Digest Logo

„დედა მომიკვდეს - ამას ვერასდროს ვამბობდი, რადგან შენი სიკვდილი ჩემთვის ყველაზე დიდი უსასრულობა მეგონა“

1631430810
ლეო ჩერქეზია

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ჩერქეზია დედის გარდაცვალებიდან მე-40-ე დღეს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც საკუთარ განცდებს აღწერს. ჩერქეზიას პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო კუსანა, ჩემს მეხსიერებაში სწორედ ასე დაიწყო შენი აღქმა, ნაზი პაწია თითებით, რბილი კანით და სულ რომ ჩამესმოდა, იმ გულის ცემით გაჩნდი ჩემს არსებაში, როგორც დედა ჩემი, მერე ყოველთვის უფრო ძვირფასი სათუთი და ახლობელი ხდებოდი, არც ერთი წამი ჩემს ცხოვრებაში არ მინდოდა და არ მინდა უშენოდ… 40 დღე კი არა, არც ერთი წუთი არ მინდა შენს გარეშე…

ჩემს არსებაში შენი წილი სულს მგლეჯს. ჩვენ ასე როგორ უნდა დავშორებულიყავით ერთმანეთს?! ამაზეც ბევრს ილაპარაკებენ, მაგრამ მე და შენ ხომ ვიცით, რატომ ვწერ, ამ ყველაფერს…

დედა, დღეს 40 დღე გავიდა და მე უშენოდ ისევ ცოცხალი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მინდა გეტკინოს, თორემ ჩემთვის შენი წასვლის შემდეგ დამთავრდა ყველანაირი ემოცია და ყველანაირი შეგრძნება.

მე და შენ, როგორც დედა-შვილს ერთი წამით რომ არ გვიცხოვრია, ესეც ხომ მარტო მე და შენ ვიცით და როგორ მალე მოგვიწევდა ეს განშორება, ესეც ხომ მხოლოდ მე და შენ ვიცოდით.

„დედა მომიკვდეს“_ ამას ვერასდროს ვამბობდი, რადგან შენი სიკვდილი ჩემთვის ყველაზე დიდი უსასრულობა მეგონა… მეშინოდა და მზარავდა ეს სიტყვები…

და 40 დღის წინ, მე თვითონ ავუხდინე ჩემს თავს ეს ფიცი, მე დედა მომიკვდა, მე მეგობარი მომიკვდა, მე შვილი მომიკვდა, მე საუკეთესო მეგობარი მომიკვდა…

არავინ მომატყუოს, რომ ეს გაივლის, ეს არასოდეს გაივლის, ეს ჯოჯოხეთი შემჭამს და მუდამ ჩემთან ერთად დაიდებს ბინას.

არის დღეები, როცა გათენება არ გიხარია, მეც ვარ ხოლმე ასე, უბრალოდ, არავინ არ მოვა და შენს გასავლელ გზას არ გაივლის, არავინ არ იცხოვრებს შენს ნაცვლად, მეც ხომ ვიცი, ეს ცოტა ხნით მოგისმენენ, ცოტა ხნით აიტანენ შენს წუწუნს, ცოტა ხნით გითანაგრძნობენ, მერე ყველა თავის რუტინას დაუბრუნდება, ზურგს უკან იტყვიან, რა ცუდად არის, დარჩები მარტო შენს ბურუსში…

მე და შენ ერთმანეთის იმედით დავდიოდით ცხოვრების ყველა გზაზე, ბევრჯერ გვეტკინა, ბევრჯერ ვიტირეთ, ბევრჯერაც ვიცინეთ, მაგრამ ვერავინ ვერასდროს მიხვდებოდა ამ ყველაფერს…

შენ უკვე ჩემგან ძალიან შორს ხარ… მაგრამ თუ დღეს ის დღეა, როცა ბინა უნდა დაიდო, ზუსტად ვიცი, ულამაზეს ადგილას ხარ…

ხომ შევხვდებით, დედა, მე და შენ, აუცილებლად ხომ შევხვდებით და ძალიან მაგრად ჩაგეხუტები…

ჩემი ცხოვრების მთავარი შეხვედრა ჯერ კიდევ წინ მაქვს, რასაც შენთან შეხვედრა ჰქვია…

არავინ მოგატყუოთ, რომ დედის გაქრობას თქვენი ცხოვრებიდან, დრო ნაკლებად მტკივნეულს გახდის, ან ამით ცხოვრება მარტივია. პირიქით, მგონი, რაც დრო გადის, უფრო რთულია.

