დღეს 80 წლის ასაკში არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას იოანე მჭედლიშვილი აქვეყნებს და ადამიანებს, რომლებმაც გარდაცვლილი სასულიერო პირის შესახებ არაფერი იცოდნენ ერთ ისტორიას უზიარებს, რომელიც მის პიროვნებაზე მოქალაქეებს შთაბეჭდილებას შეუქმნის.
„გარდაიცვალა არქიმანდრიტი იოაკიმე (ასათიანი). საოცარი ისტორიის მქონე ღრმად სულიერი ადამიანი...
სავანესა მართალთასა დააწესოს ღმერთმა მისი უკვდავი სული. ამინ“, - წერს იოანე მჭედლიშვილი.
ასე მიულოცა უწმინდესმა არქიმანდრიტს დაბადების დღე:
„მინდა გიამბოთ ერთი ადამიანის თავდადებულ ცხოვრებაზე. ეს ადამიანი გახლავთ ჩვენი მამა იოაკიმე (ასათიანი), რომელსაც სულ ახლახან 80 წელი მეუსრულდა. მე მამა იოაკიმეს სოხუმიდან, აფხაზეთიდან ვიცნობ და მუდამ მაკვირვებდა მისი თავდადებული მოღვაწეობა. მოგეხსენებათ, რა რთული პერიოდი იყო და ამ დროს ჩვენ ვცდილობდით ეკლესიები გაგვეხსნა, აგვემოქმედებინა ... კერძოდ, ბედიის მონასტერი და სხვები. ამის გამო მამა იოაკიმე დააპატიმრეს კიდეც; ბევრი აწვალეს და მრავალი განსაცდელი შეამთხვიეს; მაგრამ, მადლობა ღმერთს, მამა იოაკიმე დღესაც ეხმარება ხალხს, ეხმარება ეკლესიას, ეხმარება საპატრიარქოს. 80 წლისაა იგი და თითქმის მთელი 80 წელი გრძელდება მისი მოღვაწეობა ეკლესიის კეთილდღეობისათვის. დღეს მინდა აღვნიშნო მისი ღვაწლი და მას საჩუქრად მივართვა ვერცხლის თასი. ღმერთმა დალოცოს მამა იოაკიმე და ღმერთმა მისცეს მას კიდევ მრავალი წელი მომავალი მოღვაწეობისათვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაიხაროთ. თქვენ კიდევ ბევრ სიკეთეს გააკეთებთ საქართველოსთვის.
საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ადამიანს, რომელიც სხვებისთვის ცხოვრობს, ღმერთი აძლევს დღეგრძელობასა და განსაკუთრებულ ძალას.
უწმიდესის და უნეტარესის მილოცვა, მამა იოაკიმეს 80 წლის იუბილეზე.“