Digest Logo

გიორგი გაბუნიას დედა, ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა

1609057228
გაბუ და ჯულიეტა

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„გაბუს და ქართული ჟურნალისტიკის დედის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების ამბავი ძალიან სევდიანია. თითქოს ჩვენი ბავშვობის და ჟურნალისტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა. ჩვენი პროფესიის ისტორიაში უკვდავ პერსონად დარჩება ქალბატონი ჯულიეტა“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ჯულიეტა ვაშაყმაძე 1933 წლის 14 აგვისტოს დაიბადა. საშუალო განათლება თბილისის პირველ ქალთა სკოლაში მიიღო, რომელიც 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1958 წელს, როცა იგი ბოლო კურსზე იყო, ბატონ სერგო ზაქარიაძის რჩევით საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა და 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძე იწყებს მუშაობას ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.