არ ვიცი, ჩემო კუსანა, ჩემო ქალბატონო, უშენოდ არც ვიცი, რა იქნება, მაგრამ…

მე ფეხზე მხოლოდ იმიტომ შევეცდები დადგომას, რომ ჩვენი სიყვარული კიდევ უფრო მარადიული და წმინდა გახდეს…

დეე, იცი რამდენს საუბრობენ ჩვენზე?! ზოგი კარგს, ზოგიც მამტყუვნებს რაღაცებში, მაგრამ მე და შენ ზუსტად ვიცით ერთმანეთი და სხვა ყველა დანარჩენი დანარჩენია…

მე უშენოდ ისეთი ცარიელი და გამოფიტული ვარ, რომ ახლა ყველაფერი სულ ერთია.

მხოლოდ შენ არ ხარ ჩემთვის სულ ერთი!

დღეს მეორმოცე დღე გათენდება უშენოდ და მე დღეიდან შენზე წარსულში აღარსდროს ვილაპარაკებ და საერთოდ შენს არყოფნას არ ვიგრძნობ. მე დღეიდან შენზე საჯაროდ ძალიან იშვიათად მოვყვები…

მე დღეიდან თავიდან ავიდგამ ფეხს…

ჩემო კუსანა, ძალიან გთხოვ, სადაც ხარ, იქიდან გადამომხედე და გამაძლიერე, ძალა მომეცი, რომ დავდგე ფეხზე და არ შევწყვიტო არსებობისთვის ბრძოლა.

რადგან მართალი შეგხვდე, რადგან არ შემრცხვეს, ჩემო სიცოცხლე!

დედა, ჩემო კუსანა, ჩემო ქალღმერთო, ჩემო ერთადერთო და ყველაზე ძლიერო!

როგორ გავჩერდით მეც, შენც და შენი მებრძოლი გულიც, შენ ხომ ჩემი ცხოვრების მთავარი საყრდენი და ძალა იყავი…

ჩემო კუსანა… ჩემო ქალბატონო…

აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და თუნდაც ამ ჩემს მგლოვიარე პოსტის გამოქვეყნებაზეც ბევრს ვიცინებთ.

ჩემო სიცოცხლე, ახლა შენ და ბებო ერთად ხართ და ფიქრობთ „ბაღანას რა ეშველებაო“… ის ტირის და შენ ამშვიდებ _ მიხედავს თავსო.

ჰოდა, დედა, აუცილებლად გავძლიერდები, ჩემო ფერია ქალბატონო, მხოლოდ ჩვენი სიყვარულის გამო.

დღეს ბოლოჯერ ვწერ ასე მძიმედ შენზე, რადგან მეც აღარ შემიძლია, უკვე გამოვიფიტე და ვიცი, ჩემი ასეთი ნახვა შენთვის უმძიმესია…

ჩემო სიცოცხლე, არასოდეს მიმატოვო, თუნდაც ძალიან შორიდან, ჩემო კუსანა…

უსაშველოდ მენატრები, ჩემო მანათობელო ვარსკვლავო!“ - წერს ლევან ჩერქეზია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„სად იყო ნინუცა 10 წელიო? ნინუცას ძილის დეპრესია ჰქონდა, დგებოდა წყალს დალევდა და ისევ წვებოდა“ - რუსკა მაყაშვილი

„7 თვის ორსული ვარ და არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო ჩემი და ჩვენი პატარას სიცოცხლე...“ - ანიტა რაჭველიშვილი

საქართველოში „სინოფარმის“ 100 000 დოზა ჩამოვიდა