ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ზოგიერთ კლინიკაში უშვებენ შეცდომას, როდესაც იწყებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას ადრეულ, ვირუსულ ფაზაში.
ამასთან გადელია მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ კორონავირუსმა შესაძლოა სრულიად გამოჯანმრთელებულ პაციენტებშიც კი მოულოდნელი გართულებები გამოიწვიოს.
„რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა ჯანმოს, კოვიდ მკურნალობაზე მონიტორინგის ჯგუფი, შვედი სპეციალისტის, რეანიმატოლოგის ხელმძღვანელობით. მოხდა რამდენიმე დიდი კლინიკის ინსპექტირება. გუშინწინ ჩატარდა საერთო, შემაჯამებელი შეხვედრა და ამას გარდა, ცალკეულ კლინიკებთან იყო ცალკე შენიშვნები და თითოეულს დაეგზავნებათ პირადად.
ჩვენი კლინიკის რეანიმაციის მონიტორინგისას - ძალიან საფუძვლიანი, აუარება კითხვარით; სრული აღკაზმულობით შემოვიდნენ განყოფილებაში და ყოველ დეტალს მიაქციეს ყურადღება - აღინიშნა, რომ მკურნალობის კურსი მიმდინარეობს პროტოკოლების სრული დაცვით და განსაკუთრებულად აღნიშნა ავადმყოფთა მოვლის მაღალი სტანდარტი.
საერთო განხილვისას აღნიშნა, რომ ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენს ზოგიერთ კლინიკაშიც უშვებენ შეცდომას, როდესაც იწყებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას ადრეულ, ვირუსულ ფაზაში! როდესაც ჯერ არაა წამოსული ბაქტერია. ეს ძალიან ართულებს შემდგომ ფაზაში მკურნალობას! ამავე დროს, ბაქტერიულ ფაზაშიც მკურნალობა უნდა იყოს დამიზნებითი - ჯერ უნდა განისაზღვროს კულტურა და ისე შეირჩეს შესაბამისი ანტიბიოტიკი და არა ბრმად - ფართო სპექტრის.
რა თქმა უნდა, კვლავ მაღალი რისკის შემცველებად მიიჩნევიან მოხუცები და სხვა სომატური ავადმყოფები. გავითვალისწინოთ: რეანიმაციაში ცუდი პარამეტრების გამო მოხვედრილ მოხუც ავადმყოფს, ძალიან მცირე შანსი აქვს გადარჩენის! ნუ დავტოვებთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს უშანსოდ, უნდა ავცრათ! .. …კლინიკების ლანძღვა, უიმედო ავადმყოფს ვეღარ შველის, სამწუხაროდ...
ძალიან ხშირად მესმის: „თავის ფეხით შევიდა და დამძიმდა...“ კოვიდ ავადმყოფი, თითქმის 99% -ში თავისი ფეხით შედის, ფილტვის თუნდაც მძიმე დაზიანება სიარულს არ უშლის, მაგრამ აღმავალი პროცესი როდესაც მიდის, სწორედ კლინიკის პირობებში შეიძლება დამძიმდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად პაციენტიც ვერ ეხმარება ექიმს, ვერ ან არ იცავს დანიშნულ რეჟიმს.
მოგეხსენებათ, პირდაპირი მოქმედების წამალი ჯერ არ გვაქვს, ამიტომ მკურნალობა მიდის კომპლექსურად, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჟანგბადით მკურნალობას, გულმკერდის მასაჟს, მუცელზე წოლას. მართლა არ მახსოვს შემთხვევა, როცა პაციენტმა იბრძოლა ჩვენთან ერთად, არ ჩაიქნია ხელი და არ გადარჩა! მოხუცებს, ცხადია ბრძოლაც უჭირთ.. ერთმა მადლიერმა პაციენტმა მამაკაცმა, რომელმაც ეს ჯოჯოხეთი გამოიარა, თავისი ხელით შეკერა და გადმოგვცა საჩუქრად 4 სპეციფიკური, თავჩასარგები ბალიში მუცელზე მწოლი ავადმყოფებისთვის. ეს ბალიშები ჩემთვის მილიონობით ლარის აპარატურაზე არანაკლებ ძვირფასია…
ყველაზე მძიმე კი მაინც კოვიდის მოულოდნელი გართულებებია. მოგეხსენებათ, ვირუსი აზიანებს ენდოთელიუმს, მათ შორის - სისხლძარღვთას. ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება მიმდინარეობდეს ფარულად ეს პროცესი და მედიცინის ახლანდელ ეტაპზე ვერ გავიგოთ. თუ ჩონჩხის კუნთებშია - ვიღებთ ჰემატომებს, რომელიც შეიძლება საოპერაციოც გახდეს. ხოლო თუ თავის ტვინის სისხლძარღვებში - შეიძლება გასაწერი, თითქოს სრულიად გაჯანსაღებული ავადმყოფი უეცრად მოკლას! ამაზე მძიმე გადასატანი ექიმისთვის, მერწმუნეთ არაფერია...“ - წერს დავით გადელია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებისთვისაც მომდევნო კვირა ურთულესი იქნება