გზა სამსახურამდე, სკოლამდე, უნივერსიტეტამდე, სახლამდე, როგორ გავხადოთ არაბანალური, გარდა ყურსასმენებით მუსიკის მოსმენისა?
შეგვიძლია, გზაში წავიკითხოთ ისეთი წიგნები, რომლებიც ყოველდღიურ რუტინას მოგვწყვეტენ და სხვა სამყაროში გვამოგზაურებენ.
ასეთი შემთხვევისთვის, „დაიჯესტი“ გირჩევთ 5 მსუბუქ წიგნს, რომელიც მგზავრობის ან შესვენების დროს გაგიფერადებთ.
თეა ინასარიძის „გათხოვილის დღიური“
ეს წიგნი წლის ბესტსელერია. სანამ ის წიგნად იქცეოდა, ინტერნეტსივრცეში ეპიზოდებად, ფსევდონიმით ქვეყნდებოდა და წარმოუდგენელი რეიტინგით სარგებლობდა. მარტივი და სახალისო თხრობის სტილის მიღმა უზომოდ დიდი ემოციებია დამალული, რომელიც ყველა ქალს განუცდია. თუ ამ წიგნს ხელში დაიჭერ, მერწმუნე, ბოლო გვერდამდე ერთი ამოსუნთვით წაიკითხავ.
ლია ლიქოკელის „გოგოობის კანონი“
ვის არ სურს, გაიგოს, რა არის გოგოობის კანონი, როგორები არიან ქალები და ჩაწვდენენ იმ საიდუმლოს, რასაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლები მალავენ.
აქ ავტორი სამყაროდან საკუთარი თავისკენ ინაცვლებს, საკუთარ თავს უღრმავდება, ადამიანს - როგორც სამყაროს მიკრომოდელს... ლექსს - ამ საოცარი მიკროკოსმოსის ცენტრალურ ფიგურას. ვის არ ენდომება გაეცნოს საკუთარ „მეს“ ისე, როგორც კოსმოსის შემადგენელი ნაწილი. თუ ამ წიგნის წაკითვას გადაწყვეტთ, საკუთარ თავში იმუგზაურებთ.
დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“
წიგნი მოგვითხრობს 1983 წელს მომხდარი თვითმფრინავის გატაცების შესახებ, რომელსაც არაერთი ქართველი შეეწირა. ამავდროულად, მწერალი გვიხატავს გეგა კობახიძისა და თინა ფეტვიაშვილის სიყვარულის ისტორიას. პერსონაჟები უპირისპირდებიან რეჟიმს, რომელიც კლავს, რომელიც ართმევს თავისუფლებას, სიყვარულის უფლებას... ციხის კედლებზე ამოკაწრული სიტყვები „wish u were here“ მკითხველს გულგრილს არ დატოვებს.
ბესო ხვედელიძის „ნამასტე“
„ნამასტე ჩემი სული პატივს სცემს შენს სულს.“ მე პატივს ვცემ ადგილს შენში, სადაც მთელი სამყაროა ჩატეული. მე პატივს ვცემ იმ ადგილს შენში, რომელიც სიყვარულის, სიმართლის, შუქისა და მშვიდობის ადგილია. როდესაც შენ ამ ადგილას ხარ, შენში და მე ამ ადგილას ვარ ჩემში, ჩვენ ერთნი ვართ. ესაა წიგნი ინისა და იანის ერთობის შესახებ.
გურამ მეგრელიშვილის „რამდენიმე სიტყვით სიყვარულზე“
აქ ადამიანი მწერლის მთავარი საფიქრალია – თავისი ბედისწერით, შეცდომებით, სიყვარულით, სიცოცხლითა და სიკვდილით. გამორჩეული ენით მონათხრობი ამბები თქვენ წინ ცხოვრებას ახალი ტეხილებით გადაშლის, სადაც ნებისმიერმა შეიძლება ამოიცნოს თავისი თავი ან მის წინ მომხდარი მოვლენა. მწერლის მიზანია, მკითხველი ამ მოვლენათა მონაწილე გახადოს და ყველამ თავისი პასუხი იპოვოს.