობას, დღის ბოლოს, ვმონაწილეობდი მათსავე ორგანიზებულ, ტრადიციული გერმანული ტკბილეულის მომზადების პროცესში, და, როგორც იმერეთში ვიცით ხოლმე, დიდი რაოდენობით ორცხობილები გამომატანეს საჩუქრად. მათ ყურადღებას ძალიან ვაფასებ, ორი დღის წინ მათგან საშობაო საღამოზე მივიღე მოწვევა. თუმცაღა, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მოვლენები უნივერსიტეტს უკავშირდება, გარდა იმისა, რომ კურსები გვეკითხებოდა ქიმიის ზე-აქტუალურ მიმართულებებზე ადგილობრივ პროფესორთა მიერ, ასევე პროფ. Burkhard König-ის ორგანიზებით ტარდებოდა ყოველკვირეული სემინარი, სადაც მაგისტრანტები განვიხილავდით კონკრეტული მეცნიერის შრომებს სხვა სამეცნიერო დაწესებულებიდან მაგალითად: Prof. Tehshik Yoon - The University of Wisconsin–Madison, აშშ, Prof. Paolo Melchiorre - Institute of Chemical Research of Catalonia (ICIQ), ესპანეთი, Prof. Kenneth Wärnmark - Lund University შვედეთი, Prof. Timothy Noël - University of Amsterdam, ნიდერლანდები, Prof. Benjamin List (2021 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი ქიმიის დარგში) - Max-Planck-Institut für Kohlenforschung, გერმანია და სხვა. შემდგომ კი პატივი გვქონდა ლექცია მოგვესმინა პირველწყაროსგან საკუთარი კვლევისა და მიღწევების შესახებ. მე და ჩემს ორ თანაკურსელს გვქონდა ძალზედ საინტერესო ინტერვიუ პროფ. Timothy Noël-თან, სასიამოვნოდ გასაკვირი იყო, როდესაც მან ასე თავისუფლად გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება და ხედვები.

განსაკუთრებით მსურს გამოვყო ლაბორატორიული პრაქტიკული კურსი კატალიზში, ვინაიდან, ეს იყო ჩემი პირველი შეხება ხილული სინათლით ფოტოინდუცირებულ კატალიზურ პროცესებთან. ღრმად მწამს რომ ჩემი სამომავლო კვლევითი ინტერესები მჭიდრო კავშირში იქნება ამ დარგთან. კონცეფცია, რაც გულისხმობს სინათლის ხილული სპექტრის ენერგიის გამოყენებას უძვირფასესი ქიმიური სინთეზების განსახორციელებლად, პოტენციურად უდიდესი ზოგადსაკაცობრიო კეთილღეობის მომტანია. ჩემი სამომავლო გეგმები მიღებული ცოდნის და გამოცდილების საქართველოში რეალიზაციას უკავშირდება, თუმცაღა ვაცნობიერებ საკითხის პოტენციურ ხანგრძლივობას და სირთულეებს“, - ამბობს არმაზ ცუცქირიძე.