ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ლოტბართან დაკავშირებულ მოგონებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ანზორ ერქომაიშვილს ძალიან თბილად იხსენებს:
„40 დღე გავიდა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან. როდესაც ის წავიდა, მე ნიდერლანდებში, ჩემს მშობლებთან ვიყავი და ჯერ კიდევ აქ ვიმყოფები. ბატონი ანზორი და ანსამბლი „რუსთავიც“ ნამყოფები არიან აქ, ჩემთან. დიდი დრო გავიდა, მაგრამ ამ ფოტოებმა კი უამრავი თბილი მოგონება გააცოცხლა.
ერთხელ მან მითხრა, რომ სევდიანი ხმა მაქვს და თუ მინდოდა, საქართველოს რომელიმე კუთხის სიმღერა მემღერა, აჯობებდა არჩევანი მეგრულ სიმღერებზე გამეკეთებინა და ასეც მოხდა. ნიკოლოზი როდესაც სამეცადინოდ ანზორთან დადიოდა, იგი იძახოდა ხოლმე: „ჩემი წამალი მოვიდა!“ და გურულ თხილს ერთად ამტვრევდნენ და მიირთმევდნენ... მისი სახელი სამუდამოდ დაკავშირებულია ქართულ ხალხურ სიმღერასთან, რაშიც დაუღალავი შრომა, ენერგია და სიყვარული ჩადო.
ნათელი მის სულს!“ - წერს სანდრა რულოვსი.