„პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა - Youth GTUC“ სოციალურ ქსელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ექიმი, ვასილ მენთეშაშვილი გარდაიცვალა.
„გარდაიცვალა ექიმი, ვასილ მენთეშაშვილი, რომელიც რუსთავის სამშობიარო სახლს 25-თვიან სახელფასო დავალიანებაზე ედავებოდა.
ბატონი ვასილი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ექიმად, ხოლო ერთი თვის წინ წამოვიდა სამსახურიდან, რადგან ის თვეობით უხელფასო ექიმად მუშაობდა. მას აღსრულებაში ჰქონდა შეტანილი საჩივარი, რომ ამოეღო თავისი კუთვნილი ხელფასი.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სამშობიაროს ადმინისტრაციამ უარი თქვა ამ დავალიანების გასტუმრებაზე, რომელიც ბატონ ვასილს შეატყობინეს. ის ინფარქტით გარდაიცვალა.
„ს.ს. რუსთავის სამშობიარო სახლი“ და მისი ხელმძღვანელი, 100%-იანი წილის მფლობელი, ბატონი ალექსანდრე ბარავკოვი ისევ აგრძელებს დასაქმებულებზე ხელფასების არ გაცემის პოლიტიკას.
მას უკვე დაუგროვდა 1 წელზე მეტი გასაცემი ხელფასები, რაც დასაქმებულებში იწვევს ჩუმ უკმაყოფილებას. ისინი თავიანთ პოზიციას ღიად ვერ გამოხატავენ, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იკვეთება კორუფცია, რადგან ერთი წლის განმავლობაში, სამშობიარო სახლთან რამდენიმე მინი აქცია-პერფორმანსები გაიმართა, რომელსაც სამწუხაროდ შედეგი არ ჰქონდა.
ასევე, ყველას გვახსოვს 2015 წლის ივლისში ბატონი ალექსანდრე დაკავებული იყო ახალდაბადებული ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით.
სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა გააქტიურება არის საჭირო, რათა კომპანიაში მოგვარდეს სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიამ ექიმების როლი უფრო კარგად დაგვანახვა და მათი ასე დაუფასებლობა, თვეების მანძილზე შემოსავლის გარეშე დატოვება და სიკვდილამდე მიყვანა მიუღებელი და დაუშვებელია.
ვიზიარებთ გარდაცვლილი ექიმის ოჯახისა და კოლეგების მწუხარებას და ყველას გთხოვთ, დასაქმებულები და ისინი ვისაც გაქვთ ინფორმაცია კლინიკაში არსებულ პრობლემებზე დაგვიკავშირდეთ და ერთად ვებრძოლოთ ამ უსამართლობას“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ე.წ. კანონიერი ქურდების შვილების „გზას აცდენილი“ პროფესიები - სტილისტი, პოეტი, მომღერალი
🔵„იქნება ბევრად უფრო რთული და ვერაგი, ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - გიორგი ფხაკაძე