ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეხმაურება და წერს, რომ დივერსიული პროპაგანდა მთელი სიმძლავრით ამუშავდა რუსეთის სამეზობლოში.
გურული დივერსიული დარტყმის ორი მიმართულების შესახებ წერს.
„ნუ იქნები დივერსანტის სასარგებლო იდიოტი.
ხვალ, როცა ამერიკაში გათენდება, დიდი ალბათობით პფაიზერის ვაქცინა მიიღებს სრულ ოფიციალურ ლეგიტიმაციას FDA-ს მიერ და საბოლოოდ გაქარწყლდება სულელური, თითიდან გამოწოვილი მთავარი მითი „ნაჩქარევი“ ვაქცინის შესახებ. კოლოსალური რაოდენობით დაგროვილი ემპირიული მასალა საკმარისზე მეტიცაა ამ უაღრესად ეფექტური წამალის იურიდიული აღიარებისათვის.და მაინც, რატომ განიცადა უძლიერესი ამპლიფიკაცია აქამდე სოროებში შეყუჟულმა ანტივაქსერულმა მოძრაობებმა? რა მოხდა განსხვავებული პანდემიის განმავლობაში?
ერთადერთი რამ, საინფორმაციო დივერსიაზე აწყობილმა ჰიბრიდულმა ომმა აპოთეოზს მიაღწია და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა მსოფლიოს პროგრესულ გონს.
როდესაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევაზე საუბრობდნენ, პროფესიონალები შეთანხმდნენ მარტივ ჭეშმარიტებაზე; რუსეთს არ ჰქონდა ფიზიკური შესაძლებლობა, არჩევნების უშუალო შედეგებზე მანიპულაცია მოეხდინა. ფსბ-ს დივერსიულმა ძალებმა უბრალოდ ილუზია შექმნეს ჩარევის, დანარჩენი კი თავად საზოგადოების აღგზნებულმა სექტორმა დაასრულა. დივერსანტების ამოცანა საფუძვლიანი ეჭვის შექმნა იყო, მეტი არაფერი.
ზუსტად ანალოგიური პრინციპებით ამუშავდა რუსული და ჩინური დაზვერვა პანდემიის დასაწყისში. ფორსირებულად ამოქმედებულ ამერიკულ-ევროპულ ინტელექტუალურ კორპორაციას სასწრაფოდ დაუპირისპირდა ფსევდომეცნიერული ინფორმაციით გაძეძგილი ტროლ-საიტები.
განსაკუთრებული სიმძლავრით დაუპირისპირდნენ ვაქცინებს, რადგან ყველამ იცის, რომ ვაქცინები და ვაქცინაცია წარმოადგენს პანდემიის შეჩერებისა და სიკვდილიანობის მკვეთრად დაქვეითების ერთადერთ საშუალებას.
ცხადია, ეს დივერსიული პროპაგანდა მთელი სიმძლავრით ამუშავდა რუსეთის სამეზობლოში, სადაც ფსბ-ს წარმატებით აქვს ინფილტრირებული ყოფილ საბჭოთა სატელიტთა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურები.
დივერსიის შედეგები განსაკუთრებით საგრძნობი გახდა საქართველოში, სადაც დასავლური ზეგავლენა ისედაც სერიოზული დარტყმის ქვეშ იმყოფება და სადაც ადგილობრივი სპეცსამსახურები რუსეთის სრული კონტროლის ქვეშ არიან მოქცეულები. საქმეში ეფექტურად ჩაება რუსული აგენტურის ყველაზე მძლავრი და გავლენიანი ქსელი, (იცით რომელიც). დაიწყო მოსახლეობის მასობრივი ფსიქოლოგიური დამუშავება.
დივერსანტებმა ისევ სწორად გათვალეს. მათ საწყისი ტალღა ააგორეს და ამ ტალღის ამპლიფიკაციაში მერე მოხალისეები ჩაებნენ სასარგებლო (და უსარგებლო) იდიოტების ბატალიონებით. დაიწყო დაუსრულებელი კამათი ვაქცინის შესაძლო მავნე ეფექტებზე, სტატისტიკური მონაცემებით გაუთავებელი ჟონგლიორობა, ფსევდომეცნიერული წიაღსვლები მიკრობიოლოგიასა და ვიროლოგია-გენეტიკაში და რაც ყველაზე კომიკურია, ადამიანის უფლებების სფეროში ფსევდო-იურიდიულ-ფილოსოფიური თეორიები.
დივერსიული დარტყმა ორი მიმართულებით გაიშალა:
1. „კოვიდი არ არსებობს!“ „კოვიდი არც ისე საშიშია“, „კოვიდით დაღუპულთა რიცხვს აზვიადებენ“.
2. „ვაქცინა მიხლაფორთებულია“; „ვაქცინა კლავს“; „ვაქცინაში ჩიპები“; „ვაქცინა გენეტიკას ცვლის“; „ვაქცინა მაინც არ იცავს“.
დივერსანტებმა და სასარგებლო იდიოტების რაზმებმა ამოცანას ბრწყინვალედ გაართვეს თავი. სრულიად აბსურდული და უაზრო გახადეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები, რომლებიც საბოლოოდ უთავბოლო გადაწყვეტილებებით დასრულდა და პარალელურად სრულიად ჩაშალეს ვაქცინაციის პროცესი, რადგან საზოგადოების მხოლოდ უმცირესი სპექტრი მოითხოვდა სახელმწიფოსაგან ვაქცინაციის პროცესის ფორსირებულად წარმართვას.
ცხადია, დივერსანტებს უფასო ბონუსად ერგო აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური სისტემა და სამთავრობო მარიონეტები.
შედეგად უკვე მივიღეთ ადამიანთა დიდი მსხვერპლი, და დაღუპულთა სტატისტიკა ჯერჯერობით ისევ აღმავალ მრუდზეა. დივერსიული გზავნილი ახლა ბრალეულობის გადატანას ჯანდაცვის სრულიად გაუმართავ, უსუსურ სისტემაზე ცდილობს, რომელიც მისმა მესვეურებმა და ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა პრაქტიკულად შიშველი დატოვა მომაკვდინებელი პანდემიის წინააღმდეგ.
ცხადია, ეს არის პანიკის შექმნის ყველაზე ეფექტური გზა. დაარტყეს ექიმებს.
მშვენიერია. ექიმების კვალიფიკაციაზე და კლინიკების მდგომარეობაზე არსებული მთავრობა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ეს პრობლემა წარსულიდან მოდის.
ცხადია, ამ მესიჯის გავრცელებაშიც აქტიურად ჩაებნენ სასარგებლო იდიოტები...
ეს არის მოკლედ მსოფლიო მასშტაბის დივერსიის მოკლე ანატომია, რომელმაც თავისი სპეციფიკური ინტერპრეტაციები საქართველოშიც განავრცო.
დაფიქრდით. გაიაზრეთ. თუ ამას შეძლებთ, მარტივად მიხვდებით, რომ ამ დივერსიის ყველა განშტოება ერთნაირად საშიშია, რადგან ლოგიკურ ჯაჭვად არის აწყობილი უმართავი ქაოსის შესაქმნელად" - წერს გურული.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵უნდა გაწმინდოს თუ არა საწოვარა დედამ თავისი ნერწყვით?
🔵„არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, მაღალი რისკია“ - ექიმი სოფო ბერიძე